10 წლის მოხალისე "მეეზოვე" - კვირის პალიტრა

10 წლის მოხალისე "მეეზოვე"

ის ჯერ 10 წლისაა და იმაზე ზრუნავს, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს - საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თბილისის ერთი უბნის გადასასვლელ ხიდს ასუფთავებს. ნიკა ჯაფარიძე დედასა და ექვს დედმამიშვილთან ერთად წლებია, დიდ ლილოში, პოლიციის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. მათ არც შუქი აქვთ, არც წყალი და არც ბუნებრივი აირი. ნიკას და-ძმას არასდროს უნახავთ ტელევიზორი...

"ჩემი შვილი ნაადრევად დაკაცდა, მეამაყება, რომ ასეთი კარგი ბიჭია"

ლალა ცინდელიანი, ნიკას დედა: - ნიკა სკოლიდან რომ მოდის, გარეთ მეპარება და ქუჩაში დოლს უკრავს. გამვლელ-გამომვლელები ხურდას აძლევენ. ერთი დოლი დავუწვი, ვუშლი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რასაც შოულობს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდულობს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულა ფოტო, სადაც ნიკა გადასასვლელ ხიდს გვის. მითხრა, ხიდი დანაგვიანებული იყო, ცოცხი ვითხოვე და დავგავეო. მას მერე დროდადრო ასუფთავებს. ჩემი შვილი ნაადრევად დაკაცდა, მეამაყება, რომ ასეთი კარგი ბიჭია.

დევნილთა სამინისტრომ დროებით დიდ ლილოში ძველი პოლიციის შენობაში გამოგვიყო ფართობი და ოთხი წელია აქ ვცხოვრობთ. აქ არც შუქია, არც გაზი, არც წყალი და არც კანალიზაცია. ჭერიდან წყალი ჩამოგვდის... შეშის ღუმლით ვთბებით, ისიც ყოველთვის არა გვაქვს, გირჩს ვუკეთებთ.

რომ დაბინდდება, სანთელს ვანთებთ, სულ ცოტა, სამი გვჭირდება. ასე გაგვყავს დღეები უკვე წლებია. უფასო სასადილოს პროგრამაში არ ჩამრთეს, ამის გამო ხშირად მიწევს ტაძარში სიარული, სადაც საკვებს მაძლევენ. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი მრავალშვილიანობისა და დევნილობის ფულია. როცა დრო მაქვს, სოფელში ძროხის მწველავად ვმუშაობ და სახლში რძე და მაწონი მომაქვს.

"ვეძებ გაუჩინარებულ მეუღლეს"

აფხაზეთიდან დევნილი ვარ... 21 წლისა გავთხოვდი. შვილი შეგვეძინა, მაღაზიაში ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. პირველად მეუღლე ქურდობაზე რომ დააკავეს, თავზარი დამეცა. მერე კიდევ რამდენჯერმე მოხვდა ციხეში. დიდი ფულის გადახდა მიწევდა, რომ გამომეყვანა, მაგრამ მივხვდი, ვერაფერი გამოასწორებდა და დავშორდი. ციხეში ჯანმრთელობა შეერყა და გარდაიცვალა. უფროსი გოგონა ახლა 16 წლისაა და ჩემს ძმასთან ცხოვრობს დმანისში. მერე მეორე ოჯახი შევქმენი. ერთად ათი წელი ვიცხოვრეთ. ხუთი შვილი გამიჩნდა. 2011 წელს თურქეთში წავედი სამუშაოდ. მცირეოდენი თანხა დავაგროვე და ჩამოვედი. როგორც აფხაზეთიდან დევნილს, სახელმწიფომ გამომიყო პატარა ოთახი, სადაც ხუთ ბავშვთან ერთად ორ პატარა საწოლზე ვიწექით. ასე გავატარეთ სამი ზამთარი. მერე ჩემი ქმარი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა და დაიწყო გაუსაძლისი ყოფა... არაერთხელ მივმართე პოლიციას, თუმცა შემაკავებელი ორდერიც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ შეეწყვიტა ჩვენი დაწიოკება...

მესამედ ორი წლის წინ შევქმენი ოჯახი. საბედნიეროდ, ეს ადამიანი აღმოჩნდა ის, ვისთანაც თავი ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვიგრძენი. გასულ წელს პატარა შეგვეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე სხვის შვილებს ზრდიდა, მან აჩვენა ბავშებს, რას ნიშნავს ოჯახში მზრუნველი მამა. თუმცა, ცხოვრებამ ეს ბედნიერება მალე წამართვა, ერთი თვეა, გაუჩინარებულ მეუღლეს ვეძებ. ვერც მკვდარს მივაგენი და ვერც ცოცხალს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმარი მეორე მეუღლემ გაიტაცა. ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოიღეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე ისვამს მანქანაში და გლდანის მეშვიდე მიკრორაიონისკენ მიჰყავს. იქიდან ქრება მისი კვალი. როცა დაჰკითხეს, თქვა, ხელი გავარტყი და გაიქცაო. სულ მემუქრებოდა, არ გაგახარებო და აკი შეასრულა.

P.S. ეს ერთი ოჯახის ტრაგედიაა - დევნილობა და მატერიალური სიდუხჭირე, ამასთან, ოჯახის წევრის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება. იმედია, საგამოძიებო სამსახური უპასუხებს ამ ოჯახის ყველა კითხვას... 10 წლის მოხალისე მეეზოვე ბიჭუნას ცხოვრება კი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, რადგან ის ამას იმსახურებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი