"ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ"

"მაგთის" მორიგი საჩუქარი

4 მაისს "მაგთიკომმა" ხელოვნების მოყვარულთ მორიგი დღესასწაული მოუწყო "მაგთი კლუბში." ხელოვნების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში სატელეფონო კომპანიამ კიდევ ერთი შესანიშნავი მხატვრის, ედმონდ კალანდაძის კატალოგი გამოსცა. მხატვრის რიგით მეორე კატალოგის პრეზენტაცია საგანგებოდ დაამთხვიეს 4 მაისს, რადგან ამ დღეს საზეიმო საღამოს მთავარ გმირს 87 წელი შეუსრულდა.

ასაკის მიუხედავად ედმონდ კალანდაძე მხნედ და ხალისიანად გამოიყურება და ავტოგრაფებთან ერთად ენერგიულობის საიდუმლოსაც გულუხვად გასცემდა - იშრომეთ, არ შეჩერდეთ, თორემ უმოქმედო ხელი გახმება და მერე მთელ სხეულს დაეპატრონება უძლურება, - ამბობს მხატვარი, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეგრძელობისა და ქმედითუნარიანობის გამოცანა ძალიან მარტივი გამოსაცნობია.

ედმონდ კალანდაძე - "როგორ ვახერხებ ასე თავის შენახვას? სიყვარული მეხმარება, სიყვარული ლამაზი ქალის, ბუნების, მეგობრის, ახლობლის, ადამიანის სიყვარული მეხმარება. როგორ შეიძლება, როცა სიყვარული გაქვს, ჯანი არ მოგეცეს. ხელოვნება მეხმარება, მაგრამ ყველაზე მეტი სასიცოცხლო ძალა მაინც შრომას აქვს, რომელსაც ასევე ვერ გასწევ, ვერ შეძლებ უსიყვარულოდ. არ შეიძლება გაჩერება.

შრომა ადამიანის  არსებობისთვის აუცილებელი პირობაა. კუნთს გააჩერებ და გაჩერდება ხელი, გახმება. მხატვარი არის ის, ვინც სულ მუშაობს. მხატვრის ცხოვრება ფერთა უწყვეტი დინება უნდა იყოს, არ შეიძლება მხატვრის ცხოვრებაში რომელიმე დღე დარჩეს დაუხატავ ტილოდ. იყო ცნობილი ვენეციელი მხატვარი  ტიციანი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა, გარდაიცვალა შავი ჭირით დასნეულების შედეგად. ამბობდნენ, შავი ჭირი რომ არ გასჩენოდა, ახლაც ცოცხალი იქნებოდაო, ის ისეთი შრომისუნარიანი იყო. მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ შრომა, აი, ეს გაგხდით დღეგრძელს.

- დღევანდელ დღეზე, პრეზენტაციაზე რას იტყვით?

- "მაგთიმ" მომილოცა დაბადების დღე, მომილოცა გულუხვად, რადგან საკმაოდ მოცულობითი კატალოგი გამოსცეს, შესანიშნავად მომზადებულია. ეს არის ჩემი რიგით მეორე კატალოგი, ერთიც ორიოდე წლის წინ გამოსცა შესანიშნავმა პიროვნებამ დავით ბუაძემ. ეს ორი კატალოგი ერთმანეთს ავსებს. ასევე გამოცემულია ჩემი კალენდრების საინტერესო სერია.

- "მაგთის" და თქვენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო?

- "მაგთის" ხელმძღვანელმა გია  ჯოხთაბერიძემ ინახულა ჩემი სახელოსნო, მოეწონა ნახატები და იყიდა, მერე კი შემომთავაზა კატალოგიც გაეკეთებინა. გია არის  ძალიან მიზანდასახული კაცი და მომწონს, რომ ის პატრონობს ხელოვნებას.

მიხარია, რომ ამ კატალოგის საზოგადოების წინაშე წარდგენა ჩემს დაბადების დღეს დაამთხვიეს. კატალოგის წინასიტყვაობაში ვწერ და კიდევ გავიმეორებ: ბევრი ჩემი ნამუშევარი გაბნეულია საქართველოში, ბევრიც - საქართველოს გარეთ. ამ წიგნშიაც საკმარისი რაოდენობაა თავმოყრილი. ასე რომ, ვისაც ხელოვნება აინტერესებს და დაკვირვებული თვალი აქვს, თავად გამოიტანს მათი ღირსების შესახებ აზრს."

