"მატყუარა" პეტრე, დამწვარი ჟურნალი, ახალგაზრდა მხატვრის "გმირობა" - კვირის პალიტრა

"მატყუარა" პეტრე, დამწვარი ჟურნალი, ახალგაზრდა მხატვრის "გმირობა"

დღეს საქართველოში ბოლო ზარი კიდევ ერთხელ დაირეკა. ვულოცავ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას და მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ. მრავალი მათგანი მალე უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებს და იმედია ნატვრას აისრულებს.

დღევანდელ "ისტორიებში" ცნობილი ქართველები სკოლაში სწავლის პერიოდს გაიხსენებენ და რამდენიმე სახალისო ამბავს მოგვიყვებიან.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი პეტრე მამრაძე იქნება. ბატონ პეტრეს მოსწავლეობის დროს თანაკლასელების მოტყუება თურმე კარგად ეხერხებოდა.

პეტრე მამრაძე: "სკოლაში სწავლისას იპოდრომის წინ მდებარე ფიზიკის ინსტიტუტის კაპიტალურ შენობასთან გვიხდებოდა ჩავლა და აღფრთოვანებულები ვუყურებდით ხოლმე. ერთხელაც, თანაკლასელებს ჩურჩულით ვეუბნები:

- ერთი ამბავი ვიცი, ოღონდ არავის უთხრათ. ინსტიტუტს საიდუმლო სარდაფი აქვს, სადაც ომის დროს ტყვედ აყვანილ გერმანელ მეცნიერებს ამუშავებენ.

არ მეგონა, მაგრამ ბევრმა დაიჯერა. ერთ-ერთს, გვარს არ დავასახელებ, ჩემი ნათქვამი იმდენად ღრმად ჩაებეჭდა გონებაში, რომ მომავალში ფიზიკურზე სარდაფის შემოწმების "ხათრით" ჩააბარა."

პარლამენტარი გიორგი მოსიძე ნორმალური მოსწავლე კი გახლდათ, მაგრამ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ და სხვადასხვა "ინციდენტში" გახვეული ხშირად ყოფილა.

გიორგი მოსიძე: "ბავშვობიდან ისეთი გამომეტყველება მაქვს, რამე რომ მოხდეს, დამნაშავე ყველას მე ვგონივარ. ეხლაც კი, ცამდეც მართალი რომ ვიყო, ზოგიერთები მაინც ეჭვით მიყურებენ, მოსიძემ ან რამე გააფუჭა, ან რაღაც მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებულიო. არადა, პირდაპირი ადამიანი ვარ, საქმეების ქვეშ-ქვეშ კეთება და ღალატი არ მახასიათებს.

მე-8 კლასში ყოფნისას საკლასო ჟურნალი გაქრა. აბა, ატყდა ერთი ამბავი. აქეთ მილიცია, იქით მშობლების დაბარება. ჯერ მასწავლებელმა მიიტანა ჩემზე ეჭვი, შენი გაკეთებული ჩანსო. ძლივს ვიმართლე თავი, შემოვიდა დირექტორი, შეგვათვალიერა და ისიც მე მომადგა:

- სახეზე გეტყობა, შენ დამალე!

დირექტორსაც გადავურჩი და მილიციელი შემოვარდა, პროფესიული მზერა მოგვავლო და ჟურნალის მოპარვა მე დამაბრალა. მოკლედ, ბევრი ეძებეს და დამწვარი ნახეს. დამნაშავეს ვერ მიაგნეს. სამი წლის შემდეგ ბანკეტზე დამრიგებელმა გვკითხა, ხომ დაამთავრეთ სკოლა, თქვით, ვინ დაწვა ჟურნალიო. ხმა არავის ამოუღია. დღეს უკვე მე ვეკითხები ყოფილ კლასელებს:

- ხალხო, უკვე ჩავლილი ამბავია, ამდენი წელი გავიდა, ის დამწვარი ჟურნალი ერთი-ორჯერ სიზმარშიც ვნახე. მითხარით, რომელმა დაწვით და არავის ვეტყვი, რომ მითხარით".

ცნობილი მხატვარი გია ბუღაძე ახალგაზრდობაში "რთულ ვითარებაში" აღმოჩნდა.

გია ბუღაძე: "17 წლის ვიყავი, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი რომ დავამთავრე. ერთი სული მაქვს, როგორც მხატვარმა, გმირობა ჩავიდინო და კაცობრიობა ავალაპარაკო. თან, ასაკი მქონდა ისეთი, თან, ჩემი ფიზიკური მონაცემებით უკმაყოფილო ვიყავი. თმის ცვენა 15 წლის ასაკში დამეწყო, პლუს - მოკაუჭებული ცხვირი და ქალების მოსახიბლავად "საქმენი საგმირონიღა" მრჩებოდა.

მამამ შიო მღვიმეში დამტოვა, ესკიზი უნდა გავაკეთო. ვარ ამ მოსრიალებულ კლდეებში, უცებ ქარი ამოვარდა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. ირგვლივ რამე თავშესაფარი კი არა, უბრალო ბუჩქიც არ არის. ამ დროს ცნობილი მხატვარი - პოლ სეზანი გამახსენდა, რომელიც სიკვდილის წინ მედგრად მუშაობდა წვიმაში, გაცივდა და მეორე დღეს ფილტვების ანთებით მოკვდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, მისი გმირობა გამემეორებინა. ვმუშაობ, მაგრამ არაფერი გამომდის, აიზილა საღებავი, საღეჭ რეზინასავით იწელება.

გმირობის გამეორება სანახევროდ მოვახერხე, მართალია, ვერაფერი დავხატე, მაგრამ ძალიან გავცივდი. თან, საფიქრალიც გამიჩნდა, როგორ ხატავდა სეზანი წვიმაში. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და თურმე ქოლგის ქვეშ არ მუშაობდა?!"

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)