"ბიჭი შახტში­ ჩახტა და შეყვარებულს გამოუცხადა, თუ ცოლად არ გამომყვები, აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარო" - კვირის პალიტრა

"ბიჭი შახტში­ ჩახტა და შეყვარებულს გამოუცხადა, თუ ცოლად არ გამომყვები, აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარო"

"დღეს თბილისის მეტროს 22 სადგური მოქმედებს, რომელთა ლიანდაგების საერთო სიგრძე 26 კილომეტრია"

"პირველად "დიდუბიდან" "რუსთაველამდე" სადგურები გაიხსნა. გახსნას რესპუბლიკის პირველი პირი, ვასილ მჟავანაძე, მეტროპოლიტენის უფროსი მოადგილეებით, მშენებლებით, ცეკა-ტეკა, ვინ არ ესწრებოდა"

თბილისი იყო მსოფლიოში ოცდამეექვსე და საბჭოთა კავშირში მეოთხე ქალაქი (მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ), სადაც მეტრო გაიხსნა. ეს ამბავი 1966 წლის 11 იანვარს მოხდა. თენგიზ დოლიძე, მეტროპოლიტენის თანამშრომელი, ახლა 82 წლისაა.

თენგიზ დოლიძე: - თბილისის მეტროპოლიტენის გახსნამდე უმკაცრესი სატესტო სამუშაოები ჩატარდა, ყველა დეტალი საგულდაგულოდ შემოწმდა, რის შემდეგაც დაიდო წერილობითი დასტური, რომ მიწისქვეშა ტრასა მზადაა საცდელი მატარებლის გასატარებლად! 1966 წლის 11 იანვარს გადაწყდა თბილისის მეტროპოლიტენის გახსნა. დათქმული იყო, რომ მატარებელი 10 საათისთვის უნდა დაძრულიყო "დიდუბიდან" და "რუსთაველის" მიმართულებით წასულიყო. გახსნას რესპუბლიკის პირველი პირი, ვასილ მჟავანაძე, მეტროპოლიტენის უფროსი მოადგილეებით, მშენებლებით, ცეკა-ტეკა, ვინ არ ესწრებოდა.

პირველად "დიდუბიდან" "რუსთაველამდე" სადგურები გაიხსნა, 1967 წლის ბოლოს "რუსთაველი" - "300 არაგველი", 1971 წელს "300 არაგველი"-"სამგორი", 1979 წელს ამოქმედდა საბურთალოს ხაზი, "ვაგზალი"-"დელისი". 1986 წელს მათ მიჰყვა "დიდუბე"-"გურამიშვილისა" და "სამგორი"-"ვარკეთილის" ტრასები.

დღეს თბილისის მეტროს ორ ხაზზე 22 სადგური მოქმედებს, რომელთა ლიანდაგების საერთო სიგრძე 26 კილომეტრია.

მთელ ქვეყანაში რომ გათიშულიყო დენი, ელექტროენერგიის რეზერვი ყოველთვის გვქონდა. არის საიდუმლო ობიექტები, საიდანაც ვიღებდით ძაბვას. შეიძლება მატარებელს ვეღარ ემოძრავა, მაგრამ საიმისო განათება იყო, რომ ვაგონები დაეცალათ და მგზავრები უსაფრთხოდ გამოეყვანათ.

ერთხელ რკინიგზის სადგურზე, რომელსაც სულ რამდენიმე მეტრი აშორებს მეტროსადგურ "დიდუბისგან", ვაგონებით მიმავალი სამხედრო ტექნიკა აფეთქდა და ყველაფერი დალეწა. ორი დღე-ღამე მოუნდა აღდგენას. ამ ხნის განმავლობაში სახლში არ წავსულვარ.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც 90-იანებში მოხდა. გოგონა შეყვარებულმა "დელისის" სადგურამდე გააცილა. დამშვიდობებისას უცებ ბიჭი შახტში ჩახტა და შეყვარებულს გამოუცხადა, თუ ცოლად არ გამომყვები, აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარო. დამფრთხალი გოგო ტიროდა, მგზავრები კი ყველა მხრიდან დასძახოდნენ: გაჰყევი, გაჰყევიო... ყველა შახტშია საკონტაქტო რელსი, რომლითაც 825-ვოლტიანი ძაბვა მიეწოდება მატარებელს. ასე რომ, იმ ბიჭს ორმაგად გაუმართლა...

- ქალი მემანქანეები თუ გყავთ?

- არა, მოსკოვში მრავლად იყვნენ, ჩვენთან კი სურვილი არავის გამოუთქვამს.

- პირადად თქვენ რა გევალებათ?

- საკაბელო ქსელების დისტანციის უფროსის მოადგილე ვარ. ეს დღეს, თუმცა არაერთი თანამდებობა გამოვიცვალე... 25 წლის განმავლობაში ვიბარებდი გამოცდებს - მეტროს ყველა თანამშრომელი აბარებს გამოცდას. ერთ წელიწადს ერთმა თანამშრომელმა რაღაც საკითხი ვერ ჩამაბარა, არადამაკმაყოფილებელი გავუფორმე და გარკვეული დროის შემდეგ უნდა გადაებარებინა. ერთი წლის თავზე ხელახალი გამოცდა რომ დაინიშნა, ისევ ის საკითხი ვკითხე. რამ გაგახსენათ, ბატონო თენგიზ, შარშან ამ კითხვით ჩამჭერითო. ვუთხარი, თუ გინდა გაგახსენებ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომელ გამოცდაზე რა საკითხი შეგხვდა-მეთქი და კინაღამ გაგიჟდა.

- ოჯახზე მიამბეთ.

- 1992 წელს ვარკეთილის მეტროსთან ტყავის ქურთუკის გულისთვის 29 წლის ბიჭი მომიკლეს. სამი შვილი დარჩა. სამივე გავზარდეთ და გზაზე დავაყენეთ, უკვე თავ-თავიანთი ოჯახები აქვთ.

- გაარკვიეს, ვინ იყო მკვლელი?

- გოგონები დაიჭირეს. მაშინაც და ახლაც მჯერა, რომ ისინი მონაწილეები იყვნენ, მაგრამ მკვლელი არ გასცეს. ერთს 16 წელი მიუსაჯეს, მეორეს - 15.

მე და ჩემი მეუღლე 55 წელია ერთგულად ვეწევით ცხოვრების ჭაპანს.

ჩემი მეორე ოჯახი მეტროა. თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან დღემდე ვმუშაობთ, თბილისის მეტროს 50-ე წლისთავზე თერთმეტნი ვიყავით. დამიფასდა შრომა - ყველაზე დიდი გასამრჯელო, ხალხის სიყვარული დავიმსახურე - 2013 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. თბილისის მეტროპოლიტენის 30-ე წლისთავზე ღირსების ორდენი პირადად შევარდნაძემ გადმომცა.

დღეს თბილისის მეტროს 2400 თანამშრომელი ჰყავს. უმრავლესობას პირადად ვიცნობ. იცით, რა მახარებს? - სადგურებში რომ გავივლი, სადგურის მორიგე, კონტროლიორი სიხარულით რომ მხვდებიან და მეფერებიან.

პირველი მეტრო მსოფლიოში

ლონდონის მეტროპოლიტენი 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა (ორ სადგურს შორის მოძრაობდა). პირველი ხაზი ქუჩის ქვემოთ გადიოდა. ის ღია, ე. წ. მოჭრა-გადახურვის მეთოდით აშენდა. ქუჩას 10 მ სიმაღლეზე თხრიდნენ, რელსებს ჩააწყობდნენ, ზემოდან ქვის თაღებს დააშენებდნენ და მთელ ამ კონსტრუქციას აგურით ამოაშენებდნენ. მერე ქუჩაზე თავიდან აგებდნენ ქვაფენილს. 1911 წელს, როცა ესკალატორები გამოიგონეს, ღრმა გვირაბების გაყვანა დაიწყეს. ლონდონის მეტრო დღეს მოიცავს 11 ხაზს, 270 სადგურს, ლიანდაგების საერთო სიგრძე 402 კმ-ია.

იხილეთ ასევე: როგორ შენდებოდა მეტრო თბილისში და მისი პირველი მგზავრები (+ უნიკალური ფოტოარქივი)

ეკა სალაღაია