"ვინც ხშირად არღვევს, მათ ეშინოდეთ!"
15-05-2017
"ვინც ხშირად არღვევს, მათ ეშინოდეთ!"
"თუ ბავშვების სწორად აღზრდისა და ავტოსკოლების საკითხს არ მოვაწესრიგებთ, პოტენციურ მკვლელებს გავზრდით"

რას მოუტანს ქართულ გზებს ივლისიდან ასამოქმედებელი­ მართვის მოწმობის 100-ქულიანი­ სისტემა და ე.წ. უკონტაქტო პატ­რულირება, ასევე, დაანონსებული სავალდებულო ტექდათვალიერება, "ჭკვიანი" კამერები და რაც მთავარია, როდის დაეტყობათ "ევროპელობა" ქართველ მძღოლებს? - ამ თემებზე საავტომობილო სპორტის­ ფედერაც­იის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გვესაუბრება:

- უკვე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, რამდენად ეფექტიანი იქნება ქულათა სისტემა და "უკონტაქტო პატრულირება". ვფიქრობ, შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ახალი სისტემა
გათვლილია სისტემატურად დამრღვევ მძღოლებზე, რომლებიც უპრობლემოდ იხდიან ჯარიმას და კანონდარღვევას აგრძელებენ. განსაკუთრებულად ლოიალური არც ამჟამინდელი კანონია, მაგრამ მთავარი პრობლემა აღსრულებაში გვაქვს. არადა,­ თუ კანონი არ აღსრულდება,­ რა მნიშვნელობა აქვს სიმკა­ცრეს, ლოიალურობას ან ახალ მუხლებს?! შსს დაგვპ­ირდა, რომ საპატრულო პოლიციაც გააქტიურდება, ყველა დამრღვევი დაისჯება და კანონი
ფურცელზე დაწერილ წესებად არ დარჩება.

- ამას ახალმა ტექნოლოგიებმაც უნდა შეუწყოს ხელი...

- შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს უახლესი კამერები, რომლებიც აფიქსირებს დარღვევას, ახდენს­ იდენტიფიცირებას და ა.შ. ასე რომ, დამრღვევი მძღოლი ვეღარ დაიწყებს მტკიცებას, რომ დამნაშავე არ არის.

- ქართველებისთვის ხომ მხოლოდ "შიში შეიქმს სიყვარულსა", წესების დაცვას მხოლოდ ეს თუ გვაიძულებს.

- დაგეგმილმა სიახლეებმა პანიკაც კი გამოიწვია, რა გვეშველებაო?! არადა, ვინც ხშირად არღვევს, მათ ეშინოდეთ, თორემ თუ წესების დაცვით მართავ, რისი გეშინია?! დროდადრო ნებისმიერ მძღოლს "შემოერღვევა" ხოლმე წესები, ზოგჯერ გვერდით მყოფი ავტომანქანის მანევრის გამო იძულებული ხდები, უწყვეტი ზოლი გადაკვეთო, მაგრამ თუ ამას სისტემატური ხასიათი არა აქვს,
წლის განმავლობაში ჯარიმა ვერაფრით გადააჭარბებს 1000 ლარს და შესაბამისად, ვერც ქულებს ამოწურავ. 100 საჯარიმო ქულას მხოლოდ უხეშად, სისტემატურად დამრღვევი მოაგროვებს!

- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამით გათვალისწინებული რომელი სიახლე მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?

- როგორც იქნა, ყურადღება მიექცა საკითხებს, რაზეც სულ ვლაპარაკობდი - მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გადატანა და ავტოსკოლები. დღეს განათლების სამინისტრო ავტომანქანის მართვის მასწავლებლის ლიცენზიას არ გასცემს. შესაბამისად, ნებისმიერს შეუძლია, დაიბრალოს, რომ მართვის მასწავლებელია, ანუ ასწავლის "საგანს", რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.

დღეს ვიმკით იმას, რაც წლების განმავლობაში დავთესეთ. ასწავ­ლიან ისეთი "მასწავლებლები", რომლებსაც არც სერტიფიკატი აქვთ და არც ცოდნა! მართვას კი არ ასწავლიან, კოდირებულად აზეპი­რებინებენ ბილეთებსა და წესებს გამოცდის ჩასაბარებლად.
ქალაქში მოძრაობა კი არა, მართვის მოწმობის აღების შემდეგ უმეტესობა რუსთავიდან თბილისამდეც კი ვერ ჩამოდის დაუხმარებლად, რადგან მართვა არ იციან. თავი უკვე მძღოლები ჰგონიათ - გამოცდა ხომ ჩააბარეს?! სინამდვილეში, ასეთი "მძღოლები" საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავსაც და სხვებსაც. საბედნიეროდ, აქტიურად მიდის მუშაობა, რათა გამოცდა არა სპეციალურ სივრცეში, არამედ ქუჩებში ჩატარდეს. დაწყებულია მუშაობა სკოლების ლიცენზირებისა და მასწავლებლების სერტიფიცირების საკითხზეც - მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა და როგორ ასწავლოს!

- "ჭკვიანი" კამერებისგან რას უნდა ველოდოთ?

- ახალი სისტემების დანერგვა და სატე­სტო რეჟიმში მათი მუშაობა კარგა ხანია მიმდინარეობს.
სანამ პერსონალი შეეჩვევა ახალ ტექნიკას, შესაძლოა, მცირე ხარვეზები­ იყოს, მაგრამ მთლიანობაში ეს ინოვაციაც ეფექტიანი იქნება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტომანქანა­ არ არის გაფორმებული იმ პირზე, ვინც მას მართავს და სამართლიანობა რომ არ დარღვეულიყო, გადაწყდა, ვიდეოკამერ­ების დაფიქსირებულმა­ დარღვევებმა ქულათა სი­სტემაზე არ იმოქმედოს.

იშვიათად ნახავთ ქართველს, საზღვარგარეთ რომ გაბედოს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რადგან იცის, რომ იქ ბევრი საშუალება არსებობს დარღვევის დასაფიქსირებლად. საქართველოში კი არაფერს ერიდებიან და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგ­ორიც საქართველოა, ავტოსაგზაო შემთხვევებში წელიწადში 600 კაცის­ დაღუპვა კატასტროფაა!

- სიჩქარის გადაჭარბებასთან ერთად, ავარ­იების მიზეზი გაუმართავი ავტომანქანებიც­ არის. ემხრობით ტექდათვალიერების აღდგენას?

- ჩვენს გემოზე სიარულიც გვინდა­ და ისიც, რომ ოჯახის წევრები და ახლ­ობლები უსაფრთხოდ გვყავდეს, ის კი გვავიწყდება, რომ ამისთვის კანონის დაცვაა აუცილებელი. წესი რომ გეუბნება, ზოლი არ გადაკვეთოო, ესე იგი, არ უნდა გადაკვეთო! და როცა არ დაემორჩ­ილები, ისიც უნდა იცოდე, რომ მხოლ­ოდ საფრთხეს კი არ შექმნი, პასუხსაც მოგთხოვენ.

- ითქვა, რომ ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. რას ფიქრობთ, ეს ვალდებულება კორუფციას ხომ არ შეუწყობს ხელს? მით უმეტეს, რომ არც ისე ბევრია სპეციალიზებული სერვისცენტრი.

- კარგი კითხვაა. ჯერ კიდევ გრძ­ე­­ლდება მსჯელობა, როგორი სისტემა ავირჩიოთ. მაგალითად, ევროპის ქვეყნებიცა და აშშ-იც ინდივიდუალურად, იქ არსებული მოთხოვნების მიხედვით უდგებიან ამ საკითხს. ტენდენცია კი ორნაირია: მთელ ქვეყანას ან ერთი კომპანია ემსახურება ფილიალების მეშვეობით, ან რამდენიმე. ერთი კომპანიის არსებობა­ კონკურენციასა და კორუფციას გამორიცხავს - როცა ტექდათვალიერებას რამდენიმე ფირმა ატარებს, ავტომფლობელების უმეტესობა იმ სერვისცენტრს კი არ მიმართავს, სადაც ავტომობილს ყველაზე ხარისხიანად და გულდასმით შეამოწმებენ, არამედ წავა იქ, სადაც შედარებით მსუბუქად შეამოწმებენ. შესაძლოა, ამისთვის დამატებითი თანხა არც გამოართვან, მაგრამ არც საფუძვლიანად დაათვალიერებენ. სერვისის მფლობელს რა ენაღვლება? - ბევრ ავტომანქანას მოემსახურა, ყველა "გაატარა" და ფულიც­ ბევრი იშოვა... ასე რომ, ორი ვარიანტია, გადაწყვეტილება კი ჯერ არ არის მიღებული.

- ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდება საწვავის ხარისხიც. თუმცა ეს ფასების ზრდასაც გულისხმობს, რაც მძღოლების უმეტესობისთვის მტკივნეული საკითხია.

- საწვავის გაძვირება­ ისევ მძღოლების ჯიბეს და­ეტ­ყობა. ამიტომაც, როცა ავტომფლობელს ვთხოვთ, მისი ავტომანქანა ნორმაზე მეტად არ აბინძურებდეს გარ­ემოს, საწვავის შემომტანებსაც მოვთხოვოთ შესაბამისი ხარისხის საწვავი. იმპორტიორები დღესაც ამბობენ, რომ სათანადო ხარისხისა შემოაქვთ. თუ მართლაც ასეა და აქამდეც ხარისხიანი საწვავი შემოჰქონდათ, არც ფასმა უნდა მოიმატოს.

- კარგია უვიზოდ გამგზავრება ევროპაში, მაგრამ... ქართველ მძღოლებს როდის დაეტყობათ "ევროპელობა"?

- ამისთვის წლები იქნება საჭირო, შესაძლოა, ათწლეულებიც კი... 2003 წლიდან ვამბობთ, რომ თუ ადრეული ასაკიდან არ დავიწყებთ ბავშვების ინფორმირებას, სწორად აღზრდასა და ავტოსკოლების საკითხს არ მოვაწესრიგებთ, პოტენციურ მკვლელებს გავზრდით. ვიმკით კიდეც ამის შედეგს, და თუ ასე გაგრძელდა, მომავალში კიდევ უფრო უარესი ვითარება იქნება. 8-10 წელი მაინც დაგვჭირდება, ამ საკითხში ევროპელებს რომ დავემსგავსოთ, სწორად გაზრდილი თაობა რომ წამოვიდეს. უფროსების "გადაკეთება" კი რთული საქმეა.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით