"კვების ობიექტებში ისეთი მდგომარეობაა, ჭამის სურვილს დაგაკარგვინებს" - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტი
29-05-2017
"კვების ობიექტებში ისეთი მდგომარეობაა, ჭამის სურვილს დაგაკარგვინებს" - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტი
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთი­ საცხობის გვერდით, ღია კარია, ამიტომ უნებართვოდ შევდივართ. მცხობელი, რომელიც შელ­ახულ და მტვრიან მაგიდაზე ცომს ზელს, დანახვისთანავე გვაძევებს, თუმცა რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოვასწარით. ნამცხვრის ფირფიტები მტვრიან მაგიდაზე დაუწყვიათ, ამავე მაგიდაზე თუნუქის ფორმებია, ისეთი ჭუჭყიანი, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ იყენებენ. ძველ და ჭუჭყიან ხის სკამზე მასზე ბინძური ტილო გადაუფენიათ

სწრაფი კვების ობიექტები რომ საყოველთაოდ დადგენილ მოთხოვნებს ვერ პასუხობს, ახალი ამბავი არ არის, თუმცა მომხმარებელი მაინც მრავლად ჰყავთ.
სად და რა პირობებში მზადდება ის ნაწარმი, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს? - ამ პრობლემატურ კითხვას ბუნდოვანი პასუხი აქვს, რადგან იქ შესვლა, როგორც ამ დაწესებულებების მეპატრონეები ამბობენ, "აკრძალულია". მაგრამ მე, თქვენ და ნებისმიერ მოქალაქეს, რომლებსაც მოუცლელობის გამო გარეთ კვება გვიწევს, გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, სად და რისგან
მზადდება ფასტ-ფუდი, რომელიც შემინულ დახლებზე მადის აღმძვრელად ჩანს. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, იმ დაწესებულებებს სტუმრებ­ოდა, სადაც პური ჩვენი არსობისა ცხვება. იმ 20-მდე ობიექტიდან, რომლებიც ჩვენს ექსპერიმენტში მოხვდნენ, არც ერთმა არ მოინდომა ჩვენი სამზარეულოში შეშვება, მით უფრო, ვიდეოგადაღება.

თევდორე მღვდლის ქუჩა და სადგ­ურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ერთი მარტივი მიზეზის გამო შევარჩიეთ­ - იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ასეთი დაწესებულება ბევრია, შესაბამისად, მომხმარებელიც უამრავი ჰყავთ.

ის, რაც ფოტოაპარატმა ვერ დააფიქსირა...


ანტისანიტარია, სანიტარიული ნორმების სრული უგულებელყოფა - ასეთი სურათი დაგვხვდა იმ კვების ობიექტებში,­ რომლებშიც შევძელით შესვლა. პირველად­ სავაჭრო ცენტრ""კიდობნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მივედით. როდესაც გადამღები ჯგუფი დაგვინახეს, მაშინვე უფროსს უხმეს. მას სამ­ზა­რეულოს დათვალიერებაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ერთი პირობით, თუ ფო­ტოაპარატის გარეშე შევიდოდით.
შელ­ახული იატაკი, დაობებული კედლები, მოძველებული ინვენტარი, კედელზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი, სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე და ცომით სავსე დიდი თასი - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში...

დაწესებულების პატრონი გვიხსნის, რომ სანიტარიული დღეები კვირაში ორჯერ აქვთ, თუმცა კითხვაზე, დასამუშავებლად რა საშუალებებს­ იყენებენ, პასუხი ვერ მივიღეთ. დამხმარე ქალისგან კი გავიგეთ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებისგან გასულ წელს მიღებული შენიშვნ­ები უკვე გამოასწორეს... არადა, ფქვილით სავსე ტომარა პირდაპირ ბინძურ იატაკზე იდო.
ამავე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე საცხობია. ერთ-ერთის გამყიდველი გვიხსნის, რომ დირექტორი არ არის და ვერ შეგვიშვებს სამზარეულოში. კიდევ სამ კვების ობიექტშიც ასეთივე პასუხს ვიღებთ...

დაუპატიჟებელი სტუმრები


თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთი­ საცხობის გვერდით ღია კარია, ამიტომ უნებართვოდ შევდივართ. მცხობელი, რომელიც შელ­ახულ და მტვრიან მაგიდაზე ცომს ზელს, დანახვისთანავე გვაძევებს, თუმცა რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოვასწარით. ნამცხვრის ფირფიტები მტვრიან მაგიდაზე დაუწყვიათ, ამავე მაგიდაზე თუნ­უქის ფორმებია, ისეთი ჭუჭყიანი, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ იყენებენ. ძველ და ჭუჭყიან ხის სკამზე მასზე ბინძური ტილო გადაუფენიათ.
გარეთ გამოსულებს შუახნის მამაკაცი­ მოგვიახლოვდა და მისვლის მიზეზი აგრესიულად გვკითხა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამ საცხობის დირექტორი იქნებოდა.
როდესაც სტუმრობის მიზეზი განვუმარტეთ, ვიტრინაში გამოფენილ პროდუქციაზე გვითხრა, სხვა ობიექტიდან მოგვაქვსო, საცხობზე კი ჯიუტად გვიმტკიცებდა, საცხობი არ არისო, მერე გადაღებულის წაშლა მოგვთხოვა...

შემდეგ ობიექტზე ვინაცვლებთ. ეს დაწესებულება მომხმარებელს პურ-ფუნთ­უშეუ­ლთან ერთად მზა კერძებსაც სთავ­აზობს. სამზარეულოში შესვლაზე აქაც უარი გვტკიცეს, კერძებზე კი გვითხრეს, სახლიდან მოგვაქვსო. არადა, შემინული ვიტრინის იქით კარგად მოჩანდა ღუმელი...

"უფროსი არ არის!"


კიდევ რამდენიმე ობიექტი მოვიარეთ და ვერც ერთის სამზარეულოში ვერ შევაღწიეთ. პასუხი ერთი იყო: "უფროსი არ არის და ვერ შეგიშვებთ!" თურმე თითქმის­ ყველა სწრაფი ობიექტის მფლობელი "საქმიან შეხვედრაზე" ყოფილა.
ერთმა თანამშრომელმა ყველას "აჯობა" - საცხობში ჩაკეტილი ვართ და ვერ შემოგიშვებთო. კით­ხვაზე, ხანძარი თუ გაჩნდა, რას აპირებთ-მეთქი, "მძევლებმა" უფრო უცნაური პასუხი გაგვცეს,­ სათადარიგო გასაღები გვაქვსო და დასძინეს, ჯერ სხვამ შეგიშვათ და მერე ჩვენთან მობრძანდითო. დაგვაიმედეს კიდეც, სანიტარიულ დღეებში როგორც ყველა ქალი აკეთებს სახლში­ "უბორკას", ისე კეთ­დება აქაცო.
ერთ-ერთ ობიექტზე ქალები ნამცხვრებს ამზადებდნენ. როდესაც სამზარეულოში შეშვება ვთხოვეთ, გვითხრეს, უნიფორმის გარეშე შემოსვლა არ შეიძლებაო, არადა, თავად, ჩვეულებრივი სამოსი ეცვათ...

დადგენილი წესია - პერსონალს, რომელიც სწრაფი კვების ობიექტებში საკვებს ამზადებს,­ აუცილებელ­ია, ეცვას ხალათი, ფეხსაცმელზე წამოცმული ჰქონდეს ბახილები, ეხუროს ქუდი და ეკეთოს პირბადე. ამგ­ვარად ჩაცმული პერსონალი არც ერთ ობიექტში არ გვინახავს.
ეს კადრები ერთ-ერთ საცხობში გადავიღეთ, ოღონდ იქ შესაღწევად დიდი ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდა. მოძველებული ტექნიკა, შელახული იატაკი და ზოგიერთ ადგილას დაობებული კედლები. აქვეა ფქვილის ტომარაც... ხელმძღვანელობა გვიხსნის, რომ ყველა სანიტარიულ ნორმას აკმაყოფილებს.

