რატომ იხოცებიან დელფინები? - კვირის პალიტრა

რატომ იხოცებიან დელფინები?

"ეპიდემიების აფეთქებები დელფინებშიც ყოფილა და არც მომავალშია გამორიცხული"

რამდენიმე წელიწადია, რაც შავი ზღვის ზოლის ყველა ქვეყნის სანაპიროზე, ჩვენთან კი გრიგოლეთიდან სარფამდე ტალღები მკვდარ დელფინებს რიყავს. ზოგი მიიჩნევს, რომ დელფინების უმეტესობა მეთევზეების მსხვერპლია და თანჭერისას ბადეში იხრჩობა, ზოგი კი უმძიმეს დაავადებას - "მორბილ-ვირუსს" ასახელებს და ამბობს, რომ დელფინების დასაცავად უფრო ეფექტური ღონისძიებებია საჭირო. 11 მაისამდე ჩვენს სანაპიროებზე 27 დელფინი გამოირიყა, ბოლო დღეებში ეკოლოგებმა კიდევ 4 აღმოაჩინეს და გრიგოლეთის ლაბორატორიაში შესასწავლად გადაიტანეს.

ზურაბ გურიელიძე, ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგი: - შავი ზღვის ყველა ქვეყანაში დელფინების გამორიყვა გახშირდა. ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ დელფინებს თევზჭერისას დაზიანებასთან ერთად "მორბილ-ვირუსიც" ანადგურებს. თუმცა, ჩვენს ლაბორატორიაში გამოკვლეულ დელფინებში ამ ვირუსის არსებობა არ დაგვიდასტურებია. ჩვენთან გამორიყული დელფინების უმეტესობა თანჭერის დროს არის დამხრჩვალი...

- გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დელფინების დახოცვის მიზეზი ეს ვირუსი იყო - მათ დიაგნოზისთვის დელფინების ორგანოები ისრაელში გაგზავნეს.

- "მორბილ-ვირუსი" ჩვენს გამოკვლეულ დელფინებში არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო იმ დელფინებში, რომლებიც ცხოველ-ფრინველებმა შეჭამეს. ეს ვირუსული ინფექცია ტვინს და ნერვულ სისტემას აზიანებს. დაავადებული დელფინი კოორდინაციის უნარს კარგავს, გვერდზე გადაწვება და ტივტივს იწყებს... ეს გრძელდება რამდენიმე დღე, შემდეგ კი მას ზღვა სანაპიროზე რიყავს, ხანდახან ცოცხალსაც.

- ვირუსი შეიძლება შეეყაროს თევზებსაც. ისინი რატომ არ ირიყებიან ნაპირზე?

- დელფინი ძუძუმწოვარია, წყალში 6 წუთს თუ ძლებს, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში. ფილტვებში წყალი უგუბდება, იბერება და ირიყება, დაღუპული თევზები კი ფსკერზე ეშვებიან, თანაც მათ გამორიყვამდე ზღვის სხვა ბინადრები ჭამენ.

- წითელ წიგნში შეტანილ დელფინის ზოგიერთ სახეობას ეს ვირუსი გადაშენებით ხომ არ ემუქრება?

- ვირუსებზე მეტად ემუქრებათ ზღვაში საკვების შემცირება ან თანჭერა - ამ დროს ბადეში თევზებთან ერთად ებმება და იხრჩობა... ჩვენს ზღვაში სამი სახის დელფინი ბინადრობს, - აფალინა, თეთრგვერდა და ზღვის ღორი. აფალინა და ზღვის ღორი წითელ წიგნშია შეტანილი. აფალინა ჩვენთან ძალიან ცოტა დარჩა - ბოლო წლებში ჩატარებული აღწერისას მხოლოდ 120-მდე აღმოჩნდა... ზღვის ღორი კი შედარებით ბევრია. მსოფლიოში არსად იყრის თავს იმდენი ზღვის ღორი, რამდენიც ფოთსა და გრიგოლეთს შორის, რადგან ზამთრობით აქ ზღვა თბილია, ქაფშიაც შემოდის, რითაც იკვებებიან...

ალბინოსი ზღვის ღორი მსოფლიოში უიშვიათესია, 2012 წელს ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა ნახა რიონისა და ხობის შესართავში, სრულიად ქათქათა ზურგით მიაპობდა ტალღებს...

საბჭოთა იმპერიამ შავი ზღვის დელფინების საქმეც კი ცუდად წაიყვანა - დელფინის ქონი ერთ-ერთი ძვირად ღირებული ცხიმია, რისთვისაც შავ ზღვაში დელფინებზე გამალებით ნადირობდნენ...

ლევან ნინუა, ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგი: - ბევრი გამორიყული დელფინის სხეულზე მინახავს თევჭერის ბადეების ჩანაჭდევები. როცა თევზს იჭერენ, მასთან ერთად ბადეში დელფინიც ხვდება და ცხადია, მას აღარავინ ამოიყვანს. ღამით თევზებით სავსე ბადეს წყალში რომ ჩაკიდებენ, დელფინი გამწარებით იბრძვის ამოსასვლელად. სწორედ ამ დროს აჩნდება სხეულზე კაპრონის ბადის ნაჭდევები...

- რამდენად საშიშია "მორბილ-ვირუსი"?

- უძლიერესი ვირუსია, თუმცა, ისე როგორც ადამიანი, დელფინიც გამოიმუშავებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტს და თუკი ასე მოხდა, არ არის აუცილებელი, მთელი დელფინები ამ ვირუსმა დახოცოს. დელფინებს ბევრი ვირუსი და ბაქტერია ემუქრება. მათ შორის ნერვული დაავადების გამომწვევი ვირუსები და ფრინველის გრიპიც კი. დელფინებში კანის დაავადებებიც ფიქსირდება, მათ შორის ჰერპეს-ვირუსი. ასე რომ, ეპიდემიების აფეთქებები დელფინებშიც ყოფილა და არც მომავალშია გამორიცხული. მთავარია, ამის კონტროლი შევძლოთ. სხვათა შორის, დელფინები ადამიანებივით სიბერითაც იხოცებიან. ერთხელ ურეკიდან დაგვირეკეს, - ნაპირთან მოვიდა დელფინი და ვეღარ ცურავსო. მივედით საშველად. ვერას გავხდით. დავაკვირდით. მოხუცი იყო, ისე, როგორც ადამიანს, კბილები ჩასცვენოდა და ცურვის არაქათი აღარ ჰქონდა...

დელფინების ისტორიაში ამერიკელი ნეიროფიზიოლოგების მიერ ჩატარებული ცდაა აღწერილი: ნეიროფიზიოლოგი დელფინისთვის სიტყვების წარმოთქმის სწავლებას ცდილობდა, რომლისთვისაც 23 წლის გოგონა ჰყავდა დამკვირვებლად მიჩენილი. რამდენიმე თვის შეEმდეგ, როცა დელფინი და გოგონა დააშორეს, დელფინმა ჭამა შეწყვიტა და მალე მოკვდა...

ეთერ ერაძე