"ჩვენი მტრები კრემლი და იქ მობინადრენი არიან"
26-05-2017
"ჩვენი მტრები კრემლი და იქ მობინადრენი არიან"
"აგვისტოს 5 დღის" გადაღებისას კიბეზე ვზივარ დაღლილი და უცბად რუპერტ ფრენდი მოდის ვიღაც გოგოსთან ერთად - ფოტოს გადაღება გვინდა თქვენთანო. ამ გოგომ თავი ჩამომადო მხარზე, ჩააჩხაკუნეს­, მაკოცეს და გაიქცნენ. რენი ჰარლინი მიყურებს და იცინის - დარწმუნებული ვარ, არც იცი, ახლა შენ გვერდით ვინ იჯდაო. ვინ-მეთქი? კირა ნაითლიო..."

სადარბაზოს შესასვლელიდან დავურეკე და მიშა გომიაშვილმა აივნიდან გამაგონა. სახლში შესულს ისეთი შეგრძნება მქონდა,­ თითქოს ძალიან ახლობელთან მოვედი, შინაურულად მოვკალათდი სავარძელში და ლაპარაკში გართულებს
ისე ჩამოგვიბნელდა, ვერც გავიგეთ.

მიშა გომიაშვილი: -
კინოს ჩემთვის ორი პლუსი აქვს - პოპულარობა და შემოსავალი. \თეატრში ბევრი მთავარი როლი მქონდა ნათამაშები და ბევრი ჯილდოც მიღებული, მაგრამ დავიწყეთ თუ არა სერიალ "ყავა და ლუდის" გადაღება, საღამოს პირველი სერია გავიდა და დილას მთელი ქალაქი მცნობდა. გარდა
ამისა, რაც თეატრში თვეში მაქვს ხელფასი, კინოში ორი იმდენი ანაზღაურება მაქვს დღეში.

- და მაინც ამბობთ, თეატრი კაიფია, კინო კი - პოპულარობაო.

- იყო პერიოდი, როდესაც კვირაში მინიმუმ ხუთ სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობდი, ახლა მხოლოდ "Art-ხელოვნებაში" ვთამაშობ, ზურა ყიფშიძესა და ალეკო მახარობლიშვილთან ერთად. მე-18 სეზონია და მაინც ორი დღით ადრე ბილეთი აღარ არის. ბევრი ფილმია, რომლების ჩვენების შემდეგ თავჩაღუნული ვიჯექი და თავის აწევა არ მინდოდა. კინოში ვეღარაფერს შეცვლი, თეატრში კი ერთი სპექტაკლი მეორეს არ ჰგავს. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო დროს ბევრჯერ დავფიქრებულვარ თეატრიდან წამოსვლაზე.

- რატომ?

- ისეთი დირექტორი გვყავს, უნდა ინა­ტრო. ყველაფერს აკეთებს, რომ მსახიობმა კარგად იგრძნოს თავი, მაგრამ თეატრში კი არა, თუ ვიგრძენი, სახლში არ ვარ საჭირო, იმ სახლიდან მივდივარ.

- გინდათ, თქვათ, რომ თეატრში არ ხართ საჭირო?!

- თუ ასე არ არის, მაშინ ვერ ვხვდები, რა ხდება. 1999 წლის შემდეგ პრემიერა არ მქონია. ერთადერთი "საწვავი" დავდგით სარდაფში და ხუთი წარმოდგენის შემდეგ ჩემი თხოვნით მოიხსნა. ერთგული ადამიანი ვარ მეგობრობაში, საქმეში, არასდროს სხვა თეატრში არ წავსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ახლაც მაქვს. ვგიჟდები ჩემს თეატრზე, მაგრამ ნელ-ნელა მიცივდება გული.

- "უღალატო ადამიანი ვარო", ამბობთ, მაგრამ... "გუგლმა" რამდენიმე სტატია ამომიგდო­ სათაურით: "გომიაშვილმა მეცხრედ იქორწინა".

