"ჩემთან ერთად ჩემი ხელით დაღუპულების სულებიც შეავედრეთ ღმერთს" - კვირის პალიტრა

"ჩემთან ერთად ჩემი ხელით დაღუპულების სულებიც შეავედრეთ ღმერთს"

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების  65 წლისთავი

"მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს ერთი პატარა ქალაქის ჰოსპიტალში ტიფით დაავადებულ გერმანელ ტყვეებს ერთადერთი ახალგაზრდა ექიმიღა უვლიდა. სენი მასაც შეეყარა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს კაცი ჩემი დიდი პაპა შალვა დეკანოზიშვილი გახლდათ", - წერს პოეტი ნუციკო დეკანოზიშვილი (ნინო გოგიაშვილი) სოციალურ პორტალ "ფეისბუქზე" ლექსის "წერილი კლარას. 1943" შესავალში.

თელავის ქუჩებს დღემდე შემორჩა გერმანელი ტყვეების მიერ 1943 წელს დაგებული ქვაფენილი, იმ ტყვეებისა, უკურნებელი სენით დაავადებულები ჰოსპიტალში რომ მოათავსეს. შეშინებულმა სამედიცინო პერსონალმა მხოლოდ ერთი ექიმის, შალვა დეკანოზიშვილის ანაბარა დატოვა ტიფიანი პაციენტები. როგორც ამბობენ, ულამაზესი კაცი ყოფილა. იმხანად თურმე დისერტაციაზე მუშაობდა, თუშეთში, უღელტეხილზე მდებარე თორღვას აბანოს სამკურნალო თვისებებს იკვლევდა და ამიტომაც შემორჩენია მშობლიურ კახეთს. არადა, ნიჭიერ ექიმს დედაქალაქში სთხოვდნენ მუშაობასო. ნეტავ წასულიყო, ტიფს გადაურჩებოდა და დიდხანს იცოცხლებდაო, წუხდნენ  თელაველები მისი დაღუპვის შემდეგ.

KvirisPalitra.Geღვთის ანაბარად დარჩენილი ექიმი, თერაპევტ-რენტგენოლოგი შალვა დეკანოზიშვილი, თურმე ბოლო წუთამდე არ ტყდებოდა, თავს ძალას ატანდა და სიკვდილის პირას მდგარ პაციენტებს ვერ ღალატობდა. მოგვიანებით ტყვე გერმანელის წერილს იპოვიან შალვას ახლობლები. \"მას ღვთისმოსავის თვალები და ულამაზესი ხელები ჰქონდა, არასოდეს ეცვლებოდა ხმა და სიცოცხლის უნარს გმატებდა სიმშვიდით, მაგრამ გუშინ მომკვდარა, ალბათ მეც მალე მიმიბარებს სიკვდილი, კლარა," - სწერდა ტყვე შორეულ გერმანიაში მყოფ შეყვარებულს შალვას შესახებ.

ნუციკო: "შალვა ჩემი დიდი ბებოს ძმა იყო. მისი დისშვილი, პაპაჩემი შოთა გოგიაშვილი საქართველოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ებრძოდა ფაშისტებს. თელავში დაბრუნებამდე არაფერი იცოდა ბიძის გარდაცვალების შესახებ. როდესაც მიზეზი გაიგო, თქვა, რომ ბიძამ დისDშვილის ვალი მოიხადა. შოთა პაპამ 85 წელი იცოცხლა და სულ ნანობდა, მტერს, მაგრამ მაინც ადამიანს რომ კლავდა ფრონტზე. ყოველ ღამით, ძილის წინ ვხედავ მათ თვალებსო, ამბობდა. როდესაც პაპა გარდაიცვალა, მისი ფრონტისდროინდელი დღიური აღმოვაჩინე. დღემდე გაოცებული ვარ, ომის ქარცეცხლში როგორ ახერხებდა ასე ხატოვნად გადმოეცა თავისი განცდები: "1943 წ. 23.11. ...18 საათზე გავხსენით საარტილერიო ცეცხლი. აუტანელი ხმაურია, გერმანელთა მხარე კვამლმა დაფარა. ფეხოსანი წავიდა შეტევაზე, გერმანელებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა. გარბიან, ვისაც როგორ შეუძლია. გადავდივართ მათ მოწინავე ხაზზე. საუცხოოთ გათხრილი ტრანშეები, კარგად მოწყობილი ბლინდაჟები, 4 წყება პროვოლკა, ყველაფერი უკან რჩება. ამ ბრძოლებში მტერმა ბევრი ცოცხალი ძალა დაკარგა.

მინდორში, ჭაობებში, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ყრია მათი გვამები. ერთი სალდათის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი, უცნაური, ქალური სილამაზით, ღიად დარჩენილი ცისფერი თვალებით, უხეში ჩექმებით, რკინის ჩაფხუტით, საცოდავს ტყვია შუბლში მოხვედროდა. ერთი ნაბიჯი რომ დასცლოდა ბლინდაჟში შეასწრებდა. ახლოს მივედი. ეს ბავშვი არ გავს უხეშ გერმანელ სალდათს. ჯიბეში მოხუცი ქალის სურათი აღმოუჩინეს წითელარმიელებმა. ალბათ დედაა. ეხ! ვეღარ ნახავს თავის ლამაზ ბიჭს, სამუდამოდ ჩარჩენილს ბელორუსიის ჭაობებში..."

ოფიცერი შოთა გოგიაშვილი ერთგან წერს, რომ მას მოჰბეზრდა ომის მუსიკა, აფეთქებების და სროლის ხმა არც ახარებს და არც აშინებს, მხოლოდ ბრაზი იპყრობს დროდადრო, ბრაზი იმისაც, რომ ერთ-ერთ ბელორუსიულ სოფელში შეჩერებულს, გერმანელების იერიში საშუალებას არ აძლევს "კარგად მოაწყოს საქმე თავის გოგოსთან". ამის შესახებ გაგანია ომის დროს წერს და საკუთარ თავს დასცინის, - მე რომ ჭკუა მქონდეს, ახლა რა დროს ქალზე ფიქრიაო, მაგრამ...

"პაპა ომის ბოლო დღემდე იბრძოდა, რაიხსტაგამდე მივიდა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გადაიტანა, დაიჭრა კიდეც, მაგრამ რომანტიკულ განწყობას არასდროს ღალატობდა. არც ის ავიწყდებოდა,  რომ თელავში სატრფო, ჩემი მომავალი ბებო - ნუციკო კევლიშვილი ელოდა. ელოდა 7 წლის განმავლობაში, ყოველგვარი პირობის გარეშე (ან რა პირობა უნდა დაედო ომში მიმავალ კაცს?), რწმენით და საოცარი სიყვარულით, გამხმარი ყვავილით, რომელიც შოთამ ომში წასვლის წინ ნადიკვრის პარკში ბოლო პაემანზე მიართვა. ის ყვავილი ბებოს, ანდერძის თანახმად კუბოში ჩავაყოლეთ.

საოცარი უნარი ჰქონდა სიცოცხლის და ალბათ ამიტომაც გადარჩა, მეც ასე მასწავლიდა: Гогиашвили, выше голову и вперед!

როდესაც მძიმედ დაჭრილა და გადარჩენის იმედი დაუკარგავს, რატომღაც მაჯიდან საათი მოუხსნია და ზედ დანის წვერით ამოუფხაჭნია სახელი, გვარი და რიცხვი 85. მერე, მთელი ცხოვრება იხსენებდა, მაშინ რატომღაც გავიფიქრე, თუ გადავრჩები 85 წელი უნდა ვიცოცხლო-მეთქი. უცნაურია, მაგრამ ასეც მოხდა. ვნების კვირის შაბათი იყო, პაპა ლექციიდან დაბრუნდა (იგი წლების განმავლობაში თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ),  უცნაურად უციმციმებდა დედისეული მწვანე თვალები, ყველას შუბლზე გვაკოცა... აღდგომამდე სამი საათით ადრე გარდაიცვალა. 9 მაისს დავკრძალეთ."

კომუნისტური ეპოქის აღზრდილს, მაგრამ სასულიერო პირების შთამომავალს  ერთხელაც ტაძრისკენ გაუწია გულმა და იმის მერე კვირას არ ტოვებდა ალავერდის ტაძარში წირვას რომ არ დასწრებოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გვითხრა, ამ ჩემს ტექნიკურ ბიბლიოთეკას ვერაფერში გამოიყენებთ, როდესაც მოვკვდები, გაყიდეთ, ყოველდღე სანთელი დამინთეთ და ჩემთან ერთად ჩემი ხელით დაღუპულების სულებიც შეავედრეთ ღმერთსო. პაპა ბოლო დრომდე წუხდა სხვათა მოკვდინების გამო."

P.S. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ისევ შეიკრიბნენ ვაკის პარკში. როგორც ყოველთვის, იცეკვეს, ერთმანეთს მიულოცეს გამარჯვების დღე, გაიხსენეს ომის მძიმე წლები და სევდიანები დაბრუნდნენ შინ. წელს უფრო ნაკლები იყვნენ, ვიდრე შარშან. ისინი მიდიან და ვინ იცის, რამხელა სევდა მიჰყვებათ იმ ქვეყნად.