"ამ მიწის მიტოვება დიდ ცოდვად დაგვედებოდა" - კვირის პალიტრა

"ამ მიწის მიტოვება დიდ ცოდვად დაგვედებოდა"

ჩაჟაში ერთადერთი სოფელია საქართველოში, რომელიც იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

უშგულის გორაზე აღმოჩენილმა სამკაულებმა და ქვასამარხებმა საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - სვანეთში თამარ დედოფლის საფლავი იპოვესო. ამის საფუძველი კი ის იყო, რომ გადმოცემით ჩაჟაშში ჰქონდა თამარ დედოფალს ორი რეზიდენცია, ერთი საზამთრო კოშკი და მეორე - საზაფხულო. საზაფხულო, საბედნიეროდ, დღესაც ფეხზე დგას. თამარის საფლავი არა, მაგრამ ამ სამარხში აღმოჩენილი სამკაულები ანტიკურ კულტურასთან ჩაჟაშელების მჭიდრო სიახლოვეზე მიუთითებს

სვანეთი განუმეორებელმა მშვენიერებამ ჩვენი ქვეყნის პირველ ტურისტულ ცენტრად აქცია. ბევრმა არ იცის, რომ ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლების, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში ერთადერთი სოფელია საქართველოში, რომელიც იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა. ამ ჯადოსნურ ადგილას კოშკები ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე ლამაზად არის ჩამწკრივებული, აქ მდინარე ენგური ჯერ მხოლოდ მჩქეფარე ნაკადულია, რომლის ტალღებში მოხტუნავე კალმახებს ოქროს ნამცეცები ამოჰყვებათ და მზის სხივებში ათასფრად ბრჭყვიალებენ.

ეს ყველაფერი უცხოელისთვის აღმოჩენაა, ჩვენთვის კი მიუვალ მთებში ჩამოყალიბებულ უძველეს კულტურასთან მიახლება. ისეთ კულტურასთან, სადაც ათასწლეულების წინ წარმოუდგენლად გამძლე არქიტექტურასა და ოქროს დიდებულ სამკაულებს ქმნიდნენ... არქეოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად კვიციანი, რომელსაც სოფელ ჩაჟაშის კოშკ-მუზეუმში საკუთარი ხელით აქვს დალაგებული ჩაჟაშში ნაპოვნი განძი, იხსენებს 80-იან წლებში სოფელში ჩატარებულ პირველ არქეოლოგიურ გათხრებს.

- ეს გათხრები, ისე როგორც მთელ სვანეთში, პროფესორმა შოთა ჩართოლანმა ჩაატარა და ანტიკური გორა-სამარხიც აღმოაჩინა. სვანეთში სულ ხუთი ანტიკური ნამოსახლარია აღმოჩენილი და მათ შორის ერთი - უშგულში, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში, მთებში!

უშგულის გორაზე აღმოჩენილმა სამკაულებმა და ქვასამარხებმა საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - სვანეთში თამარ დედოფლის საფლავი იპოვესო. ამის საფუძველი კი ის იყო, რომ გადმოცემით, ჩაჟაშში ჰქონდა თამარ დედოფალს ორი რეზიდენცია, ერთი საზამთრო კოშკი და მეორე - საზაფხულო. საზაფხულო, საბედნიეროდ, დღესაც ფეხზე დგას. თამარის საფლავი არა, მაგრამ ამ სამარხში აღმოჩენილი სამკაულები ანტიკურ კულტურასთან ჩაჟაშელების მჭიდრო სიახლოვეზე მიუთითებს. თუმცა, ეს სიახლოვე დიდი სიძულვილით და დაპირისპირებით დამთავრდა - სვანები, იგივე მისიმიელები, რომაელებს აუჯანყდნენ და მათ სვანების დიდი ნაწილი ამოწყვიტეს... საგულისხმოა, რომ რომაელებმა შემოიტანეს სვანეთში დუღაბის ხელოვნება, რომლითაც სვანური კოშკები შენდებოდა VIII-IX ს.ს.-ში. ეს კოშკები არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ საკულტო ნაგებობებიც იყო, რომელთა ბოლო სართულებზე მოსახლეობას სალოცავები ჰქონდა...

მოსახლეობა კი ისეთი ძლიერი იყო, რომ რომაელების შემდეგ, ვიდრე რუსები არ მოვიდნენ, აქ მტერმა ვერ შემოაღწია. ამ ადგილას იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელსაც ოქრო ჩამოაქვს.

უშგულის გარშემო იმდენი საძოვარია, რამდენიც თითქმის მთელ სვანეთში არ არის. ამიტომაც აქაურები ოდითგან მესაქონლეობას მისდევდნენ. დღესაც ასეა, ზოგიერთ ჩაჟაშელს 30-მდე სული პირუტყვი ჰყავს. თითქმის ყველა კოშკში ქვევრებია დატანებული - იყო დრო, როცა სვანეთში ისეთი კლიმატი იყო, ვაზი ხარობდა. სიტყვა "ოჯალეში" სწორედ სვანური ეტიმოლოგიისაა.

