ნაწყვეტები ლალი მოროშკინას წიგნიდან ”მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” - კვირის პალიტრა

ნაწყვეტები ლალი მოროშკინას წიგნიდან ”მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი”

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნათელი გახდა, რომ "მოქკავშირში" სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულუარებსა თუ ბომონდურ წვეულებებზე ყველა ამბობდა, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები ედუარდ შევარდნაძესა და მის გუნდს მალე დიდ დარტყმას მიაყენებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისას ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა...

მწვავე პოლიტიკური ბატალიების პარალელურად, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციაც უკიდურესად გართულდა, - ადამიანების გატაცება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამასთან, შეიქმნა ე.წ. პანკისის ანკლავი. შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებას ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები შევარდნაძის გუნდთან საბრძოლველად მოხერხებულად იყენებდნენ. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 2001 წლის ნოემბერში ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის სხდომაზე ულტიმატუმი წამოაყენა, - თუ გადადგება შს მინისტრი კახა თარგამაძე, მზადა ვარ, თანამდებობა მეც დავტოვოო! ედუარდ შევარდნაძემ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მთელი მთავრობა დაითხოვა. შესაბამისად, ზურაბ ჟვანიამაც დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი.

ისე, პოლიტიკური პროცესების დუღილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ყველაფერმა კი კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა "რუსთავი 2"-ში უშიშროება შევიდა...

...თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მისთვის საპრეზიდენტო ტრამპლინად იქცა...

ზაფხულის ცხელი დღეები იდგა. მე პანკისში წასასვლელად ვემზადებოდი. საქმე ის არის, რომ ჩვენი სამინისტროს ეგიდით სტუდენტებს მათთვის საინტერესო თემებზე ტრენინგებს ვუწყობდი, ამჯერად მათ პანკისი აინტერესებდათ.

ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ თითქმის ყველა საციმბიროდ გამზადებული მოვიდა, როგორც ჩანს, თავად სიტყვა "პანკისი" მათში რაღაც შორეულისა და ცივის ასოციაციას იწვევდა.

- რამ გადაგრიათ, იწვის ქვეყანა! - გამეცინა მე, - თანაც კახეთისაკენ ხომ სულ პაპანაქებაა.

ახმეტის გამგებელმა სიამოვნებით მიგვიღო და თან მთელი ხეობა დაგვათვალიერებინა. ჩვენთან ერთად ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორი, ქალბატონი აზა კოკოევაც იყო. საინტერესო გამოდგა ახმეტის რაიონის ოსური სოფლების მონიტორინგი.

ექსკურსია-ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. მთელი კვირის განმავლობაში პირველადი მოხმარების წამლებსა და ათას წვრილმანს ვაგროვებდით, პანკისში კი სტუდენტები და ჩემი შვილი სანდრო სიამოვნებით ურიგებდნენ თანატოლებს საჩუქრებს.

"მამაჩემთან დარეკვა არ დამავიწყდეს", - მიტრიალებდა თავში. გიორგის უკანასკნელი ტრავმის შედეგად სულ უფრო და უფრო უფუჭდებოდა მხედველობა, კონსულტაცია ვიქტორის მეგობართან უნდა გაგვევლო. ხეობიდან ჩამოსული პირდაპირ საავადმყოფოსკენ გავეშურე.

ექიმის კაბინეტიდან გამოსული გიორგი უხასიათოდ მოდიოდა.

- რაშია საქმე? - ვკითხე მამას.

- მორჩა კრივი, თვალის ჭაღი აქვს გაწყვეტილი და ნებისმიერი დატვირთვა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. და კიდევ, - გადმოიხარა ჩემკენ ვიქტორი, - დამიჯერე, გიორგის ასაკთან ერთად პრობლემები გაუჩნდება, რაც არა მგონია, შენთვის მისაღები იყოს.

- რა პრობლემები? - ვკითხე შეშინებულმა.

- ხასიათთან დაკავშირებული, დანარჩენს ნუ მკითხავ.

ამ საუბრიდან ერთ კვირაში გიორგიმ "ისტორიული გადაწყვეტილება" მიიღო, - "მოქალაქეთა კავშირის" სიით კენჭი ეყარა.

- ნეტავ რაში გჭირდება? - ვკითხე მე, - "მოქალაქეთა კავშირი" გუშინდელი დღეა, მე ვერავინ დამასწრებდა, კარგი რომ ყოფილიყო.

- აბა, იმ მასხარა მიშასთან ხომ არა? სულ "ცისფრები" და "ვარდისფრები" რომ არიან? - ვერ ეგუებოდა გიორგი ახალდაბერილ ნიავს.

ძნელი იყო იმის ახსნა, რისი გაგებაც ადამიანს არ უნდოდა. გიორგი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ არავისი არ ესმოდა.

- კი მაგრამ, შენ არ მეუბნებოდი, ცირკის დათვივით სულ რინგზე ხომ არ იქნებიო? - მეკითხებოდა გიორგი.

- მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში უნდა შეხვიდე, თუმცა შენი გადასაწყვეტია, - ვბრაზობდი მე, მაგრამ კანდელაკის სიჯიუტეს ბოლო არ უჩანდა.

ქვეყანა უცნაურად შფოთავდა და რაც უფრო ირეოდა ვითარება, მით მშვიდი ჩანდა ედუარდ შევარდნაძე. "ნაციონალური მოძრაობა" უკიდურესად გააქტიურებული იყო, ის კი ხან ყვითელი ავტობუსების, ხან ძროხების ფერმის პრეზენტაციაზე დადიოდა. მე გამჩენი ისევ არ მასვენებდა და ამჯერად ქართლის სოფლებში კონცერტების გამართვას ვგეგმავდი. მომღერლებსაც ეცალათ, რადგან ზაფხული ისედაც არ იყო გასტროლით გადატვირთული დრო. ვარიანში გიორგის კომფორტული კუნძულიც და სასტუმროც მუდამ მზად იყო სტუმრის მისაღებად. წინადღეს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას ქართლის სოფლებში კონცერტის გამართვის თაობაზე, პირველად მომღერალი თემურ თათარაშვილი გამოეხმაურა. მე მას როგორც ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და შესაბამისად, მაღალანაზღაურებად მომღერალს ვიცნობდი, ამიტომ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად ვამჯობინე, თავიდანვე მეთქვა პირობები.

- თემო, დიდი მადლობა, საქმე ის არის, რომ ჩვენ არანაირი სახსრები არა გვაქვს და ამიტომ კონცერტები უფასოდ იმართება.

- რას ამბობ, ლალი, არა გრცხვენია, როგორ იფიქრე, რომ მე ჰონორარს მოვითხოვდი? - მითხრა წყენით თემომ.

გახარებულმა ერთი მაგრად ჩავბურჯგნე და დანარჩენებს დაველოდე. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთი დაძახებით უამრავი მომღერალი, დათო ოქიტაშვილი აპარატურით და ვისაც ყველაზე ძალიან არ ველოდებოდი, გივი სიხარულიძე, დატვირთული საკუთარი წიგნებით, მზად იყვნენ, შიდა ქართლის სოფლებში მოხეტიალე მუსიკოსებივით ევლოთ! ხარობდა ქართლი, ბავშვები ავტოგრაფების რიგში იდგნენ.

ყველაფერი კუნძულზე დიდი ღრეობით დამთავრდა. ჩვენი მომღერლები, სტუმრები ქალაქიდან და ჩემი უფროსი მეგობარი ტელევიზიიდან, ცირა ლაბაურიც კი სამშვიდობო ჯარების სარდლობასთან ერთად ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ.

გიორგი სულ უფრო ხშირად სტუმრობდა კანცელარიას. ჩემი ყოველი ნაბიჯი კი "ნაციონალური მოძრაობის" პიარად აღიქმებოდა. ჩვენ, ფაქტობრივად, სხვადასხვა ბანაკში აღმოვჩნდით.

თბილი სექტემბერი ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს ეფერებოდა, მე კაბინეტის ფანჯარასთან ვიდექი და თავისუფლების მოედანს გავცქეროდი, თან კონდიციონერის ზუზუნში დასვენებაზე ვოცნებობდი. რა მოხდა, რა... მხოლოდ სამი დღე... ამ ზაფხულმაც რა სწრაფად გაირბინა, ერედვი, ქურთა, თამარაშენი... რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ ოდითგანვე გმირობით განთქმული ქართლელები ამდენი წელია სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე სახლობენ და იქ ჩასულ გაზულუქებულ, გამძღარ თბილისელებს კიდევ აქეთ გვაწყნარებენ, არ ინერვიულოთ, დედაქალაქს მიხედეთ, ჩვენ აქ მაგრად ვდგავართო. ქურთის სამშობიარო სახლში უკვე ცხინვალელი ქალები მშობიარობენ. წინა კვირას ერთი ასეთი ბავშვის ნათლია ქართველი მეან-გინეკოლოგი იყო და ეს მხოლოდ საავადმყოფოს გახსნის ერთი თვის თავზე. მერე და მერე ხომ სულ აქეთ წამოვლენ? თამარაშენის სკოლა? როგორ გაუხარდათ ბავშვებს კომპიუტერები რომ ჩავუტანეთ...