- ვისთან ერთადაც რაღაც­ პერიოდი ვიცხოვრე, ყველას ცოლი დავარქვით, ან - მე, ან - ჟურნალისტებმა. ოფიციალურად­ ქეთია ჩემი მესამე მეუღლე, მასთან ახლა მესამედ დავიწერე ჯვარი. ორი შვილი მყავს:­ ნატუკა, რომელიც მალე ბაბუას გამხდის და 17 წლის აჩიკო. რაც შეეხება მეცხრე ქო­რწინებას, ჯვარი მხოლოდ ქეთ­ისთან და აჩიკოსა და ნატუკას დედებთან მაქვს დაწერილი. ღალატია, როცა გყავს ცოლი, მიდიხარ სხვასთან და ღამით ცოლთან იძინებ. მე ჯერ ვწყვეტდი ურთიერთობას და მერე ან მარტო ვიყავი, ან სხვასთან ვაბამდი ურთიერთობას. ამდენი ქალბატონი იყო ჩემს ცხოვრებაში და ერთის გარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს... ახლა აჩიკოს უნდა ძალიან მსახიობობა­... მამაჩემი არჩილ მიხეილის ძე იყო, მე - მიხეილ არჩილის ძე, ჩემი შვილიც არჩილ მიხეილის ძეა. უფროსმა არჩილ მიხეილის ძემ სამსახიობო კარიერა მე გადმომილოცა, თვითონ კი ბიზნესმენი გახდა და იქაც მაესტრო იყო. "მარადი ქმარი" არის სპექტაკლი, რო­მლითაც მამაჩემმა მიმიღო, როგორც მსახიობი. მანამდე არ მთვლიდა არტისტად.­ სულ უნდოდა ჩემი ბიზნესში ჩათრევა. "მარადი ქმრის" პრემიერის შემდეგ მითხრა, - შენია, აკეთე ეს საქმე, ხმას არ ამოვიღებო.

- კაზინოებთან თქვენც ურთიერთობთ?

- იქ მოსაგებად არასდროს შევსულვარ. გასართობად თუ შეხვალ, თორემ არ არსებობს ადამიანი, კაზინოში მოგებული დარჩეს. არც იმდენი ფული მქონია და არც ისე დამიკარგავს ჭკუა, რომ ვალები ამეღო­ კაზინოს გამო. წინააღმდეგი ვარ ინტერნეტთამაშების, სადაც არასრულწლოვნები ებმებიან. ვიცი ოჯახები, რომლებიც განადგურებული არიან ამის გამო. აიღებენ მამის ან უფროსი ძმის პასპორტს, იმით გაფორმდებიან, რომ თამაშის ნებართვა მიიღონ და მერე ზოგი სახლს კარგავს, ზოგიც - თავს. ამ უმსგავსობას რაღაცა უნდა ეშველოს!

- "ერთხელ მამაჩემმა მითხრა: მიშა, შენ თუ ყველას უთხარი, რასაც მათზე ფიქრობ, შეიძლება მთელი მსოფლიო გადაიმტეროო" - ეს ფრაზა თქვენი მონათხრობიდან მახსოვს.

- არც მთლად ხულიგანი­ ვიყავი, მაგრამ არც "დედიკოს ბიჭი". დედაჩემს უნდოდა, თეატრალურში­ ჩამებარებინა. ბიძაჩემი რესპუბლიკის სის­ხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და - მოაცილე აქედანო, მამაჩემს უთხრა. მამაჩემმაც წამიყვანა მოსკოვში. მითხრა, დამიჯექი მანქანაში, ჩემთან ერთად იარე და უყურე, როგორი ურთიერთობა მაქვს ხალხთან, როგორ ვექცევი მანდილოსნებს, როგორი ვარ კონფლიქტის დროს... მერე თვითონ აირჩიე, რომელი გზა მოგწონს და იმ გზას დაადექიო. დღეს მე, როგორც კაცმა, თუ რამე ვიცი, ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა. პატიოსნება, კეთილშობილება თუ გამაჩნია - დედისგან მერგო.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლების შვილი­ ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს, ასეთი შვილების მამა ვარ, ის პროფესია მაქვს, რომელიც მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ გარეთ გასულს უამრავი მოსიყვარულე თვალი მიყურებს.

- კარიერის განმავლობაში ბევრ ცნობილ­ მსახიობთან ერთად მოგიხდათ მუშაობა...

- "აგვისტოს 5 დღის" გადაღებისას აფეთქების სცენებს ვიღებდით. კიბეზე ვზივარ დაღლილი და უცბად რუპერტ ფრენდი მოდის ვიღაც გოგოსთან ერთად - სურათის გადაღება გვინდა თქვენთანო. ამ გოგომ თავი ჩამომადო მხარზე, ჩააჩხაკუნეს­ რამდენიმე კადრი, მაკოცეს და გაიქცნენ. რენი ჰარლინი მიყურებს და იცინის - დარწმუნებული ვარ, არც იცი, ახლა შენ გვერდით ვინ იჯდაო. ვინ-მეთქი? კირა ნაითლიო.

- ამ გადაღებების მერე ენდი გარსიამ აღნიშნა: "ჩემს ცხოვრებაში ორი შთამბეჭდავი ეპიზოდი მაქვს ნანახი კინოში. ერთი, როდესაც ალ პაჩინოს გმირს "ნათლიის" მესამე სერიაში­ შვილს უკლავენ და მეორე, როდესაც ფილმში "აგვისტოს 5 დღე" მიშა გომიაშვილის პერსონაჟს შვილი უკვდება"...

- ძალიან სასიამოვნოა ასეთი მსახიობის ასეთი შეფასება, მაგრამ ვცდილობ, მალე დამავიწყდეს ეს გამონათქვამები... ყველაფერი თუ დავიჯერე, შეიძლება თავში ამივარდეს. თუმცა რაღა დროს ჩემი თავში ავარდნაა...

- ფილმზე ჩამოვარდა სიტყვა და "მძევლებზეც" გკითხავთ. თქვენ ამ ფილმში ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ასახიერებთ.

- რეზო გიგინეიშვილი ჯერ მხოლოდ 35 წლისაა და ძალიან სერიოზული რეჟისორია. ისე ზუსტად და გასაგებად გიხსნის ამოცანას, შეკითხვა აღარ გიჩნდება... 40-ზე მეტ ფილმში მითამაშია, თან - ძალიან კარგ რეჟისორებთან, მაგრამ რეზომ გამაოცა. რაც შეეხება ახალგაზრდა მსახიობებს, არ ვიცოდი, თუ ასეთი ძლიერი თაობა მოდიოდა. იცით, რა მაგრები არიან?
გადაღების დროს ნათელა მაჭავარიანი სულ ჩვენ გვერდით იყო. ფილ­მის"პრემიერის შემდეგ ყველა რესტორანში წავედით. ქალბატონი ნათელა ჩვენთან ერთად იჯდა და რომ მიდიოდა, იცით, რა მითხრა? ამდენი წელი ეს ყველაფერი ლოდად მედო გულზე. თქვენ ეს ლოდი მომხსენით, გავთავისუფლდიო. ამაზე დიდი შეფასება მე ვერ წარმომიდგენია...

- მალე გამოვა ფილმი "მტრები"...

- გია ღაჭავამ გადაიღო, რომლის სახითაც ძმაკაცი შევიძინე. ფილმში მე მოხუცებულ ოსს ვთამაშობ, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს თავისი სახლის სარდაფში იმალება. გაწმენდითი ოპერაციის დროს ამ სარდაფში აღმოჩნდება ქართველი ჯარისკაცი. ფილმი ამ ორი ადამიანის ურთიე­რთობაზეა აგებული - როგორ თბება ურთიერთობა ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს შორის. ბოლოს, როგორც მამა-შვილი, ისე შორდ­ებიან ერთმანეთს. ხელოვანებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა ოსებთანაც, აფხაზებთანაც.

- რუსეთთან ურთიერთობაზე რას მეტყვით?

