რიყის დილემა
29-05-2017
რიყის დილემა
"ეს "დოქები" იმ არემარიდან უნდა აღგავონ, სხვაგან გადაიტანონ ან გაყიდონ... ­აღმართეს კონსტრუქცია, რომელიც სანაგვე­ ყუთად გადაიქცა"

"ვურჩევ ბერას, თუნდაც მისი მამის პოზიციის გამო, გადაიტანოს ეს კონსტრუქცია სხვაგან"


თავის დროზე რიყეზე რკინის უზარმაზარი კონსტ­რ­უქციის აღმართვას, სადაც საგამოფ­ენო და საკონცერტო დარბაზები უნდა გახსნილიყო, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. იმხანად­ "კვირის პალიტრის" მკითხვე­ლმა ძველი თბილისის გულში წამომართულ უჩვეულო ნაგებობებს სხვადასხვა სახელი უწოდა: "ტრუბები", "ყურმოტეხილი დოქები", "გულივერის ბოტები", "კოსმოდრომი", "დიოგენეს კასრი", "საიქიოს­ ტუნელი", "საოხრე" და ა.შ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი ზარბაზნის ტუჩსაც შეადარა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშენებლობა შეჩერდა და მის დასასრულებლად ერთი თეთრიც არავის გაუღია.­ ახლა კი, ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა­ დადგენილების მიღებას გეგმავს­ - გაირკვევა, რა ბედი ეწევა ამ დაუსრულებელ ნაგებობებს...
რამდენი დაიხარჯა რიყეზე ამ უცნაური "ტრუბების" აღმა­რთვისთვის,
არის თუ არა წყალში გადაყრილი ეს თანხა და განახლდება თუ არა მშენებლობა?! - ამ საკითხებით "კვირის პალიტრა" დაინტერესდა.

სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიტოვებულ ნაგებობას ზამთარში­ უსახლკაროები შეეფარნენ, ბოლო დროს კი მათ იქ შესვლისა და ღამის გათევის უფლება აღარ ჰქონდათ. რატომ? მავანმა იზრუნა და ინტერიერი გაასუფთავა, მთავა­რი შესასვლელი კი ხის კონსტრუქციებით ჩახერგა. ქვემოდან ნაგებობას დაცვა იცავს,­ მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ინტერიერის ნახვის სურვილი, რომ შენობაში მაინც შევაღწიეთ.

ალაგ-ალაგ წვიმისგან დაგროვილი წყალი, სიბნელე და ჩასავარდნი ადგილები, ცოტა არ იყოს, შიშს იწვევს... კლინიკური სიკვდილის დროს რომ გვირაბებს გადიან, ალბათ ასეთია - ვეხუმრები ფოტო­გრაფს. უსახლკაროთა კვალი თითქოს არ ჩანს, თუმცა ერთ ადგილას მიყრილ ცელოფანებსა და პურის ნატეხებს მაინც მივაკვლიეთ.
- ბერა ივანიშვილი იყო მოსული, აქაურობა დაათვალიერა. ალბათ, რაღაცის გაკეთებას გეგმავს, შენობა უფუნქციოდ არ დარჩება, - გვეუბნება უკან გამობრუნებ­ულებს ახალგაზრდა, რომელსაც, როგორც ჩანს, აქაურობის მეთვალყურეობა ევალება.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ ეს ე.წ. ტრუბები სამართავად ეკონომიკის სამინისტროს 2013 წელს გადაეცა, დაუსრულებელი ნაგებობები კი მის აღრიცხვაზეა. ეკონომიკის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ მშენებლობა დაკონსერვებულია და მის დასასრულებლად 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ერთი თეთრიც არ გადარიცხულა.

