SALIO-ს ამერიკული ოცნება - კვირის პალიტრა

SALIO-ს ამერიკული ოცნება

"4 ივნისს ვაშინგტონში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შევასრულებ საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს"

სალომე კორკოტაშვილმა, რომელიც უცხოეთში Salio-ს ფსევდონიმით არის ცნობილი, აშშ-ში მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო პოპსიმღერა", კომპოზიციით I Know You Know Me. ქართველმა მომღერალმა პრიზის სახით სტუდია Song Builder Studios-ში სიმღერის ჩაწერის უფლება მიიღო და კომპოზიცია აშშ-ის ასამდე რადიოსადგურსა და მსოფლიოს დიდი ქალაქების რადიოეთერში გავა. Song Builder Studios-თან ისეთი ვარსკვლავები თანამშრომლობდნენ, როგორებიც არიან: მაილი საირუსი, ბრიუს სპრინგსტინი, როკჯგუფი The Smashing Pumpkins.

სალომე ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა. რამდენიმე წლის წინ ცხოვრება ბრიტანელ პროფესორს, ლიტერატორს, მუსიკოსსა და პუბლიცისტ რიჩარდ ჰოვარდს დაუკავშირა. ერთხანს ლონდონში ცხოვრობდნენ, შემდეგ თბილისში გადმოინაცვლეს... ახლა აქტიურად არიან ჩართული სალომეს ამერიკული ოცნების ახდენაში. "კვირის პალიტრას" სალომე კორკოტაშვილი ესაუბრა:

- ჩემი სიმღერა გავა ტოკიოს, ნიუ-იორკის, ტეხასის, ლონდონისა და დიდი ქალაქების რადიოსადგურების ეთერში. ამ ქალაქებში იგეგმება კონცერტები. ახლა ვემზადები ფესტივალისთვის, რომელიც ტეხასში ჩატარდება და დაესწრებიან ბიონსესა და ჯგუფ Guns n' Roses-ის პროდიუსერები - ისინი დაეხმარნენ მათ პოპულარობის მიღწევაში. ბუნებრივია, ვღელავ, მინდა, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

- სანამ ამერიკული ოცნების ახდენას შეუდგებოდით, ლონდონში ცდილობდით კარიერის აწყობას.

- ინგლისში Abbey Road-ის სტუდიაში ჩავწერე ალბომი, ანუ იქ, სადაც თავის დროზე The Beatles-ის ალბომი ჩაიწერა, მაგრამ პოპულარობა ვერ მოვიპოვე... პირველი მიზეზი, რის გამოც ამერიკისკენ გადავიტანე აქცენტი, ის იყო, რომ ვიზა არ ჩამირტყეს და ვეღარ დავბრუნდი ლონდონში - გასულ წელსაც და ამჯერადაც ბრიტანულ "X ფაქტორში" მიმიწვიეს, მაგრამ უვიზოდ რას გავხდებოდი... დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა, პროდიუსერმა ტონი კოლუჩიომ მიმიწვია ნიუ-იორკში, თავის სტუდიაში. ის მუშაობდა მსოფლიო არტისტებთან: უიტნი ჰიუსტონთან, მაიკლ ჯექსონთან, სელინ დიონთან, ჯანეტ ჯექსონსა და სინდი ლაუპერთან. ბედნიერებისთვის კიდევ ერთი მიზეზი მაქვს - 4 ივნისს ვაშინგტონში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს შევასრულებ.

- ალბათ, ბევრი კომპლიმენტი მიგიღიათ კარიერის განმავლობაში...

- გავიხსენებ მარვინ გრეის მენეჯერ ჯონი ველასკესს. ის თავის დროზე ჯგუფ ABBA-ს დაეხმარა. ველასკესმა ნორა ჯონსს შემადარა და მითხრა, შენ გაქვს ჯადოსნური ხმა და აუცილებლად მიაღწევ წარმატებასო. რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა, კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ისიც ნიუ-იორკში, თავის სტუდიაში მელოდება. ბევრს ვმუშაობ და მჯერა, აუცილებლად მივიღებ შედეგს.

- მეუღლეზე რას მიამბობთ?

- ძალიან მეხმარება, ყველგან ჩემ გვერდითაა. ძალიან უყვარს საქართველო, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ჩემს მშობლებთან. საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველაფერი აინტერესებს. ერთმანეთი შემთხვევით, ამსტერდამში გავიცანით. როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, ჩვენს ტრადიციებს პატივი სცა - ჩამოვიდა და მამაჩემს სთხოვა ჩემი ხელი.

- ქართულ შოუბიზნესზე რას მეტყვით?

- საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს. ჩემი ოცნებაა, "გრემის" ჯილდო ჩამოვიტანო საქართველოში. თუ ეს ნატვრა ამისრულდა, მინდა, მუსიკალური კოლეჯი გავხსნა, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესიონალები იმუშავებენ. მინდა, თბილისის ქუჩებში დავინახო გაღიმებული ადამიანები. ვიცი, რომ ყველას პრობლემა აქვს, ბევრს ვალი ახრჩობს, უმრავლესობა კი არ ცხოვრობს, არსებობს... ძალიან მინდა, მათ დავეხმარო, მეტი ჯილდო ჩამოვიტანო სამშობლოში და მსოფლიოს ვუთხრა, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, სადაც ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს.

ეკა სალაღაია