კომპანია "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათული ღვინიაშვილი:

- "მაგთი" კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას და პროექტს ჰპირდება საზოგადოებას. ჩვენ ვაგრძელებთ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი კატალოგი, რომელშიც შესულია ედმონდ კალანდაძის საუკეთესო ნამუშევრები და ვფიქრობთ, იგი ძვირფასი საჩუქარია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო განწყობისთვის უბრალოდ კატალოგის პრეზენტაციაც კმაროდა, გვინდოდა, ეს დღე კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო, უფრო ექსპრესიული, შინაარსიანი და მრავალფეროვანი, მრავლისმეტყველი, ამიტომაც შევარჩიეთ ოთხი მაისი. ამასთან, მაისი ბატონი ედმონდის შემოქმედებას უხდება თავისი ცოცხალი ფერადოვნებით.

- "მაგთის" დახმარება, სპონსორობა, ქველმოქმედება უკვე ტრადიციად იქცა ბევრი ორგანიზაციისთვის და ცალკეული პირებისთვის, აპირებთ ამ ტრადიციის მასშტაბების გაზრდას?

- მართალია, "მაგთის" საქველმოქმედო პროექტებს მართლაც ტრადიციული სახე აქვს ხშირ შემთხვევაში, თუმცა, შიგადაშიგ სიახლეებსაც არ ვაყოვნებთ. აბა, გადახედეთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის თუნდაც მცირე ჩამონათვალს, მათ შორის ბევრთან ტრადიციული ურთიერთობა გვაკავშირებს, ბევრთანაც ხანმოკლე, მაგრამ ასეთი კონტაქტები ხშირია. ჩვენ ახალ-ახალ თემებს, სუბიექტებს ვეძებთ, რომ სამზეოზე გამოიტანონ ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება. ეს "მაგთის" პრინციპია, დაეხმაროს ყველას, იყოს ყველასთვის. ფაქტია, ქართული კულტურა - კინო, თეატრი, მწერლობა, მხატვრობა, ისტორიული ძეგლები, მეცნიერება და სპორტი, დღეს, როგორც არასდროს, ისე ითხოვს თანადგომას, ეს კი მაგთისთვის დღიდან დაარსებისა უცხო არ არის.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ხელშეწყობით არაერთი საქველმოქმედო პროექტი თუ კულტურული ღონისძიება განხორციელდა. გამოვეცით ირაკლი ფარჯიანის კატალოგი და მოვაწყვეთ პერსონალური გამოფენა. ასევე გავმართეთ ბავშვთა გამოფენა-კონკურსი "ოქროს პალიტრა", დავეხმარეთ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს, თბილისის კინოფესტივალებს, სოხუმის და კინომსახიობთა თეატრებს, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებს, ფესტივალ არტ-გენს. გამოვეცით გურამ დოჩანაშვილის, გურამ ასათიანის, ჯანსუღ ჩარკვიანის ოთხტომეულები. დახმარება შევაწიეთ მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა სახლებს, კომპიუტერები დავურიგეთ საჯარო სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს, ვაჩუქეთ მაგთიფიქსი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნულ ფედერაციას ვსპონსორობდით ორი წლის განმავლობაში, ასევე ვსპონსორობდით კალათბურთსა და რაგბიში ეროვნულ ჩემპიონატებს.

ყოველივე ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია, დღეს მხოლოდ მოქმედების დროა, არ უნდა შევჩერდეთ და არც ხელოვნებას მივცეთ შეჩერების საშუალება. მიგვაჩნია, რომ ყველა დროში კითხვების დასმა და კრიტიკა მარტივია, გაცილებით რთული საქმის კეთებაა, რომელიც გამოადგება ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ეს კი ჩვენ სიამაყით გვავსებს და ქართული საქმის კეთების სურვილს გვიასკეცებს. ამიტომაც, არ ვჩერდებით და ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს."

ედმონდ კალანდაძის საიუბილეო საღამოზე "მაგთიკომმა" მხატვრის მეგობრები, ახლობლები და კოლეგები მოიწვია. როგორც იუბილეებს ჩვევია, ითქვა ბევრი ლამაზი სიტყვა, იყო სიმღერა, მუსიკალური ფერადოვნება. "მაგთიმ", როგორც მასპინძელმა, დასასრულს კიდევ ერთი სიურპრიზი გააკეთა, იუბილეზე მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადასცა ედმონდ კალანდაძის კატალოგი.

R