- მთავრობის დადგენილებით გადაწ­ყ­დება, რა ფუნქციას შეიძენს ეს შენობები - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
ამის შემდეგ ვცდილობთ, დავაზუსტოთ, რა თანხა დაიხარჯა ამ კონსტრუქციების აღმართვისთვის...
თბილისის განვითარების ფონდიდან­ მიღებული ინფორმაციით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამ კონსტრუქცი­ების მშენებლობისთვის 98 მლნ ლარი დაიხარჯა. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს­ მთავრობამ, რომ არც შენობები დარჩეს უფუნქციოდ და არც თბილისის იერსახე დამახინჯდეს?! ამჯერად, სწორედ ეს არის ხელის­უფლებისთვის დილემაც და საკითხავიც.

"კვირის პალიტრას" არქიტექტორები - მერაბ ბოლქვაძე და გიგა ბათიაშვილი ესაუბრნენ.

მერაბ ბოლქვაძე: - ამ კონსტრუქციების აღმა­რთვა-არაღმართვის საკითხი ახლა რომ წყდებოდეს, ცხადია, წინააღმდეგი ვიქნებოდი, რადგან ისინი, ასეთი ფორმით, ამ გარემოში სრულიად მიუღებელია. მაგრამ რაკი უკვე არსებობს, ქალაქმა მის გამოყენებაზე უნდა იფიქროს.
შეიძლება მათი ოდნავ გადაკეთება და მშენებლობის ისე დასრულება. არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ უკვე აშენებული ხელაღებით ვანგრიოთ!
ახლა იკითხავთ, როგორ უნდა გადაკეთდეს ეს ყველაფერიო... უპირველესად, იქ არის ტრანსპორტით მისვლის პრობლემა.
მოქალაქეები როგორ მივლენ შესასვლელამდე, რომელიც ზედა მხრიდან არის. მიმდებარედ ავტომობილების გაჩერება მოძრაობის პარალიზებას გამოიწვევს, ქუჩას გადაკეტავს... ეს საკითხიც გადასაწყვეტია.

- თქვენი აზრით, რა ფუნქცია უნდა მიენიჭოს ამ შენობებს?

- შესაძლოა, იქ დარჩეს როგორც საგამ­ოფენო, ასევე საკონცერტო დარბაზი... არ არის გამორიცხული, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გაიხსნას...

გიგა ბათიაშვილი: - მე თუ მკითხავთ,­ ეს "დოქები" იმ არემარიდან საერთოდ უნდა აღგავონ, სხვაგან გადაიტანონ ან გაყიდონ. აქ არ არის მათი ადგილი! ეს არც შენობაა.­ ­აღმართეს კონსტრუქცია, რომელიც სანაგვე­ ყუთად გადაიქცა.
უნდა დაიშალოს და გადაიტანონ იქ, სადაც გარემოს უფრო მოუხდება.­ მაგალითად, მტკვრის ჭალებში, იქ დიდი სარეკრეაციო ზონაა; დიღომში, აშშ-ის საელჩოს გასწვრივ - მართლაც შესანი­შნავი ადგილია ასეთი ნაგებობებისთვის; სავაჭრო ცენტრ "კარფურის" მიმდებარედაც შეიძლება; რუსთავში, მტკვრის პირას­ ბავშვთა ქალაქი შენდება და ასეთი ნაგებობისთვის იქაც ზღაპ­რული ადგილია... რიყეზე "დოქები" შეურაცხმყოფელია, სხვა ადგილზე კი შესანიშნავი იქნება!
ეს არის მეტალის კონსტრუქცია და მისი გადატანა ძნელი არ არის. ბეტონის რომ იყოს, ვერსადაც ვერ გადაიტანდნენ...

- ამბობენ, ბერა დაინტერესდა ამ ნაგებობითო...

- ჰოდა, ვურჩევ ბერას, თუნდაც მისი მამის პოზიციის გამო, გადაიტანოს ეს კონსტრუქცია სხვაგან, სადაც ის შესანიშნავ ფუნქციას შეასრულებს.

ეკა ასათიანი
Ramaz
29 მაისი 2017 11:07
ვეთანხმები გიგა ბათიაშვილის თვალსაზრისს. ჩემი აზრით, რიყეზე "დოქების" ადგილი არ არის. სრულებით არ შეეფერება რიყეს, ამოვარდნილია საერთო პეიზაჟიდან.

რედაქტორის რჩევით