დაჯარიმებული ობიექტები


სურსათის ეროვნული სააგენტოს მონა­ცემებით, 2016 წელს 3 965 საზოგად­ოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა. დაჯარიმდა 267 ობიექტი, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა 35-ში აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა საბავშვო ბაღების სამზარეულოებსა და სკოლის ბუფეტებშიც. დაჯარიმდა 38 ბიზნესოპერატორი, აქედან საწარმოო პროცესი/საქმიანობა შეუჩერდა 13-ს.

"რესტორნებში შემაძრწუნებელი კადრები დაფიქსირდა"


გია ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი: "ახლახან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმური მონიტორინგი­ ჩაატარა რესტორნებში, სადაც შემაძრწუნებელი ფაქტები დაფიქსირდა, მაგალითად, ბევრგან მღრღნელებიც კი ნახეს. საჭიროა პერმანენტული მონიტორინგი... მეპატრონენი ობიექტების მოსაწესრიგებლად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ. პრობლემატურია შენობების ვენტილაცია, სანიტარიული ნორმების დაცვა. ზოგიერთ კვების ობიექტში ისეთი მდგომარეობაა, ჭამის სურვილს დააკარგვინებს ადამიანს, თუ ნახა, სად და რა ვითარებაში მზადდება საკვები. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აუცილებლად უნდა გაამკაცრონ მონიტორინგი. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფინანსურ სანქციებს. არ უნდა ვაიძულოთ მცირე მეწარმეები, დახურონ ბიზნესები, თუმცა მომხმარებლებიც უნდა დავიცვათ. თუ ერთი და იგივე ოპერატორი მუდმივად არღვევს დადგენილ ნორმებს, ის უნდა გაქრეს ამ ბიზნესიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების კრიტიკული შეფასებები სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის შემოწმების სიგნალი უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ ჩვენს ინფორმაციას, რომ ბაზარზე საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის იყიდებოდა, საბედნიეროდ, რეაგირება მოჰყვა.
ზუსტად იმ ადგილას, სადაც "კვირის პალიტრამ" ჩაატარა რეიდი, ჩვენ მიერ 2015 წელს (თევდორე მღვდლის ქუჩისა და ვაგზლის მიმდებარედ) ამოღებული მასალები შემაშფოთებელია. აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, კერძოდ, დაბინძურებული იყო ჭურჭლის სარეცხი, ტაფებში 3-4 დღის წინ გამოყენებული ზეთი ესხა და ა.შ. დაწესებულების პატრონმა თავი იმართლა, ზეთის ცვლა ზედმეტი ხარჯიაო. ბევრგან გამორთული იყო მაცივრები, აღარაფერს ვამბობ, პერსონალის აღჭურვაზე. საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში დიდ აბაზანაში ჰქონდათ ჩაყრილი გამლღვალი, სისხლიანი ქათმის ბარკლები. მას შემდეგ ჩვენი ჯგუფის არც ერთ წევრს შაურმა არ გაუსინჯავს..."

თორნიკე ყაჯრიშვილი

გავაზელი
07 ივნისი 2017 14:10
არ იყიდოთ ქუჩაში შაურმა, პერაშკი და ფენოვანი. ნუთუ ასე ძნელია?
nino
07 ივნისი 2017 13:19
ამიტომ თბილისში არასოდეს ქუჩაში არ ვყიდულობ საჭმელს, ისევ მთელი დღე მშიერი ვივლი და გარეთ არაფერს არ შევჭამ. კარგია რომ ამ თემაზე ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ვისაც ეს ეხება იქამდე უნდა მივიდეს, რომ დაკეტონ ასეთი ობიექტები.
07 ივნისი 2017 13:12
vaime ramxela ubedurebaaaa,sad xart visac gevalebat ami mowesrigeba?xelfass rashi gixdian?ar geshiniat?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები