"რაც ეს დაწესებულება ამუშავდა, ეზოში ხეებიც კი გახმა" - კვირის პალიტრა

"რაც ეს დაწესებულება ამუშავდა, ეზოში ხეებიც კი გახმა"

დაბინძურებული სამედიცინო ნივთები მუყაოს ყუთით, პირდაპირ ასფალტზე ყრია

თბილისის არაერთი კლინიკის მახლობლად, ნაგავსაყრელებში, სამედიცინო ნარჩენებს მრავლად ნახავთ. არადა, ამ ადგილებში ადამიანების დაინფიცირების პრევენციის მიზნით, ყველა ნორმა დაცული უნდა იყოს. ე.წ. არამიანცის საავადმყოფის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროფილის ბევრი სამედიცინო დაწესებულებაა. დაწესებულებების ახლოს განთავსებულ ნაგვის ურნებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა, გამოყენებული სამედიცინო ნივთები აღმოვაჩინეთ: სისხლიანი დოლბანდი, სამედიცინო ხელთათმანები, ბაქტერიებისგან დამცავი ნიღბები, სისხლისა და შარდის ანალიზებისთვის გამოყენებული შუშის მილები, მედიკამენტების ნარჩენები - ამპულები და ფლაკონები...

თეთრეული აივნის მოაჯირზე შრება?!

ერთ-ერთი კლინიკის უკანა მხარეს სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოს თეთრეულს აივნის მოაჯირზე აშრობს... კერძო ტერიტორიაზე ჩვენმა გამოჩენამ თანამშრომლები გააღიზიანა. კლინიკის დირექტორის განმარტებით, გასაშრობად გაფენილი თეთრეული პაციენტებისთვის არ არის განკუთვნილი. ხმარებიდან ამოღებული ქსოვილები ინახება სარემონტო სამუშაოებისას საწოლებზე გადასაფარებლად. კონკრეტულად ეს თეთრეული კი გადასატანად გამზადებული სამედიცინო ტექნიკის შესაფუთად გარეცხეს. დირექტორის განმარტებით, ისინი სამედიცინო ნარჩენებს სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ, ადგილზე ახდენენ სეპარირებას და ამის შემდეგ კონტაქტორ კომპანიას მიაქვს გასანადგურებლად.

ქუჩაში დაყრილი მაღალი რისკის მატარებელი ნივთები

ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კლინიკა სამ სხვადასხვა დაწესებულებას აერთიანებს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელში, საყოფაცხოვრებოსთან ერთად, სამედიცინო ნარჩენები, მაგალითად, მაღალი რისკის მატარებელი ნივთები - ანალიზებისთვის განკუთვნილი შუშის მილები ყრია. ამ შუშებზე დაავადების დიაგნოსტირებისათვის სხვადასხვა სახის მასალა ითესება. ეს დაბინძურებული ნივთები კი მუყაოს ყუთით, პირდაპირ ასფალტზე ყრია. ღია ურნები სავსეა წვეთოვანის ქილებითა და გამოყენებული ხელთათმანებით. ნაგავსაყრელზე კატებიც დასეირნობენ და არავინ იცის, ინფიცირებული შინაური ცხოველი რა სახის საფრთხეს წარმოადგენს.

სამ კლინიკაში ადგილზე არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ აღმოჩნდა, ვინც ჩვენს კითხვებს უპასუხებდა... დაცვის თანამშრომელმა კი კამერისა და მიკროფონის დანახვისას შენობაში შესვლაზე ცივი უარი გვითხრა.

სად და როგორ ნადგურდება სამედიცინო ნარჩენები?

სანამ თბილისის კლინიკების ახლომდებარე ღია ურნებში სამედიცინო ნარჩენებს ვათვალიერებდით, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მოსახლეობა გამოყენებული სამედიცინო ნივთების დახურულ სივრცეშIი დაწვის შედეგად ჰაერში გაფრქვეულ კვამლსა და მძაფრ სუნს აპროტესტებდა...

დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში წლებია, მდებარეობს, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ამ ტერიტორიაზე სამედიცინო ნარჩენებს წვავენ.

გია თაფლიძე, ადგილობრივი მცხოვრები: - ამ ადგილას თურმე ე.წ. "ბ" ჯგუფის ნარჩენებს წვავენ (ანატომიური ნარჩენი თავისი საშიშროების მიხედვით "ბ" და "გ" კლასს, ანუ სარისკო ჯგუფს განეკუთვნება, - ავტ.). კვამლი და გამონაბოლქვი გვწამლავს. მოვითხოვთ, რომ სუნთქვის უფლება დაგვიტოვონ..."

ზურაბ მანდარია, ადგილობრივი მცხოვრები: - შენობა ჰერმეტულად არაა დაცული, ამიტომაც კვამლი და სუნი იფრქვევა. ფურცელზე რა არის დაწერილი, ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ იმ ფაქტს ვეყრდნობით, რასაც ყოველდღე ვხედავთ.

მიხეილ ხურციძე, ადგილობრივი მცხოვრები: - რაც ეს დაწესებულება ამუშავდა, ეზოში ხეებიც კი გახმა. გარდა ამისა, მეზობლად პედიატრიული საავადმყოფო და ტუბდისპანსერია, სადაც სასუნთქი გზებისა და ფილტვების სამკურნალოდ მოდიან, მაშინ, როცა ფანჯარას ვერ ვაღებთ. გვეშინია, თავი არ იჩინოს ონკოლოგიურმა დაავადებებმა. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ შენობის დემონტაჟი."

კესო გვარაკიძე, ავტოქარხნის ბაზაზე არსებული პედიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე:

- ირგვლივ უსიამოვნო სუნი და მუქი ფერის კვამლი ტრიალებს, ამის გამოც შენობას ვერ ვანიავებთ. ამ კლინიკაში ბავშვები სამკურნალოდ მოდიან და სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ..."

"მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა!"

თამარ ჯანელიძე, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი: -"მე არ შემინიშნავს უსაშველოდ აუტანელი სუნი ან კვამლი, არადა, ჩვენი კლინიკა ნარჩენების გამანადგურებელ დაწესებულებასთან უფრო ახლოა, ვიდრე მოსახლეობა. ყველა ქვეყანაში ნადგურდება გამოყენებული სამედიცინო ნივთები. მთავარია, დაცულია უსაფრთხოების წესები, სხვა შემთხვევაში ლიცენზია არ გაიცემა.

კოტე გვეტაძე, ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ხელმძღვანელი: - არანაირი მავნე გამონაბოლქვის გაფრქვევა არ ხდება. უსაფრთხოების ყველა ნორმაც დაცულია. ყველა გამოყენებული სამედიცინო ნივთი, "ბ" და "გ" კატეგორიის ნარჩენები ნადგურდება და ამით თავიდან ვიცილებთ ინფექციების გავრცელების კერებს. ყველაფერზე გაცემულია ნებართვა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შესახებ.

როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, ეკოლოგიური შესწავლის შემდეგ, გადაწყდა, რომ დასახლებულ პუნქტში სამედიცინო ნარჩენების გამანადგურებელი დამონტაჟდება, ეს არის ინსინერატორი, სამედიცინო ნარჩენების საწვავი ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ნარჩენები განადგურდება. ამასთან, ამ დროს მცირე რაოდენობით კვამლი და ემისიები უნდა გამოიყოფოდეს.

მერიკო ტურაძე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენელი: -"გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩატარებულია და დადებითი დასკვნაა გაცემული. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები.

საწარმოში "ბ" და "გ" კატეგორიების ნარჩენების წვა ხდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, 950 გრადუს ცელსიუსზე. არ არსებობს მოსახლეობის ინფიცირების ან მათზე მავნე ზემოქმედების რისკი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა, მოსახლეობის პროტესტზე დაყრდნობით, დაიწყო შემთხვევის შესწავლა. თუ რაიმე სახის დარღვევა გამოვლინდა, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები."

როგორ ხდება სამედიცინო ნარჩენების მართვა

სახიფათო ნარჩენები სპეციალური დახურული მანქანებით გადააქვთ, დანიშნულების ადგილზე კი ნარჩენებს სტერილიზაცია ორთქლით უტარდება და ამის შემდეგ იწვება. ამას ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, ნარჩენები საშიშროებიდან გამომდინარე ხუთ კლასად იყოფა, მათ შორის სარისკო და განსაკუთრებით საშიშ ნარჩენებად, რომელთა გარემოში მოხვედრა კატეგორიულად დაუშვებელია. ანატომიური ნარჩენი, საშიშროების მიხედვით "ბ" და "გ" კლასს, ანუ სარისკო ჯგუფს განეკუთვნება. ამავე წესების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების შერევა დაუშვებელია. შესაბამისად, მათი ლიკვიდაციის წესებიც რადიკალურად განსხვავებულია.

ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების ადგილზე სეპარაციას და შეგროვებას, ხოლო ტრანსპორტირება და განადგურება, გარემოს დაცვის სამინისტროს ავალია.

თორნიკე ყაჯრიშვილი