- მე ორი და მყავს, ნახევრად რუსები არიან. ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში. რა გგონიათ, პუტინი ყველას გულზე ეხატება?! უბედურება, იცით, რა არის? ძალიან ბევრი ზღვარს ვერ ავლებს რუს ადამიანსა და კრემლს შორის. ჩვენი მტრები კრემლი და იქ მობინადრენი არიან.

- ევროპასთან კავშირს როგორ ხვდებით?

- ბევრი კარგი აქვთ, ბევრი - ჩვენთვის მიუღებელი.

- ფეთქებადი ხართ?

- ერთი პატარა ნაპერწკალი მჭირდება, რომ ავენთო. ერთ ინტერვიუში მკითხეს, ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ, თუ ჯერ ფიქრობ და მერე აკეთებო. მე ჯერ ვაკეთებ და მერე ვფიქრობ...

- ბევრი თქვენი კოლეგა გახდა პოლიტიკოსი. რომ შემოეთავაზებინათ, წახვიდოდით პოლიტიკაში?

- არავითარ შემთხვევაში! ძალიან დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რომ ხალხის სიყვარული დამემსახურებინა. არ მინდა, ეს სიყვარული წუთში დავკარგო.

- რა მავნე ჩვევა გაქვთ?

- სიგარეტი, სასმელი... ახლა აღარ ვსვამ, რადგან, თუ დავლიე, თვეები შეიძლება გადავაბა. მამაჩემი ვერ იტანდა, რომ ვსვამდი. თავისი ცნობილი "ოქროს ოსტაპი"­ რომ ჰქონდა, 16 მონიტორი ედო კაბინეტში და აკვირდებოდა სიტუაციას მთელ კომპლექსში, მაგრამ იყო ერთი დარბაზი, სადაც ერთ მაგიდას კამერა ვერ ხედავდა. ერთ დღეს, როცა ნაბახუსევი გახლდით, მამაჩემმა დაინახა, რომ ჩემი მანქანა გაჩერდა. შევედი, ხელი დავუქნიე, მალე მოვალ-მეთქი, დავჯექი იმ ადგილას, მოვატანინე ერთი ბოთლი "ბალანტაინი" და ორ ჯერზე დავლიე. მეორე ბოთლი რომ მოვითხოვე, მამაჩემიც შემომესწრო. სიგარეტს მოუკიდა, დამიჯდა და მეუბნება: განა მენანება, მაგრამ რა უბედურებაა ასე დალევა, ან მე დამიძახე, ან ვინმეს, დავსხდეთ და ვიქეიფოთო. შენს საქციელზე იცი, რა მაგონდებაო? და მომიყვა: კინტო­ მეთევზე დგას და ტირის. მეორე მივიდა - რა გატირებსო? შამაია დავიჭირე და რუსს მივყიდეო. მეთევზე მაგიტომ ხარ, რომ თევზი დაიჭირო და გაყიდოო! შენ არ გესმის - ის რუსი ჩემს დაჭერილ შამაიას, როგორც "სელიოტკას" ისე შეჭამსო.­ აი, შენც ზუსტად ასე სვამ ამ "ბალანტაინსო"...

რაც ასაკი მემატება, მით უფრო მექაჩება მთა. ხომ თბილისელი ვარ, ვერაზე დაბადებული, გაზრდილი, მაგრამ როცა ყაზბეგზე იწყება ლაპარაკი, სხვა ეზოში გადარგული ხესავით ვგრძნობ თავს, ჩემი ფესვები იქაა. მყინვარწვერს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მთელი მსოფლიო ჩემია. გერგეტს რომ ვხედავ, ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ. ჩემი დიდი პაპა, ქოთია, იცით, როგორ გარდაიცვალა? დილას ადგა, დაიბანა, თეთრები ჩაიცვა, საწოლი ისე დადგა ფანჯარასთან, რომ გერგეტსა და მყინვარწვერს გაჰყურებდა, დაწვა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მეც ასე მინდა - გერგეტს ვუყურო და ისე წავიდე ამ ქვეყნიდან.

ეკა სალაღაია
ირმა
27 მაისი 2017 13:30
ნაღდი კაცი!
lile
26 მაისი 2017 13:35
ძალიან მაგარი კაცი და მსახიობი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები