"ჰიჩკოკმა ჩემზე ძალადობა სცადა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მელანი გრიფიტის დედასთან - კვირის პალიტრა

"ჰიჩკოკმა ჩემზე ძალადობა სცადა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მელანი გრიფიტის დედასთან

"ჰიჩკოკს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, ჩარლი ჩაპლინი კი ირგებდა მარლონ ბრანდოს, სოფი ლორენისა და ჩემს როლს. ერთი სიამოვნება იყო მისი ცქერა"

ფოტოგალერეა

ჩემმა მღელვარებამ იმატა, როცა ყურმილში ხმა გაისმა - ტუ, ტუ და... მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა, 60-იანი წლების ჰოლივუდის პოპულარულმა ტიპი ჰედრენმა ხავერდოვანი ხმით მიპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 87 წლის არის, მაშინვე მეცნო ხმა, რომლის პატრონმაც ალფრედ ჰიჩკოკის "ჩიტები" ლეგენდარულ ფილმად აქცია.

- ქალბატონ ტიპი ჰედრენს ვესაუბრები?

- დიახ.

- გამარჯობა, მე საქართველოდან გიკავშირდებით, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ვარ...

- ვიცი, უკვე მაცნობეს...

ჩვენი ინტერვიუ, რა თქმა უნდა, წინასწარი მოლაპარაკების შედეგად დაიგეგმა. საქართველო და ჩვენი მედიაჰოლდინგი ტიპის წინასწარ გააცნეს. დრო ინტერვიუსთვის ერთი კვირით ადრე დავთქვით.

- საუბარი, რა თქმა უნდა, "ჩიტებით" უნდა დავიწყოთ. ეს თქვენი პირველი როლი იყო. რთული იყო გადაღებების პროცესი?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პირველი როლი იყო, თამაში არ გამჭირვებია, არც ჰიჩკოკთან მუშაობა იყო რთული. ეს ფილმი შედევრია...

- თქვენი შემოქმედებიდან რომელ ფილმს გამოარჩევდით?

- ალფრედ ჰიჩკოკის "მარნიმ" დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. შონ კონერთან ერთად ვითამაშე და ურთულესი როლი იყო, გარდასახვის მომენტი საინტერესო მოგზაურობას ჰგავდა. მიმაჩნია, რომ ამ როლმა უფრო თავდაჯერებული და ძლიერი გამხადა...

- 2016 წელს თქვენს მემუარებში ლეგენდარული რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეთ. თქვენს წიგნში აღწერთ, რომ ფილმ "მარნიზე" მუშაობისას ჰიჩკოკმა თქვენთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობრივად სცადა: "ეს სექსუალური ძალადობა იყო, გარყვნილი და მახინჯი ფორმით გამოხატული, რამაც შოკში ჩამაგდო". მას შემდეგ ჰიჩკოკის ფილმებში აღარ გითამაშიათ.

- მე ვუთხარი ჰიჩკოკს, რომ არ მქონდა მასთან ურთიერთობის სურვილი, გამოვაღე კარი და წამოვედი...

- დაგემუქრათ?

- მემუქრებოდა, რომ კარიერას დამინგრევდა... რის გაკეთებასაც ცდილობდა, ეს იყო საზიზღრობა, საშინელება... მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იცოდა ეს, მაგრამ არავის შეეძლო დახმარება. ის ალფრედ ჰიჩკოკი იყო - მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორი, მე კი მარტოხელა დედა, რომელსაც შემთხვევით გაუმართლა და ცნობილი გახდა.

- ეს ფაქტი რომ მანამდე მომხდარიყო, დათანხმდებოდით ჰიჩკოკს "ჩიტებში" მონაწილეობაზე?

- ამაზე არასდროს მიფიქრია. მე დავთანხმდი ფილმში მონაწილეობას და შემდეგ დაიწყო ეს... მაგრამ წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, ამით არის ცხოვრება საინტერესო...

- ჩარლი ჩაპლინზე მინდა გკითხოთ. თქვენ მის უკანასკნელ ფილმში - "გრაფინია ჰონკონგიდან" თამაშობთ, სადაც პარტნიორობას გიწევდნენ სოფი ლორენი და მარლონ ბრანდო.

- ჩარლი ჩაპლინი და ალფრედ ჰიჩკოკი - ორი განსხვავებული რეჟისორი. ჰიჩკოკს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, ჩარლისთან მუშაობა კი სულ სხვა იყო. მას შეეძლო, განესახიერებინა სრულიად განსხვავებული როლები, ეჩვენებინა ჩვენთვის და შემდეგ ეთქვა, მოდი, ახლა შენ გააკეთეო. ის ირგებდა მარლონ ბრანდოს, სოფი ლორენისა და ჩემს როლს. ერთი სიამოვნება იყო მისი ცქერა. მარლონ ბრანდო ამაზე ბრაზობდა, არ მოსწონდა, როდესაც მის როლს ვინმე ასახიერებდა. წასვლა უნდოდა, ჩარლი კი სთხოვდა, არ წახვიდეო. მე კი ეს არ მწყინდა. ის არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო, მეგობრული ურთიერთობაც გვქონდა.

- მინდა თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახზე გკითხოთ, ქალიშვილ მელანი გრიფიტსა და შვილიშვილ დაკოტა ჯონსონზე. რჩევას თუ აძლევთ მათ?

- არასდროს. "რუხის 50 ელფერიც" არ მინახავს. ჩვენ მშვენივრად ვატარებთ დროს და არასდროს ვეუბნებით ერთმანეთს, ვინ რა უნდა გააკეთოს. ყოველთვის ვცდილობთ, ერთად ვიყოთ.

- დღეს ვინ მიგაჩნიათ ისეთივე გენიალურ რეჟისორებად, როგორებიც ალფრედ ჰიჩკოკი და ჩარლი ჩაპლინი იყვნენ?

- ეს რთული კითხვაა. მე უკვე პენსიაზე ვარ, აღარ ვიცი, რა ხდება კინოინდუსტრიაში, ახლა ცხოველთა უფლებების დაცვისთვის ვიბრძვი. ვცდილობ, თავს მივხედო, ვვარჯიშობ, ფეხით დავდივარ... ასე რომ, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

- დიდი მადლობა თქვენ!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ნინო წიფურია