"ვედროებით ხელში ქურდივით დავდივარ ქუჩაში" - კვირის პალიტრა

"ვედროებით ხელში ქურდივით დავდივარ ქუჩაში"

"მთელი დღე პირში ლუკმას არ ვიდებ. როგორ გავიმეტებ რამდენიმე თეთრს ფუნთუშისთვის მაშინ, როცა ორი ოჯახი მშიერი მეგულება?!"

ქუჩაში შიშით მიაბიჯებს, არადა, ქუჩა მისი სამსახურია, იმისთვის, რომ არ დააჯარიმონ, პატრულს ემალება. ინეზა კოტრიკაძე გარე მოვაჭრეა. საჭმელი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ყოველდღიური ხარჯი, კომუნალური გადასახადები - ამ გრძელმა ნუსხამ დიდი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა.

ინეზა კოტრიკაძე: "ჩოხატაურიდან ვარ. როდესაც გავთხოვდი, სამსახურიდან წამოვედი და სამტრედიაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ვცხოვრობდი. ორი შვილი მყავს - დავითი და ინგა. მეორე შვილის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. ამის გამო მომცეს შშმ პირის სტატუსი, მომანიჭეს მეორე ჯგუფი.

როცა ჩემი ვაჟი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მუნიციპალური მართვის უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მასთან ერთად თბილისში მეც წამოვედი, ბინა ვიქირავეთ. წარმატებით კი დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დღეს უმუშევარია. ქალიშვილი ექთანია. ორივე შვილი დაოჯახებულია. შვილიშვილებიც მყავს. მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა... ასე შემოვრჩით თბილისს 15 წელია. იმედი მქონდა, რომ ჩემი შვილები სწავლითა და კეთილსინდისიერებით ცხოვრების გზას გაიკვალავდნენ... ინგა ფასიანზე სწავლობდა და იძულებული გავხდი, ფული მესესხა. ვალის დასაფარავად სამტრედიაში ერთადერთი ბინა გავყიდე...

ქუჩაში გამოსვლა პროდუქციის გაყიდვის იმედით იწყება, დღე ხან გამართლებით, ხანაც გაუმართლებლობით სრულდება...

"ახლობლების რჩევით, პირველად ერთი ვედრო ხილი ვიყიდე და გასაყიდად მოვამზადე... დღეს გარე მოვაჭრე ვარ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ვითმენ, ოჯახს ვჭირდები. ყოფილა დღე - 10-15 ლარიც მიშოვია, ხან ერთი ლარიც ვერ მიმიტანია შინ. დათოს ცოლი და ორი შვილი ჰყავს. ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. შვილიშვილი, ელისაბედი, უნიჭიერესი ბავშვია, მასწავლებელი "იმედს" ეძახის - პირველკლასელი მესამე კლასის პროგრამას გადის. ამხელა ნიჭსა და მონდომებას ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს მოკლულ გულს მისი წარმატების სხივი ანათებს. ჩემი ვაჟი მერიაში სტაჟიორი იყო, ექვსი თვე ატყუეს - ხვალ, ზეგ ჩაგსვამთ შტატშიო.... ვის რად უნდა მისი ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება? ბანკშიც მუშაობდა, მაგრამ ხელშეკრულება რომ დაუმთავრდა, გამოუშვეს. სიძე ჯარში მსახურობდა. რამდენიმე დღის წინ ისიც შემცირებაში მოჰყვა. ორი შვილი ჰყავთ. მოკლედ, ათსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ... ჩემს შვილიშვილს, ლუკას, ჯანმრთელობა აქვს შერყეული. ექიმმა გვითხრა, კარაქი, საქონლის და ქათმის ხორცი უნდა აჭამოთო... თევზის ქონის ექსტრაქტით დამზადებული ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტი სჭირდება. ორი შვილი გავზარდე და ვიცი, როგორი კვებაც სჭირდებათ მოზარდებს, მაგრამ რომ არ მაქვს ამის შესაძლებლობა, რა ვქნა? მთელი დღე პირში ლუკმას არ ვიდებ. როგორ გავიმეტებ თუნდაც რამდენიმე თეთრს ფუნთუშისთვის მაშინ, როცა ორი ოჯახი მშიერი მეგულება?!

მას შემდეგ, რაც გარევაჭრობა მკაცრად აიკრძალა, ძალიან გაგვიჭირდა. ისედაც გაღატაკებულები საშიმშილოდ გაგვწირეს. 6 მაისს, გიორგობას, საბურთალოზე, ბუკიას ბაღთან ვისხედით ტროტუარზე და ვყიდდით ბოსტნეულს. ვიღაცას ცხელ ხაზზე დაურეკავს. მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან, ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ, პატრულს რომ ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, მხოლოდ გაფრთხილებას დაგვჯერდა. მადლობა ღმერთს, რომ ვაი-ვაგლახით შეძენილი პროდუქტები არ წაგვართვა. ახლა ვედროებით ხელში ქურდივით დავდივარ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელს ხილს ვთავაზობ. მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ ვწონი, რომ გაყიდვისას ვინმემ არ დამინახოს. კლიენტებით მიდგას სული. არა იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემთან ყიდულობენ, არამედ იმიტომ, რომ ხან ტანსაცმელს მჩუქნიან, ხანაც პროდუქტს. დღეს ერთ-ერთმა სოსისი და პური ჩამომიტანა - ბავშებს წაუღეო".

სოციალური დახმარება მოგვიხსნეს"

"როცა მე ვვაჭრობდი და ბავშვები ლექციებზე იყვნენ, სოციალურ აგენტს სახლში ვერ ვხვდებოდით. ერთხელ შემხვდა და მითხრა, სამჯერ ვიყავი გადამოწმებაზე და არც ერთხელ არ დამხვდით შინ, ამიტომ სოციალური დახმარების პროგრამიდან ამოვარდნილი ხართ და ოთხი წელი ვეღარ მოხვდებითო. ახლა, ყველაზე მეტად ტანსაცმელი და საჭმელი გვიჭირს. წარმოიდგინეთ ბებიის გული, როცა შვილიშვილი სკოლაში იმიტომ ვერ მიდის, რომ ფეხსაცმელი არა აქვს, წარმოიდგინეთ, ბებიის შიში, როცა სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვი ექსკურსიაზე წასასვლელ და სკოლის ფოტოალბომის ფულს მომთხოვს..."

თორნიკე ყაჯრიშვილი