როდის გამოჩნდება მამა ცოტნე?! - კვირის პალიტრა

როდის გამოჩნდება მამა ცოტნე?!

ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი ეკრანებზე გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული - ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსის სასიყვარულო ისტორიები და ინტრიგებით სავსე კარიერა მაყურებლისთვის საინტერესო და სახალისო გახდა. "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაუჩინარების შემდეგ მაყურებელს გიორგი ბახუტაშვილი ეკრანებზე სხვა ამპლუაში გამოეცხადა - მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა და ამ საქმესაც წარმატებით ართმევს თავს. კითხვაზე, რას ფიქრობს ახალ გამოწვევაზე? პასუხობს: "მსახიობის ნებისმიერი ნაბიჯი ავანტიურაა, რისკის არასდროს მეშინია, პირიქით, ვცდილობ, ყველაფერი ვცადო..."

"გაწყვეტილი მაქვს კავშირი, სერიალში არ მიღებენ"

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას მსახიობი ცეკვის პატარა-პატარა გამოცდილებასაც იძენს, რაც მეხმარება პროექტში, მაგრამ პროფესიონალთან ცეკვა სულ სხვაა...

- ძალიან კარგი წყვილი ხართ შენ და ჯულიანა ბარგნარი. როგორ მუშაობ, აზრთა სხვადასხვაობა ხომ არა გაქვთ ხოლმე?

- ერთმანეთს ძალიან შევეწყვეთ, არანაირი კონფლიქტი არა გვაქვს. ჯულიანა სულ რაღაცას მასწავლის. იმდენად კარგი პარტნიორია, რომ შეიძლება ვერ გავაკეთო რაღაც, მაგრამ ისე შეფუთავს, რომ სცენაზე ჩანს, თითქოს მშვენივრად შევასრულე.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თუ გამოჩნდება უახლოეს მომავალში ცოტნე?

- იყო მცდელობა სერიალში ცოტნეს დაბრუნების, მაგრამ ჯერ რაღაც ვალდებულებები მაქვს აღებული და აუცილებლად უნდა შევასრულო, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. ამჯერად გაწყვეტილი მაქვს კავშირი, სერიალში არ მიღებენ, მაგრამ ოდესმე შეიძლება დაბრუნდეს მამა ცოტნე - როდის გამოჩნდება, არ ვიცი...

- კომედიშოუ "მეგობრების" წამყვანი ხარ...

- ეს იუმორისტული გადაცემაა, რაც ჩემთვის უცხო ხილია, მაგრამ თავს ამ სფეროშიც ვსინჯავ, ვნახოთ, რა გამოვა.

"მხოლოდ კომპოზიციის შესწავლა კი არ სურს, ცდილობს, ჩასწვდეს ძირამდე და ზუსტი ხასიათი დაიჭიროს"

"შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე", - ასე დაახასიათა ჯულიანა ბარგნარმა მეწყვილე. ჯულიანამ გაგვიმხილა, თუ როგორ მუშაობს გიორგი კომპოზიციის შესწავლისას:

- ძალიან საინტერესო ადამიანია, მხოლოდ კომპოზიციის შესწავლა კი არ სურს, ცდილობს, ჩასწვდეს ძირამდე და ზუსტი ხასიათი დაიჭიროს, ზუსტი სტილი. შრომისმოყვარეა და ეს არის ყველაზე დასაფასებელი. რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს.

- როგორ ფიქრობ, შენს წინა პარტნიორებთან შედარებით გიორგი ყველაზე ძლიერი მეწყვილეა?

- არ მიყვარს ადამიანების ერთმანეთთან შედარება, ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. მაყურებელი ხედავს, რომ გიორგი საუკეთესოა და არაჩვეულებრივად გამოსდის ცეკვა. მიმაჩნია, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

ნინო წიფურია