"წაგება უნდა ისწავლო" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"წაგება უნდა ისწავლო" - ბლიცინტერვიუ

"წამითაც არ მტოვებს იმის განცდა, რომ მარტო ვერაფერს გავაკეთებ, ჩემს ცხოვრებაზე სხვა ადამიანებიც ახდენენ დიდ გავლენას, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ჩემი ცხოვრება ცუდისკენ ან კარგისკენ შეცვალოს"

მუსიკა ჩემთვის არის...

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი მუსიკას უკავია... მუსიკის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, რეალიზებული, წარმატებული...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ძალიან ბევრი რაღაცები მცვლის და ვცდილობ, უკეთესობისკენ იყოს. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ რაღაცები ცუდისკენაც მცვლის ხოლმე... ვფიქრობ, არასოდეს ვჩერდები და სულ ვიცვლები და რაღაც-რაღაცებზე შეხედულებებსაც ვიცვლი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორალური პრინციპები არ გამაჩნია.

მაბრაზებს...

- ხანდახან სისულელეებზეც და იმაზეც ვბრაზდებით, რომ ამ სისულელეზე როგორ გავბრაზდით.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი...

- ნებისმიერი წარმატება, რომელიც მქონია ცხოვრებაში, თავდაპირველად, წარმოუდგენელი იყო. სხვათა შორის, წარმატება რაც უფრო იმატებდა, მით უფრო ვფიქრობდი, რომ გამიმართლდა და აი, ახლა დამთავრდება-მეთქი, "ეს გეყოფა, დათო, - მეუბნებოდა თითქოს ჩემი მეორე "მე", - რასაც მიაღწიე, უკვე ბევრია..." ყოველი ახალი წარმატება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.

უარს ვერ ვიტყვი...

- სიყვარულზე. მინდა, სულ სიყვარულში ვიცხოვრო, გარშემო იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს.

იმედგაცრუება...

- უამრავი. ნებისმიერი ჩემი წამოწყება, რომელიც არ მთავრდებოდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა პირად ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც მარცხით მთავრდებოდა, იყო ჩემი იმედგაცრუება. დეპრესიაშიც ვვარდებოდი, თუმცაღა მერე ვსწავლობდი ამასთან ბრძოლას, იმიტომ, რომ ვფიქრობ, პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც დამარცხებას ისწავლი. შეიძლება ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ერთი ათჯერ მაინც წააგო... წაგება უნდა ისწავლო.

ხალხი ჩემზე ფიქრობს, რომ...

- ზოგს ზედმეტად კარგი ვგონივარ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ისეთი საშინელი ვგონივარ, რომ ზუსტად ვიცი, ეგეთი ცუდიც არა ვარ. ყველანაირი აზრი არსებობს ჩემ შესახებ. რა თქმა უნდა, მიხარია, თუ ბალანსი, ძალთა თანაფარდობა კარგის სასარგებლოდ არის.

ვპატიობ, როცა...

- ბოღმიანი არ ვარ. ხშირად მქონია ისეთი სიტუაცია, მიფიქრია, მოდი, ახლა გამოიჩინე პრინციპულობა და ამაზე მაინც დაიბოღმე-მეთქი, მაგრამ არ გამომდის, იმიტომ, რომ... არ არსებობს კეთილი და ბოროტი, სიკეთე და ბოროტებაც, ვფიქრობ, ჩვენი მოგონილია - ვიღაცისთვის კეთილი ვარ ერთი და იმავე საქციელისთვის, ვიღაცისთვის კი, ბოროტი. შემიძლია ვიყო ფეთქებადიც, აგრესიულიც, მაგრამ დიდხანს ესეც ვერ გრძელდება.

თბილისში ავაშენებდი...

- დიდი ფული რომ მქონდეს, ქველმოქმედებას დავიწყებდი. თბილისში ბევრი რამის აშენება შეიძლება, მაგრამ ამაზე ფიქრია საჭირო. სამწუხაროდ, მე არა მაქვს იმდენი ფული, რომ ამაზე ვიფიქრო, თორემ კარგ რაღაცებს ავაშენებდი.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- იმავე გზას ვერაფრით ვერ გაივლი, რაც უნდა გინდოდეს... იმიტომ, რომ ერთ სიმღერას რომ ვაკეთებ, მეორედ იმავეს არანჟირებას, კოპირებას რომ ვიწყებ, იგივე "მე", ჩემი შექმნილი არ გამომდის. ორი ერთნაირი შვილი გყავთ ვინმეს? ვერ გეყოლებათ. ცხოვრება ამიტომაც არის კარგი, ეს ცხოვრება ასე მიდის, ჩვენ წავიყვანეთ ასე...

მე ჩემი მკაცრი შეხედულებები მაქვს, ცხოვრება როგორი იქნება, ცხოვრების მერე რა იქნება, ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვის ყველაფერი, თავისი ჯოჯოხეთებითა და თავისი სამოთხეებით, აქ ხდება. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... თუმცა, წამითაც არ მტოვებს იმის განცდა, რომ მარტო ვერაფერს გავაკეთებ, ჩემს ცხოვრებაზე სხვა ადამიანებიც ახდენენ დიდ გავლენას, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ჩემი ცხოვრება ცუდისკენ ან კარგისკენ შეცვალოს.