ტელეფონის ზარმა ლიახვის ხეობიდან მომაბრუნა.

- ქალბატონო ლალი, თქვენთან არიან, - გამაწყვეტინა ფიქრი მდივანმა.

- მობრძანდნენ, - მივუგე მე.

კაბინეტის კარში გიორგი კანდელაკის ფიგურა აზვირთულიყო.

- რა მოხდა? - ვკითხე თავზე უცაბედად დამტყდარ გიორგის, რადგან ვიცოდი, რომ სამსახურის მერე ისედაც უნდა მენახა.

- მიჭერენ, ლალი, - ამოიგმინა გიორგიმ და თითქოს მის მძიმე სუნთქვას სულ ცოტა 300 არაგველი ამოჰყვა.

- კი მაგრამ, რაზე? - დავსვი ლოგიკური შეკითხვა.

- შენ არ იცი, ადრე მე და ჩემს სიმამრს მილების ბიზნესი გვქონდა გორსა და კასპში, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მიძინებული საქმეა, ახლა კი თავიდან ჩიჩქნიან, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- მერე გორელი არა ხარ? ვერაფერს შვრები? - ვკითხე განცვიფრებულმა.

- ვერა, პირდაპირ სააკაშვილის ინტერესიაო. გადამარჩინე, დაურეკე.

- შენც და შენი სიმამრიც? - სარკასტულად ვიკითხე მე. გიორგი კარგად ხვდებოდა ამ შეკითხვის არსს.

- რა ვქნა, საქმეში ერთად გავდივართ, ხანშია უკვე, თანაც დიაბეტი აქვს.

- კარგი, კარგი, ეს იმ დაზარალებულივით მოგდის, მანქანა ოდნავ რომ გაკაწრავს და მძღოლს უჩივიან, ერთადერთი მარჩენალი დამისახიჩრეო...

- დაურეკე შენს მეგობარს! - კატეგორიულად მოითხოვდა გიორგი.

- კარგი, ახლავე დავურეკავ, შენ თვალწინ, - და ტელეფონში მიშას აბდაუბდა ტელეფონის ნომრის ძებნა დავიწყე. "რა გახდა ერთი ადამიანური ნომერი, ეს რა ციფრების წყობაა, პითაგორა რომ იყო, ვერ დაიმახსოვრებ", - ვფიქრობდი და თან ნომერს ვკრეფდი. ფიჭურ კავშირში მიშას ხმა უკვე ისმოდა.

- არ მითხრა ახლა, რომ მაგ სპორტსმენზე მირეკავ, თორემ არ ვიცი, რას გიზამ.

- ვა, როგორ მიხვდი?

- რა მიხვედრა უნდა, ტელევიზორს არ უყურებ? დღეს გორში მაგის რობოტებმა ოქრუაშვილს სცემეს, ჰოდა, ჩასხდებიან ეგეც და მაგის სიმამრიც კარგა ხნით.

- მიშ, მომისმინე, მოდი, ეს ამბავი გავაჰეფიენდოთ, ამ ერთხელაც დამიჯერე, - ვთხოვდი მე, მაგრამ, როგორც ჩანს, მიშა რადიკალურად იყო განწყობილი, - კარგი, ახლა ლოგიკურად ვიმსჯელოთ, - გადავედი მე ქალურ თვალთმაქცობაზე, - შენ, ახალგაზრდა, პერსპექტიული, მომავალი პრეზიდენტი, და ისინი, ორი გორელი, თანაც ერთი სპორტსმენი, თუმც საკმაოდ წარმატებული, აბა, რა შენი საქმეა კრიჭაში ჩადგომა?

- შენ არ გესმის, რას გეუბნები? ოქრუაშვილს დაარტყეს მაგისმა მოსწავლეებმა, თანაც მთელი გორის დასანახავად, ჩვენ კი არჩევნები გვაქვს მოსაგები, ქართლელებს ნაცემები არ ევასებათ, მებრძოლი ხალხია. ირაკლიმ, მეც ბოლომდე დავდგებიო, ჰოდა, სამართლებრივად გახეხავენ ციხეს, იქ ჩამოაყალიბოს მერე კრივის კლუბი! რას გადაეკიდე, გამაგებინე, ეგზოტიკა დაგაკლდა ცხოვრებაში? - არ ცხრებოდა მიშა.

- მიშ, ჩემი ხათრით, - დავადაბლე ხმა და ყველაზე მტკივნეულზე მივაწექი, - ხომ იცი, ამ ეროვნულ უმცირესობებს მაინცდამაინც გულზე არ ეხატები, გიორგის კი მოსწავლეები, ძირითადად, ოსები ჰყავს, და საერთოდ, მთელი ქართლი შერეული ქართულ-ოსური ოჯახებია, რაში გაწყობს დაპირისპირება? - დუმილი ყურმილის მეორე მხარეს თანხმობის ნიშანი იყო. დამიჯერა.

- კარგი, მოიყვანე, ოღონდ ამის მერე თუ კიდევ რამე მოხდა, იცოდე, შენ აგებ პასუხს და არ მაინტერესებს ჩვენი მეგობრობა, - ტონი საკმაოდ მკაცრი, თუმც საგრძნობლად მორბილებული იყო.

მე და გიორგი სამინისტროდან ფეხით საკრებულოში გადავედით.

- გიორგი, ყველაფერზე დაეთანხმე, თუ თავისუფლება გინდა შენთვის და შენი სიმამრისათვის, - ვარიგებდი მე. გიორგი მორჩილად თავდახრილი მომდევდა.

მიშას მდივანმა ცაცამ უკვე იცოდა, რომ უნდა მივსულიყავით.

- ლალი, სულ 10 წუთი დაელოდე, "გრაციიდან" ბიფშტექსი დააგვიანეს და უდროო სადილი გამოუვიდა. ხომ იცი, რამდენს მუშაობს, და რომ არ იკვებოს, მოკვდება, - ქოთქოთებდა ცაცა.

უდროო" ტრაპეზი დასრულდა. მე და გიორგიმ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის ზღურბლი გადავკვეთეთ.

- რა იყო, ბიჭო, ძალა გერჩის? - ჰკითხა მიშამ, მაგრამ ტონი საკმაოდ რბილი და კეთილგანწყობილი ჰქონდა.

- რა ვიცი, რა...

- მოკლედ, ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი. აგერ, ლალი თავდებად დაგვიდგება და არანაირი ხელის შეშლა, ეს უკვე გადაწყვეტილია, ირაკლიმ მილიონები დახარჯა, არჩევნები უნდა მოიგოს! თუ არა და მერე შენს თავს დააბრალე და ლალიც ვეღარ გიშველის! - ეს უკვე შეპარული მუქარა იყო.

გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- ლალი, შენ დარჩი, - მომესმა კართან მისულს.

- იმედია, კმაყოფილი ხარ? - მკითხა მიშამ.

- კი, მაგრამ, მგონი, ჯობს ვარიანში წამოხვიდეთ შენ, ვანო და ირაკლი. რინგზე ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს და ჩათვალე, რომ ინციდენტი ამოწურულია, თანაც შენი უპირატესობით, თანაც ვისთან? მსოფლიო ჩემპიონთან, და ჰაიდა, ქართლელების გულის დასაპყრობად, You  are  the  best! - ვუთხარი მე და თან ველოდებოდი ცუნამის, წარღვნასა და ქარიშხალს ერთდროულად.

- რატომაც არა? ესე იგი, ხვალ, გამთენიას ვარიანში გავდივართ მე, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და იცოდე, არანაირი "შანელის" კოსტიუმი. ეს სოფელია, სოფელი! - მიშას უეცარი, პიარისათვის ასე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთ წამში მიღება მე პირადად ყოველთვის სასიამოვნოდ მაცვიფრებდა. "ეს ხელოვნებაა", - გავიფიქრე წამოსვლის წინ.

- ჰო, კარგი მიშა, გადაწყვეტილია, ზეგ კი სანდრას სამშობლოში მივდივარ. რამეს ხომ არ გამატან?

გამარჯვებული ვტოვებდი მიხეილ სააკაშვილის სალათისფერში გადაწყვეტილ კაბინეტს და თან ორი კაცის გადარჩენილი სიცოცხლე მიმქონდა.