"დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი" - კვირის პალიტრა

"დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი"

"როგორ შეიძლება, საქართველო არ მოგეწონოს... ერთადერთი, ტაქსისტები აფუჭებენ სახელმწიფოს იმიჯს. უცხოს რომ დაინახავენ, სულ იტყუებიან"

ბათუმელი კოლორიტის, მიშას მოძებნა არ გაგვჭირვებია, როგორც გაირკვა, მისი სახელი და გვარია ჩი უბანი, 10 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, ჰყავს გურული მეუღლე და ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.

- თქვენი გაზეთი ვიცი, ვკითხულობ, მაგრამ ყველაზე მეტად PalitraNews-ი მომწონს. საერთაშორისო ინფორმაციას ვისმენ, მოკლედ, ლაკონიურად გადმოსცემენ ნიუსებს. ინტერვიუსთვის რომ დამირეკეთ, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა.

მამა ინგლისელი მყავს, უელსიდან, დედა - ნიგერიელი. საქართველოში 2007 წელს ჩამოვედი, ერთწლიანი კონტრაქტით. ნავთობის კომპანიაში ვმუშაობდი, სუფსის ტერმინალში, ინგლისურის სპეციალისტად.

- გურული ცოლი ჰყავსო.

- ბათუმში გავიცანი. თიკო ფრანგულის სპეციალისტია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი. ჩვენი შვილი, ჩიკო, უკვე დიდი ბიჭია, სექტემბერში სკოლაში მიდის. ბათუმში ბევრი მეგობარი შევიძინე, თუმცა ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ჩემი შვილია, ჩვენ ერთმანეთი გვყავს, მე, თიკო და ჩიკო ჩვენი სამყარო ვართ.

ორჯერ დავწერე განცხადება და მოქალაქეობას არ მაძლევენ. რომ ვიკითხე, 10 წელია თქვენი სტუმარი ვარ და არ მაძლევთ-მეთქი? მითხრეს: როცა სტუმარი მოვა შენთან, უფლება გაქვს ან გაუღო კარი, ან არაო.

რაიონებშიც ვასწავლიდი ინგლისურს. თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და ყველა კილოკავს ვარჩევ. ადამიანს რომ მოვუსმენ, უკვე ვიცი, რომელი კუთხიდანაა. ახლა ბათუმის კერძო სკოლაში ვმუშაობ. ოჯახი რომ ვარჩინო, მოსწავლეებიც მყავს კერძოდ.

- მიშა რატომ დაგარქვეს?

- სულ ვამბობ ხოლმე, საქმე ლაპარაკის ნაცვლად-მეთქი, არ მიყვარს დაპირებები და ბევრი ლაი-ლაი - საქმით მაჩვენე, რა შეგიძლია. ჰოდა, ამ სლოგანის გამო შემარქვეს მიშა. ყველა ემოციასა და შთაბეჭდილებას ვიწერ, მასალებს ვაგროვებ ჩემი მომავალი წიგნისთვის "ჩემი ცხოვრება საქართველოში".

- ყველაზე კარგი ეპიზოდი მიამბეთ ამ წიგნიდან.

- ასეთი, ალბათ, ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ადგილის შოვნაა. საოცარი ამბავია. დღეს ხომ ყველგან ნეპოტიზმია, მეც არავის ბიძაშვილი არა ვარ. ამ სკოლის ხელმძღვანელმა კი ჩემი გამოცდილების წყალობით მიმიღო. ზაფხულში მასწავლებლებს არა აქვთ სამუშაო, ამიტომ გიდის კურსები გავიარე და გიდად ვმუშაობ. როგორ შეიძლება, საქართველო არ მოგეწონოს, მისი ისტორია, ბუნება, არქიტექტურა. უცხოელები თქვენს ღვინოზე გიჟდებიან, ყველაფერი მოსწონთ, ერთადერთი, ტაქსისტები აფუჭებენ სახელმწიფოს იმიჯს. უცხოს რომ დაინახავენ, სულ იტყუებიან.

ქართული ღვინო მეც მომწონს. თუ ვინმეს დაბადების დღე ან ქორწილია, ჩემი მოსწავლეები მეპატიჟებიან. მიყვარს "განდაგანა", სუხიშვილების ანსამბლი, ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ. ქართულ სამზარეულოსაც მივეჩვიე, მაგრამ ბრინჯი და ლობიო ყველაფერს მირჩევნია. ჩემს მეუღლეს არ უყვარს ცხარე საჭმელები, მე კი ვგიჟდები მეგრულ სამზარეულოზე.

- სადაც გაგიკითხეთ, მშრომელ კაცად დაგახასიათეს.

- რომ დათესავ, მოვლა ხომ უნდა? ოჯახიც ასეა, რომ შექმნი, უნდა არჩინო კიდეც. ისე, ყველაზე მეტად წიგნით შრომა მიყვარს. დავდივარ ბიბლიოთეკაში, ცოტას ცოლი მეხმარება და გავიცანი ფარნავაზი, თამარი, დავით აღმაშენებელი... საოცრებაა შოთა რუსთაველი, სასწაულია ვაჟა. მიყვარს ნოდარ დუმბაძე, ისიც ხომ გურულია და ვამბობ ხოლმე, ჩემი სიმამრია-მეთქი.

ძალიან მესიმპათიურება განათლების მინისტრი ჯეჯელავა. ბევრი პრეტენზია წაუყენეს, ზღაპრის გმირები რომ გააკრიტიკა, მაგრამ ლოგიკურად ლაპარაკობს, ახსნა მომწონს მისი - კარგი მასწავლებელი ის არის, ვისაც საკითხის კარგად ახსნა შეუძლია.

- რამდენი წლის ხართ?

- ქალი არა ვარ, მაგრამ ასაკს მაინც ვმალავ.

- და-ძმა გყავთ?

- ორი ძმა მყავს, გერმანიაში ცხოვრობენ... მსოფლიო ვითარდება, მაგრამ სად არის სამოთხე დედამიწაზე?

ადამიანმა უნდა შეიქმნა შენ გარშემო ან ჯოჯოხეთი, ან სამოთხე. მე არ ვჩქარობ, კუს ნაბიჯებით მივდივარ ჩემი სამოთხისკენ.

იხილეთ ასევე: "იაპონელებმა დროის ფასი ვიცით, ქართველებს კი დაგვიანება გიყვართ"

ეკა სალაღაია