"აღარ გვინდა ომი!" - აფხაზი გოგოსა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"აღარ გვინდა ომი!" - აფხაზი გოგოსა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავი

"ბევრ განსაცდელს გავუძელით. მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად უფალი ყოველთვის მიჩვენებდა გზას. როდესაც ვლოცულობ, ღმერთს უპირველესად მშვიდობას შევთხოვ"

ქართულ-აფხაზური დაპირისპირება ყველაზე მძიმედ შერეულ ოჯახებზე აისახა. აფხაზმა ნატალია მარშანიამ და ქართველმა ხვიჩა ჭანტურიამ ომამდე სამი თვით ადრე, ყველაზე დაძაბულ პერიოდში იქორწინეს. ექვსშვილიან ოჯახს კოჯორში ვეწვიე, შინ დედ-მამა და მხოლოდ სამი შვილი დამხვდნენ.

ნატალია მარშანია: "ხვიჩა ნათესავის ქორწილში გავიცანი. სანათესავოს კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, დაქორწინება გადავწყვიტეთ. რომ შევუღლდით, ჰაერში უკვე დენთის სუნი ტრიალებდა. პირველი ქალიშვილი, მაია, სოხუმში დაიბადა. მერე ომიც დაიწყო. იქ აღარ გვედგომებოდა და სამეგრელოსკენ გავეშურეთ. მალე დაძაბულობამ სამეგრელოშიც იმატა და რუსეთში გადავიხვეწეთ, უდმურტეთში გავაგრძელეთ ხიზნური ცხოვრება. ჩემი ოთხი შვილი ქალაქ იჟევსკში დაიბადა. ერთ დღესაც უბედურება დაგვატყდა - ხვიჩას ძმა გარდაეცვალა და იჟევსკიდან სენაკში წაასვენა. 40 დღეც არ იყო გასული, მამაც გარდაეცვალა, დედა ლოგინად ჩავარდა. ხვიჩა განსაცდელში ჩავარდნილ ოჯახს ხომ ვერ მიატოვებდა! დავრჩი შორეულ უდმურტეთში მარტო, თან მეექვსე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი! მაშინ გადავწყვიტე სოხუმში დავბრუნებულიყავი და... ისევ ავიბარგეთ.

აფხაზეთში კარგად მიგვიღეს. ბავშვები სკოლაში წავიდნენ. თითქოს ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ ბავშვებს მამა ენატრებოდათ. ხვიჩას კი სოხუმში შესვლა აკრძალული ჰქონდა "ქართველობის ნიშნით"... დავავლე ჩემს ნაბოლარა მარიამს ხელი და სამეგრელოსკენ გავეშურე... მამიკოს გასაცნობად! მტერსაც კი მოუკლავდა გულს ჩვენი შეხვედრა!

რამდენიმე დღე დავრჩით და გადაწყვეტილებაც მივიღეთ, რომ აღარასოდეს დავშორდებოდით. სოხუმში დავბრუნდი, მაგრამ შვილების აფხაზეთიდან გაყვანის უფლება არ მომცეს. ეს ბავშვები ჩემი შვილები არ არიან-მეთქი? - забирайте одного! - მკაცრად მითხრეს. მაინც შევძელი წამოსვლა. დედაჩემმა ჩვენს ნაღვლიან თვალებს ვეღარ გაუძლო - ოღონდ თქვენ კარგად მყავდეთ და წადითო...

ისევ გამთლიანდა ჩვენი ოჯახი - ახლა უკვე თბილისი და ისევ დევნილობა, რომელიც ღირსებაშემლახავია. მომთაბარეობას, ხეტიალს, უჭერ-ფუძეობას უამრავი პრობლემა ახლავს... 2013 წელს კოჯორში გამგებლის დახმარებით სახანძროს შენობაში ორი ოთახი გამოგვიყვეს. ყოფისთვის აუცილებელი პირველი ნივთები, ერთი ტომარა კარტოფილი - სახანძროს მუშაკებმა მოგვაწოდეს. დღემდე ისინი გვპატრონობენ. შემდეგ კეთილმა ადამიანებმა აუცილებელი ავეჯიც მოგვიტანეს, ახალი ტანსაცმელიც გვაჩუქეს. მაია და ტარიელი ვართო - ასე გაგვეცნენ, მოწყალება გაიღეს და წავიდნენ. შემდეგაც გვესტუმრნენ და 1000 ლარი გვაჩუქეს. მათ ადამიანური ღირსება დაგვიბრუნეს.

ახლა ქართულს ვსწავლობ. ყველაფერი მესმის, აი, ბრუნვის ნიშნები მიჭირს. მინდა სრულყოფილად ვფლობდე ჩემი შვილების ენას.

მაია 24 წლის არის, ნინო - 23 წლის, ეკა - 20-ის. მხატვრულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატობის კანდიდატია. 17 წლის ლიკა თბილისის 37-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. პირველთანრიგოსანია მხატვრულ ტანვარჯიშში. გიორგი თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. დადის კარატეზე, ყვითელი ქამრის მფლობელია. მარიამი კი ჯერ 5 წლისაა. ოცდასამი წლის მანძილზე, ბევრ განსაცდელს გავუძელი. მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად უფალი ყოველთვის მიჩვენებდა გზას. როდესაც ვლოცულობ, ღმერთს უპირველესად მშვიდობას შევთხოვ. აღარ გვინდა ომი! მან ისე დაგვინგრია ცხოვრება, რომ საბუდარმოშლილებმა, ბუდე ხელახლა ვერსად ავიშენეთ, ფრთები ვერ გაშალა ახალმა თაობამ.

მჯერა, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. ჩვენ დავბრუნდებით!"

სვეტლანა კვიკვინია