"ქართული საგანძური" სცენაზე - კვირის პალიტრა

"ქართული საგანძური" სცენაზე

"ერისიონის" ოთხდღიანი კონცერტები, რომელიც ანსამბლის 125-ე წლისთავს მიეძღვნა, ზეიმით დასრულდა - ქართველი მაყურებლისთვის სიამაყის, ბედნიერებისა და სიამოვნების მომგვრელი იყო ფილარმონიის დიდ დარბაზში აჟღერებულ-ნაჩვენები მსოფლიოს საოცრებად აღიარებული სიმღერა და ცეკვა. მაყურებელს გასაშვებად”არ ემეტებოდა ანსამბლი, ტაში და ოვაცია არ ცხრებოდა და ანსამბლის წევრებსაც კონცერტის დასასრულს რამდენჯერმე მოუხდათ ცეკვის რთული ილეთების გამეორება...

ვინც "ერისიონის" ამ საიუბილეო კონცერტს დაესწრო, დამეთანხმება, რომ ეს მართლაც ქართული სულის ზეობა იყო. ფარდის ახდისთანავე შთამბეჭდავი გახლდათ პირველი წუთი, როცა დიდ პანოზე ქართული სიმღერის თანხლებით გამოჩნდა საქართველოს რუკა (დანაწევრებული კი არა, ერთიანი და გამთლიანებული!), მის უკან - ვაზის ჩუქურთმით დამშვენებული ქართული ტაძრის სილუეტი... შემდეგ გაისმა ძლიერი, გულში ჩამწვდომი სიმღერა, რომელმაც წლების წინ კოსმოსიც კი გაკვეთა... დარბაზი ორი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული უსმენდა სიმღერას, უყურებდა ცეკვას, რომელსაც სამართლიანად ეწოდა "ქართული საგანძური".

KvirisPalitra.Geბევრმა არ იცის, რომ ანსამბლი "ერისიონი" დასაბამს მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. მისი ფუძე - "ქართული ხორო" გახლავთ. სახელოვან მამულიშვილს, ფოლკლორის დიდ მოამაგეს, ლადო აღნიაშვილს სურდა, რომ ჩვენი კულტურა და ტრადიციები, რომელიც ყველაზე ლამაზად ფოლკლორში იყო შენარჩუნებული, სცენაზე გამოეტანა და ყველასთვის დაენახებინა,“რანი ვყოფილვართ. მას მხარში დაუდგა ჩეხი მომღერალი და ლოტბარი იოსებ რატილი (ნავ-რატილი) და 1885 წელს "ქართული ხორო" პირველად წარუდგა საზოგადოებას. მოგვიანებით ამ ორ ადამიანს შეუერთდნენ ძმები ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი და ია კარგარეთელი.

იმ დროიდან 125 წელი გავიდა. ანსამბლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სახელოვანი ლოტბარები, მომღერლები და მოცეკვავეები. იცვლებოდა თაობა, რომლის წარმომადგენლებიც განსაზღვრულ პერიოდში ეპოქებს”ქმნიდნენ. ალბათ ამიტომაც დაერქვა "ერისიონს" ანსამბლი-მუზეუმი... დღეს მას ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობს. მის გვერდით დგას ბევრი ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძეა, რომელსაც საფრანგეთში დამსახურებულად უწოდეს ცეკვის ვირტუოზი და პროფესორი.”

ყველას გემახსოვრებათ "ერისიონის" ტრიუმფალური გასტროლები საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ამერიკაში, რუსეთში, ჩინეთში, კლიპი "შატილის ასულო", რომლის გარემიქსება ფრანგებმა ითავეს. პრესაში უამრავი წერილი და რეცენზია დაიბეჭდა. ქართული სიმღერა საოცარ ეგვიპტის პირამიდებს შეადარეს, ცეკვას კი ტორნადო”უწოდეს... მაგრამ ახლა "ერისიონი" თავის თავს “ეკუთვნის, მის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო.

დრო არ ჩერდება, წინ მიდის, რაღაცას წარსულს აბარებს, რაღაცას იძენს. წარსულში დარჩნენ უცხოელი იმპრესარიოები, მაგრამ "ერისიონს" არ ეშინია არც სირთულეების, არც იმპრესარიოებისა და თაობების ცვლისა.

გვესაუბრება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი:

- ბევრს აინტერესებდა, ფრანგების შემდეგ რა ცვლილებებს შევიტანდით პროგრამაში. ვინც კონცერტს დაესწრო, შეამჩნევდა, რომ დეკორაციაც და განათებაც სულ სხვაა. დავამატეთ სამი ახალი სიმღერა: "მუხამბაზი", "ქალაი" და "მეგრული სიმღერა". ცეკვებიც გადავასხვაფერეთ. "ფარცა" სამსართულიანია, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია. ახალ პროგრამაში ქალაქური მოტივებიც შემოვიტანეთ. რაც შეეხება ტანსაცმელს, მერაბ ბერძენიშვილმა კოსტიუმების ესკიზები თავის დროზე ისე კარგად გააკეთა, რომ მის შეცვლაზე არც კი გვიფიქრია.

კონცერტის გამართვაში დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო, მერია, თი-ბი-სი ბანკი და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი, რომელთაც დიდ მადლობას მოვახსენებთ... უცხოელები გვიწვევენ საგასტროლოდ. მინდა ერთხელ კიდევ და ვინ იცის, მერამდენედ, ხაზგასმით ვთქვა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეეჭვება "ერისიონის" ხალხური მიმართულება - ჩვენ ფოლკლორზე აღმოცენებული პროფესიული, აკადემიური ანსამბლი ვართ. ჩვენ გვაქვს საქრესტომათიო სიმღერა და ცეკვა, რომელსაც არასოდეს  ვიღებთ პროგრამიდან, მაგრამ დროდადრო ვამატებთ ახალს და ვცვლით ძველს ისე, რომ მისი ლიბო არ დაზიანდეს.

იცით, რა არის ყველაზე დიდი სიახლე? - ძველთან ლამაზი დაბრუნება. მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევ იმასაც, რომ სხვადასხვა კუთხის სიმღერები იმავე კუთხის წარმომადგენელმა იმღეროს. რაც შეეხება ცეკვას, იგი ყველაზე უკეთ გრიგოლ რობაქიძემ დაახასიათა - "როკვით განფენილი გენია" უწოდა. ამ "გენიას" დიდი მოფრთხილება სჭირდება. ნათქვამია, ხელოვნებაში მთავარი ისაა, რაც არ ისწავლებაო. ეს კი ყველაზე უფრო ხალხურ სიმღერას მიესადაგება.

მიუხედავად წელთა სიმრავლისა, ახალი დღის გათენება მიხარია, რადგან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები. ეს ქართულ საგანძურთან დიდი სიყვარულითა და რუდენებით მიახლებაა.