ასეთია ისტორიული წყაროები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, სოფელ ჩაჟაშთან დაკავშირებით. აქაურებიდან ბევრი ამ წყაროებს არასოდეს გასცნობია, ცოდნა წინაპრებისგან გადმოეცა თაობიდან თაობას, იმახსოვრებდნენ კოშკების აშენების და ნგრევის ისტორიებს...

ბორის ჩარქსელიანს ახსოვს, როგორ ანგრევდნენ ჩაჟაშში კოშკს, რათა იმ ქვით კოლმეურნეობის კანტორა აეშენებინათ:

- კოშკის დანგრევა ზედა სართულიდან იწყება, ნელ-ნელა უნდა მოხსნა ქვები და ქვემოთ გადმოყარო. ეს იქიდან ვიცი, რომ როცა ჩვენი საგვარეულო კოშკები უფუნქციოდ აქცია საბჭოთა წესებმა, ზოგიერთი ისე დაიბზარა, თუ არ დაანგრევდი, თავად დაინგრეოდა და ადამიანს იმსხვერპლებდა. ამიტომაც გვარი თავად შლიდა მურყვამ-მაჩუბს.

საბჭოთა წყობილებას ეზარებოდა ახალი შენობების ასაგებად კლდეებიდან ქვების გამოტეხა, ამიტომ კოშკებს ანგრევდნენ და კანტორებს ან ფერმებს აშენებდნენ. უშგულში უხუცესი კაცი გვყავდა, ბორის ხაჭვანი. მეუბნებოდა ხოლმე, - საკუთარი თვალით ვნახე ჩაჟაშის 36 კოშკის დანგრევაო... წარმოიდგინეთ, ამ ხალხისთვის რამხელა ტკივილი იქნებოდა მამა-პაპის ნაწვალების მოსპობა.

ერთი საგვარეულო შავი კოშკი კიდევ მიდგას და ღმერთმა იცის, რა შიშით ველი ყოველი ზამთრის მოსვლას - გადახურვა ვერ შევძელი და სახელმწიფოც ვერ ახერხებს, არადა, უსახურავო კოშკს წყალი ასველებს, ზამთრამდე გამოშრობას ვერ ასწრებს, ზამთარში კი ყინვა ამ ბზარებიდან იწყებს და ნაწილ-ნაწილ შლის...

ვის შევთხოვო მისი დახურვა, აღარ ვიცი... არადა, ისეთი ნაგებობებია, ზღაპარში რომ წერია, - კოშკების ასასვლელში მხოლოდ ერთი კაცი გაეტევა. ასვლისას ქვედა სართულზე კიბე უნდა აიღო და მომდევნოზე აიტანო. აბა, ასეთ ასასვლელში მტერი როგორღა ააღწევდა! ჩემს კოშკს რომ ვანგრევდი, ზედა სართული პირთამდე იყო სავსე ქვებით, ეტყობა, თავის დასაცავად ჰქონდათ დაგროვებული - თუ კოშკს მტერი მოადგებოდა, ამ ქვებით მოეღოთ ბოლო.

- ახლა ხომ ჩაჟაშის კოშკებს, იუნესკო იცავს, მთელ ჩაჟაშში რესტავრაცია მიდის.

სპირიდონ ნიჟარაძე, ადგილობრივი მცხოვრები: - ჩაჟაშში 13 კოშკიღაა დარჩენილი და იმის დაკარგვისა გვეშინია - კოშკები 15 წლის წინათაც გადახურეს და ისე, რომ ახალი სახურავებიდან ჩამოსულმა წყალმა 11 კოშკი დაგვიზიანა. ზოგიერთ ჩვენგანს საკუთარი კოშკის გადახურვა თავადაც შეეძლო, მაგრამ ხელი არ მოგვაკიდებინეს - იუნესკოს სიაშია შესაყვანიო. ახლაც ასე რომ მოხდეს, ამას ვერაფერი გამოასწორებს. ეს კოშკები ჩვენი განძია, ჩვენთან ტურისტი მათ მოიზიდეს, ტურისტმა კი ხალხი დააბრუნა - ტურისტი რომ არ მოსულიყო, უშგულში ხალხი არ დაბრუნდებოდა... იუნესკომ ახალი ნაგებობების აგება აგვიკრძალა, მაგრამ არა უშავს, სასტუმრო თითქმის ყველას გვაქვს ჩაჟაშში. ვშრომობთ და ვწვალობთ... ყოველთვის ვშრომობდით, ჩვენი სულგუნიც და ყველიც იყიდებოდა, რადგან მართლაც შეუდარებელი რძის პროდუქტი გვაქვს, მაგრამ ხალხი იყრებოდა და ჩვენც დარჩენის გული აღარ გვქონდა. ახლა სხვანაირად ვართ, - ივნისის დასაწყისში რომ ტურისტული სეზონი დაიწყება, მერე ჩვენს სოფელში სულ ხმაური და ხალხია... ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ უფალმაც მოაწყო ასე, - სვანეთი არ უნდა დაცლილიყო, ამ მიწას ჩვენი წინაპრები იმდენი ხანი ინახავდნენ, რომ მის მიტოვება დიდ ცოდვად დაგვედებოდა.

ეთერ ერაძე