საბერძნეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება შეეძლებათ
საბერძნეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება შეეძლებათ
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო.

როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ პროცესის ფარგლებში საბერძნეთში საქართველოს საელჩო საბერძნეთში ლიცენზირებულ ქართველ იურისტებთანაც თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქართველ იურისტებთან პირველი შეხვედრა ორი დღის წინ შედგა.

ამასთან, როგორც ელჩმა განმარტა, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ თემებზე მუშაობს.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ელჩის განმარტებით, ეს თემა პირველად გაჩნდა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობებში და უკვე მოხდა ამ საკითხზე მუშაობის ინსტიტუციონალიზაცია.

"ეს მგრძნობიარე საკითხი ოფიციალურ დონეზე ბერძნულ მხარესთან პირველად იხილება. საქართველოსა და საბერძნეთს შორის ამ ეტაპზე შეიქმნა ისეთი ინტენსიური, თბილი და კონსტუქციული ურთიერთობა, რომ უკვე ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. ორივე
მხრიდან არის სურვილი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეეწყოს ჩვენი მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის პროცესს. ბუნებრივია, მოკლე ვადებში და ერთბაშად, ის მოქალაქეები, ვინც ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, კანონიერ
ყოფნას ვერ მიიღებენ, მაგრამ ამოცანა არის, გაფართოვდეს ის კატეგორიები, ვისთვისაც შეიძლება ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდეს და ახალი ინიციატივებით ხელი შეეწყოს ამ პროცესს. პირველად ვსაუბრობთ ამაზე ბერძნებთან, ორივე მხრიდან არის მზადყოფნა.
კომუნიკაციის ეს არხი ინსტიტუციონალიზებულია, იმიტომ, რომ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ თემებზე მუშაობს",- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ საბერძნეთში მომუშავე ლიცენზირებულ ქართველ იურისტებს. ელჩის ინფორმაციით, მათთან ორი დღის წინ საელჩოში პირველი შეხვედრა შედგა, სადაც შეთანხმდნენ, რომ მომავალში ეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

„მათ ბერძნული საიმიგრაციო კანონმდებლობის შესახებ პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ,
კარგად იციან ეს კანონი ცხოვრებაში როგორ რეალიზდება, რა პრობლემებია და ბევრი სხვა ტექნიკური დეტალია. ქართველ იურისტებთან გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ადამიანები ინფორმირებულები არ არიან იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს კანონი იძლევა და არასწორი ინფორმაცია აქვთ იმ საბუთების ჩამონათვალის, იმ დებულებების შესახებ, რომელიც ამ კანონშია მოცემული.
ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილია გზამკვლევის შექმნა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ტექნიკურად და სამართლებრივად გამართული დოკუმენტი სახელმძღვანელოდ, რომელიც შეთანხმებული იქნება საბერძნეთის მხარესთან. ეს მათ საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მიიღონ ოფიციალური წყაროდან და არა სხვადასხვა შემთხვევითი პირისგან, რომელთაგან ზოგი იძლევა სწორ ინფორმაციას, ზოგი - ვერა. ამიტომ, სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი არის ისიც, რომ საბერძნეთის მოქმედ, მიგრაციის შესახებ კანონში არსებული შესაძლებლობების, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს დააკანონონ თავიანთი ყოფნა საბერძნეთში, ამის თავმოყრა, ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბება და მათთვის მიწოდება",- განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

როგორც ელჩმა განმარტა, სამუშაოს კიდევ ერთი ნაწილია ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რაშიც ასევე დახმარებას ქართველი იურისტები გაუწევენ.

„ქართველი იურისტების ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ისინი ენთუზიაზმის საფუძველზე მუშაობენ და მხარში დაუდგნენ საელჩოს. მათ თავის თავზე აიღეს ახალი ინიციატივების შემუშავება, რომელიც გათვლილი იქნება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონკრეტულ ჯგუფებზე და მერე უკვე ჩვენი ამოცანაა, როგორც საგარეო უწყების, რომ ეს საკითხები მოვახვედროთ საბერძნეთი-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში და ეს თემა ისე გადავწყვიტოთ, როგორც ჩვენს ემიგრანტებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი გადაწყდა.

პირველად გვაქვს გეგმიური, გააზრებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ. რატომ ხდება ეს ახლა და არა ადრე - აქ ორი ფაქტორი იყო, ერთი - ჩვენ ვაგვარებდით მიმდინარე საკითხებს, რომელიც ჩვენი ემიგრანტების ყოფას უკავშირდებოდა, მეორე, უნდა შექმნილიყო განსაკუთრებულად თბილი ფონი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, რომ ამ მგრძნობიარე საკითხსაც შევხებოდით.

მე არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მიმართ დიდი აჟიოტაჟია საჭირო. ამას უნდა ჩუმი, მეთოდური მუშაობა. ორივე მხარე არის განწყობილი, რომ პროგრესი იქნას მიღწეული და მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული პროგრესი იქნება. განსაკუთრებული როლი მიენიჭება მასმედიას, იმიტომ, რომ არ გაჩნდეს ყალბი მოლოდინი, ვადებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით",- აღნიშნა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა.

ამ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების", მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე.წ. „მესამე ქვეყნების", მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის, გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?