"კიდევ ბევრჯერ გვასახელებს ლიზა"
22-05-2017
"კიდევ ბევრჯერ გვასახელებს ლიზა"
ახლახან იტალიის ულამაზეს კურორტზე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი Sanremo Junior-2017 ჩატარდა. მასში 17 ქვეყნიდან 22 მონაწილე იყო წარდგენილი. გრან-პრი 11 წლის ლიზა წერეთელმა დაიმსახურა.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: - ჩემი მეგობრის, ვასილ თედორაშვილის მეშვეობით გავიცანი Sanremo Junior-ის პრეზიდენტი პაოლო ალბერტი, რომელიც ჩემი მეგობრის მეშვეობით სულ მითვლიდა, რომ საქართველოდანაც ჩამეყვანა მონაწილე. ამჯერად პერსონალურად მივიღე შემოთავაზება. როგორც კი გავუგზავნე ლიზი წერეთლის მასალა, მაცნობეს, კონკურსანტად მიღებულიაო.

ლიზა 5-6 წლის იყო, პირველად რომ მოვუსმინე და მაშინვე
დავრწმუნდი, რომ საოცარი მონაცემები ჰქონდა. გიტარასა და ფანდურს უკრავდა. იშვიათად, რომ ამ ასაკის ბავშვი ხალხურ საკრავზე უკრავდეს.

Sanremo Junior-იდან ლიზას საკონკურსო შესრულების ოფიციალური ვერსია რომ გამოგვიგზავნეს, აღნიშნეს, რომ წლევანდელ `ევროვიზიის~ ფინალისტ სალვადორ სორბალს არაფრით ჩამოუვარდება.

- ელოდით ასეთ წარმატებას?

- დარწმუნებული ვიყავით, რომ პრიზს აუცილებლად
ჩამოვიტანდით. უამრავი შემოთავაზება მივიღეთ საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, იმედია, კიდევ ბევრჯერ გვასახელებს ლიზა.

ლიზა წერეთელი: -
იცით, რამდენი კომპლიმენტი მივიღე, ყველა მეფერებოდა. იტალიელები ძალიან თბილი ხალხია. კონკურსანტებს დავუმეგობრდი, განსაკუთრებით იტალიელ ანას. რომ ჩამოვედი, მთელი სკოლა გახარებული დამხვდა.
ვუკრავ, ვცეკვავ, რამდენიმე კლიპიც მაქვს გადაღებული. ფანდურის დაკვრა იმდენად მიყვარს, რომ ქანთრის სტილის სიმღერებს ვაწყობ და მე და მამა ვმღერით. დედასაც მუსიკალური განათლება აქვს. ბებიებიც მღეროდნენ. ძალიან მიყვარს ცეკვაც, თავიდან ფოცხიშვილების სტუდიაში­ დავდიოდი, მერე სამეჯლისო ცეკვებზე, ახლა ჰიპ-ჰოპზე შევედი.

- გადაწყვეტილი გაქვს, რომელ პროფესიას აირჩევ?

- ადვოკატი გამოვალ და ხალხს დავეხმარები სიმართლის დამტკიცებაში.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით