"მალე თბილისი უფრო სუფთა ქალაქი იქნება"
29-05-2017
"მალე თბილისი უფრო სუფთა ქალაქი იქნება"
საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყო და ერთი თვის თავზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შედგა, საერთო ჯამში 42.710 ლარი

"ბევრი ცნობილი პირიც დაგვიჯარიმებია, თეატრის მსახიობები, ტელესახეები. ერთ მათგანს ჯარიმას რომ ვუწერდით, გაგვეხუმრა, ცოტა დამიკელით, 80 ლარი რა ამბავიაო? ვუთხარი, რას ბრძანებთ, თავის ფასში გაძლევთ, დაკლება არ შემიძლია-მეთქი"


”თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველ­ობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები­ დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილს გამოჩნ­დნენ. პირველი ორი კვირის განმავლობ­აში­ მოქალაქეებს მომავალ სანქციებს შეახსენებდნენ და ნარჩენების ნაგვის
ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. ”ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს და უკვე ერთი თვის თავზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შედგა, საერთო ჯამში 42.710 ლარი. 411 სამართალდამრღვევს შორის 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
”თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველ­ო­­­­ბის სამსახურის ქვეითი ინსპექტორ­ები ქალაქში წყვილად მოძრაობენ.­
”კვირის პალიტრა" ქეთევან ბედიანაშვილისა­ და გიორგი აზნარაშვილის წყვილს შეხვდა.

ქეთევან ბედიანაშვილი: -
დაჯარიმება არავის მოსწონს, თუმცა ბევრი აღიარებს, მართალი ხართ, ასე არ უნდა მოვქ­ცეულიყავიო. მეტწილად ჯარიმას მუნიციპალური ნარჩენებით დანაგვიანების გამო ვწერთ. ძაღლის ფეკალიებზეც გვიწევს­ რეაგირება. სოციალურად დაუცველის დაჯარიმებას ვერიდებით, ვცდილობთ, მხოლოდ გავაფრთხილოთ. 14 წლამდე მოზარდებსაც არ ვაჯარიმებთ, 14 წლის ზემოთ უფლება­ გვაქვს, მოზარდის მშობელს გამოვუწეროთ ჯარიმა.

მე და ჩემი მეწყვილეს უბანი მოიცავს­ მშრალი ხიდის, დედაენის ბაღის, ალექსა­ნდრეს ბაღის, კოლმეურნეობის მოედნის, პუშკინის ქუჩის, ბარათაშვილის ქუჩის, საპატრიარქოსა და მის პარალელურ ქუჩებს, თუ ჩვენი კოლეგების უბანში მოვხვდით და შევესწარით დანაგვიანების ფაქტს, ჯარიმის გამოწერის უფლება გვაქვს.
ჩვენს უბანში სისუფთავით საპატრიარქოს ქუჩა გამოირჩევა. შედარებით რთული მონაკვეთია კოლმეურნეობის მოედანი, იქ მოვაჭრეები სხედან. მუშაობისას კურიოზებიც არის. რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდამ ავტობუსში ასვლის წინ ახალმოკიდებული სიგარეტი გადააგდო, მაგრამ ჩვენ რომ დაგვინახა, სიგარეტი აიღო და მოწევა გააგრძელა, თან სერიოზული სახით გა­მოგვიცხადა, არაფერიც არ გადამ­იგდია, გამივარდა, როგორც ხედავთ, ავიღე და ისევ ვეწევიო.

გიორგი აზნარაშვილი: -
დამრღვევი ყოველთვის მშვიდად არ ხვდება ჯარიმის გამოწერას. ჩვენ კონფლიქტის გამწვავებას ვერიდებით, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც საჭირო გახდა საპატრულო სამსახურის გამოძახება. მეტწილად 2 კილოგრამამდე დანაგვიანებისთვის იწერება ჯარიმები - სიგარეტის ნამწვის, ერთჯერადი ცხვირსახოცის, ნაყინის ქაღალდის, ავტობუსის ბილეთისა და სხვა ამგვარი წვრილმანისთვის.­ ბევრი ცნობილი პირიც დაგვიჯარიმებია, თეატრის მსახიობები, ტელესახეები. ერთ მათგანს ჯარიმას რომ ვუწერდით, გაგვეხუმრა, ცოტა დამიკელით, 80 ლარი რა ამბავიაო? ვუთხარი, რას ბრძანებთ, თავის ფასში გაძლევთ,­ დაკლება არ შემიძლია-მეთქი.

- სულ რამდენი ქვეითი ინსპექტორი მუშაობს?

- 20 ინსპექტორი, 10 ჯგუფი ვმუშაობთ, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებში. კოლმეურნეობის მოედანზე რომ გაიაროთ, შედარება არ არის, ამას საზოგადოებაც აღნიშნავს, იქაურობა თვალში საცემად გასუფთავდა, განსაკუთრებით იმ მიდამოებში, სადაც მეყვავილეები ვაჭრობენ.

- ალბათ, უკვე გცნობენ?

- გვცნობენ კი არა, ჩვენს დანახვაზე­ ცოცხს ავლებენ ხოლმე ხელს. სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლები, ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ჯიბეს. ხომ იცით, მშრალ ხიდზე ბევრი მაკლერია­, ერთ-ერთი სამჯერ გავაფრთხილეთ და მეოთხედაც რომ გადააგდო ფურცლის ნაგლეჯი და დაგვინახა, აღარაფერი უთქვამს, მაშინვე პირადობის მოწმობა გამოგვიწოდა ჯარიმის გასაფორმებლად. ალექსანდ­რეს ბაღში ყოველთვის ხალხმრავლობაა. შეყვარებული წყვილები ბაღს მზესუმზირის ჩენჩოებითა თუ სიგარეტის ნამწვებით ანაგვიანებენ, ამის გამო ხშირად ვაჯარიმებთ.

- წყვილად ჯარიმდებიან თუ კენტად?

- მხოლოდ ერთი რომ დავაჯარიმოთ, დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება. ამიტომ ვინც წყვილად ანაგვიანებს, წყვილად ჯარიმდება, ვინც კენტად, კენტად.
მალე თბილისი უფრო სუფთა ქალაქი იქნება და ჩვენც აღარ დაგვჭირდება მოქალაქეების დაჯარიმება. ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის სისუფთავეა!

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით