ნუნუ ბებოს თოჯინები - კვირის პალიტრა

ნუნუ ბებოს თოჯინები

"საღამოობით, როცა მუხლს დავასვენებ, თოჯინებს მაშინ ვკერავ. ამ დროს აღარაფერი მახსოვს, სულ ის მინდა, როგორმე სული ჩავუდგა და როცა დავამთავრებ, ცოცხალივით "შემომხედოს"... მგონი, გამომდის"

ჩემი მეუღლე, 54 წელია, გვერდით მყავს. ჯვარი ცოტა ხნის წინ დავიწერეთ... ყველა ისე გვილოცავდა, თითქოს ახლა დავქორწინდით... არ გვინდოდა იმ ქვეყნად ჯვარდაუწერელი წავსულიყავით, მაგრამ თავს ვერ ვაბამდით. ჩემმა შვილიშვილმა ლუკამ დაიჟინა, - მაგ საქმეს მე მივხედავო. ორ დღეში მოაწყო ყველაფერი... მერე ინტერნეტში ჩვენი სურათები დადო, ჯვრისწერის ფოტოებს 10 000 მოწონება ჰქონია... მეც მირეკავდნენ და მილოცავდნენ...

ნუნუ ბებო თელავში ცხოვრობს. ის და მისი ტყუპისცალი და, ნელი, 80 წლის წინ ზესტაფონში, სოფელ ლახუნდარაში დაიბადნენ. დიდი და ლამაზი ეზო ჰქონდათ სათამაშოდ, მაგრამ მათ ბედნიერებას რაღაც აკლდა, - თოჯინები ენატრებოდათ. ჰოდა, ერთ დღეს ნუნუ ყანაში გავარდა და სიმინდს ღერო მოაჭრა. მერე ამ ღეროს თეთრ, ღრუბელივით გულში ჯერ ბოლოდან შეარჭო ჯოხი, მერე გვერდებშიც აქეთ-იქით გაუყარა, თავის ადგილიც დანით ამოჭრა, ღეროში ნახშირით თვალები და ცხვირი ჩაამაგრა და თოჯინაც მზად იყო. ტყუპისცალმა დამ - ამას კაბაც უნდაო, გაიქცნენ და ბებოს მუთაქიდან ჭრელაჭრულა ნაჭრები ამოქექეს და ჩალის ღეროს შემოახვიეს. ეს დების პირველი თოჯინა იყო.

მერე და მერე ნაჭრის ლამაზ-ლამაზი თოჯინების კერვაც დაიწყო. ერთ დღეს ბავშვობა დამთავრდა და თოჯინებიც წარსულში დარჩა... გოგონები დაიზარდნენ და დათხოვდნენ, ნუნუ შვილებს ზრდიდა, ოჯახს უვლიდა და სამსახურში დადიოდა. მერე კი, როცა მისი შვილიშვილი გაჩნდა, თოჯინები წარსულიდან დაბრუნდნენ...

- თოჯინების სიყვარულს რა დამავიწყებდა, ჯერ მე გამილამაზეს ბავშვობა, მერე ჩემს შვილიშვილს - ცოტა რომ წამოიზარდა, თოჯინა შევუკერე, აი, ამით ვთამაშობდი შენხელა-მეთქი. სხვათა შორის, ისიც რთულ დროში დაიბადა, 28 წლის წინ. მაშინ ცხოვრება საშინლად ჭირდა... ახლა სხვებიც მეუბნებიან, ჩვენი შვილები შენს თოჯინებს საწოლში იწვენენო და გულს უხარია. ძვირადაც არ ვყიდი, - თელავის მაღაზიებში ხუთიოდ ლარი ღირს...

საღამოობით, როცა მუხლს დავასვენებ, თოჯინებს მაშინ ვკერავ. ამ დროს აღარაფერი მახსოვს, სულ ის მინდა, როგორმე სული ჩავუდგა და როცა დავამთავრებ, ცოცხალივით "შემომხედოს"...

ცხოვრება ხან ლხინია, ხან სევდა, მაგრამ სიცოცხლე ტკბილია და სანამ ცოცხალი ხარ, სიყვარული არ უნდა მოაკლო გვერდით მდგომთ. როცა თოჯინებს ვკერავ, ვფიქრობ, - აბა, ამას რა ჩავაცვა, რით გამოვაწყო, რომ უფრო გავალამაზო-მეთქი და ამ დროს ჩემს ნაკუწებში ისეთი ფერის ქსოვილს აღმოვაჩენ, გული სიხარულით მევსება - ამას რომ ჩავაცმევ, მართლა დედოფლად იქცევა-მეთქი. უკეთესი რა უნდა გავაკეთო - სიცოცხლესაც ვილამაზებ და ჩემი შემოსავალიც მაქვს. სხვას რატომ ვთხოვო რამე? პირიქით, ხელს მიწყობენ, განსაკუთრებით - ჩემი მეუღლე, 54 წელია, გვერდით მყავს. ჯვარი ცოტა ხნის წინ დავიწერეთ, ყველა ისე გვილოცავდა, თითქოს ახლა დავქორწინდით... არ გვინდოდა იმ ქვეყნად ჯვარდაუწერელი წავსულიყავით, მაგრამ თავს ვერ ვაბამდით. ჩემმა შვილიშვილმა ლუკამ დაიჟინა, მაგ საქმეს მე მივხედავო. ორ დღეში მოაწყო ყველაფერი... მერე ინტერნეტში ჩვენი სურათები დადო, ჯვრისწერის ფოტოებს 10 000 მოწონება ჰქონია. მეც მირეკავდნენ და მილოცავდნენ... მოძღვარს, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, ჩემი თოჯინა ვაჩუქე. იმ ღამეს სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა ხომ არ დაავიწყდა შინ წაღება, მარტო არ დარჩეს, ცოდოა-მეთქი. მაგრამ არ დავიწყებია. მითხრა, - ჩემმა გოგონამ შენი თოჯინა ლოგინში ჩაიწვინაო. ამაზე კარგი რა უნდა იყოს!..

ნუნუ ბებომ იმ თვალებით შემომხედა, რომელშიც ახლაც ჭინკები დახტიან და მის თოჯინებს უღიმიან. თოჯინებიც იღიმიან. როცა ამდენი ღიმილია, გიხარია. ძალიან მინდა, ამ სიხარულით ეს საოცარი ბებო კიდევ დიდხანს ალამაზებდეს სამყაროს...

ეთერ ერაძე