"ყველაფერი გათვლილი იყო პატრიარქის გარდაცვალებაზე" - რას პასუხობს მეუფე პეტრე საპტრიარქოს იურისტის ბრალდებებს? - კვირის პალიტრა

"ყველაფერი გათვლილი იყო პატრიარქის გარდაცვალებაზე" - რას პასუხობს მეუფე პეტრე საპტრიარქოს იურისტის ბრალდებებს?

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოთქმულ ბრალდებას, რომ მეუფე პეტრე ცაავა, სავარაუდოდ, აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში, მიტროპოლიტმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში უპასუხა.

მისი თქმით, საპატრიარქოს იურისტის მიერ ტელევიზიით ნათქვამი იმ შანტაჟის გაგრძელებაა, რომელიც მის მიმართა "ვაიბერ" მიმოწერით ხორციელდებოდა.

"როცა გახმოვანდა ჩემი "ვაიბერ" მიმოწერა, შანტაჟი, ვფიქრობ, ეს მისი გაგრძელებაა. მაგრამ შემდეგ ეს "ჩეპე" მოუვიდათ და საბედნიეროდ, პატრიარქი გადარჩა. ყველაფერი გათვლილი იყო პატრიარქის გარდაცვალებაზე. დღემდე ამ გარემოცვის ტყვეობაში რჩება პატრიარქი, რომელიც ეუბნება 84 წლის კაცს, რომ აი, თქვენი უახლოესი მღვდელი მოდიოდა თქვენს მოსაწამლად და თქვნი დაცვის უფროსი ასევე დაბარებულია პროკურატურაში, როგორც თანამზრახველიო. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ეს იყო "კონტროლკა", ანუ პატრიარქის გაწირვა",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, პატრიარქზე ზეწოლა ხდებოდა დეზინფორმაციის საშუალებით.

"უფალმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია, რომ პატრიარქი იყოს საქმის კურსში და ის იყოს მონაწილე ამ უსამართლობის…

პირადად შევსწრებივარ უამრავ შემთხვევას, როცა პატრიარქის ლოცვა-კუთხევად საღდება ამ ქალის ბინძური დავალება და ამას ახმოვანებს არათუ ერის ადამიანი, სასულიერო პირიც", - განაცხადა მან და დასძინა:

"ერთხელ სინოდის სხდომაზე აღვნიშნე საქართველოს ეკლესიაში არსებული პრობლემები, დაუსჯელობის სინდრომი სჯულის კანონისა, მათი უსამართლობის, არაჯანსაღი მდგომარეობა სამღვდელო დასში. უწმინდესს ვუთხარი, რომ როცა ჩვენ ადეკვატურ ნაბიჯებს არ ვდგამ, და ეს დაუსჯელობა მოედო ქვეყანას და საყოველთაო სახე მიიღო, მიუხედავად ძალიან მძიმე დანაშუალებებისა, მიუხედავად სოციალურ ქსელებში გავრცელებული სასულიერო პირების შეუფერებელი საქციელებისა და ა.შ. ამას საერო შეფასებით ჰქვია სისტემური დანაშაული. ვუთხარი, რომ არ მინდა ქართული ეკლესია სისტემური დანაშულის ქვეშ იმყოფებოდეს", - განაცხადა მეუფემ.