კვირიკეწმინდის უცნობი ფრესკა - კვირის პალიტრა

კვირიკეწმინდის უცნობი ფრესკა

"კვირიკეწმინდის ფრესკა ანგელოზი ან წმინდა დედა უნდა იყოს - თურმე ჩვენს ტაძრებში წმინდა დედების ფრესკებსაც ხატავდნენ"

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ისტორიის მასწავლებელი ბაკურ გელაშვილი ერთადერთია, ვინც ბორჯომის ხეობის 200-მდე ისტორიული ძეგლის ნანგრევებს ფოტოფირზე აღბეჭდავს - იქნებ ვინმეს აზრად მოუვიდეს მათი აღდგენაო.

ფოტოებზე გრიგოლ ხანძთელის კურთხევით აშენებული ორი ტაძარიც არის. გრიგოლ ხანძთელს მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე გამოეპარნენ სამცხეში გაჩაღებული მშენებლობიდან - ეკლესიები თავად გვინდა ავაშენოთო და აფხაზთა მეფეს მიაშურეს დასახმარებლად. შეშფოთდა გრიგოლი - ხიფათს არ გადაეყარონო და მათ საძებნად წამოვიდა. გუმანით გრძნობდა, რომ ბერები აფხაზეთის მეფესთან, დემეტრესთან უნდა ყოფილიყვნენ. დემეტრემ - გრიგოლმა ბერებს სასჯელი არ დაადოსო, გაბედა და წმინდა მამას სიმართლე დაუმალა, - ჩემთან არ მოსულანო. ახლავე გამომიყვანეო, - უბრძანა გრიგოლმა და დემეტრესაც რაღა დარჩენოდა, ბერებს უხმო. მათ მუხლი მოუყარეს და თავიც ჩაქინდრეს, მაგრამ გრიგოლმა ორივე გულში ჩაიკრა

- რადგან კეთილი საქმისთვის ხართ წამოსულები, აშენეთ, აღარ დაგიშლითო. ეს დაახლოებით 840 წელს იყო, სწორედ ამ წელიწადს თეოდორემ ნეძვი ააშენა, ქრისტეფორემ - კვირიკეწმინდა. ნეძვის მხოლოდ ნანგრევები დარჩა; კვირიკეწმინდიდან - კედლები, საკურთხეველი და საკურთხეველზე XI საუკუნის გამაოგნებელი ფრესკა, რომელიც მორღვეული სახურავიდან საუკუნეების განმავლობაში ჩამოდენილ წყალს უძლებს.

- მეგობრის ნაჩუქარი სამოყვარულო ფოტოაპარატით ბორჯომის ხეობის ძეგლების გადაღება რამდენიმე წლის წინ დავიწყე, - მიყვება ბაკურ გელაშვილი, - ბევრის ნაშთი მიუვალ ადგილებშია და მთლიანად გადაღება ვერ მომიხერხდა, მაგრამ ფრაგმენტები გადავიღე - ფოტოზე ხომ მაინც დარჩება-მეთქი. კვირიკეწმინდა ისეთ დაბურულ ტყეშია, რომ შორიდან ვერც იფიქრებ, იქ თუ ტაძარია. ტყეს რომ გაივლი, ტაძარი ისე წამოიმართება, თითქოს მიწიდან ამოვიდაო...

ტაძარი საუკუნეებია ქარ-წვიმის შეტევას უძლებს, საკურთხეველში საოცრად ხასხასა ფრესკის ფრაგმენტია შემორჩენილი. არ ვიცი, ან წყალსა და ქარს როგორ გაუძლო, ან თურქობას, ანდა ბარბაროს ბოლშევიკებს, რომელთაც ამ სასწაულით გადარჩენილი ფრესკებისთვის თვალები დაუთხრიათ. გავიფიქრე კიდეც - ამის გამკეთებელი ქართველები თემურ ლენგზე უარესები არიან-მეთქი. ალბათ შეუდარებელი ნაგებობა იყო - XVII საუკუნეში გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარშიც არის მოხსენიებული.

- დიდხანს ვიბრძოდით, რომ თურქეთში გრიგოლ ხანძთელის დროინდელი ქართული ტაძრების რესტავრაცია დაწყებულიყო. ამასობაში, საქართველოში მისი ხელდასხმით აშენებული ტაძარი თავზე დაგვნგრევია.

- სამწუხაროდ, ასეა. შარშან ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტრო კვირიკეწმინდის აღდგენას იწყებსო, მაგრამ ისევ ისე უპატრონოა.

- ფრესკები კედლებზეც ხომ არ არის შემორჩენილი?

- მხოლოდ ტაძრის პატარა ფლიგელში. ულამაზესი ფრესკაა. არ ვიცი, ვინ არის, ვისი გამოსახულებაა, მაგრამ სახე იმდენად კდემამოსილია, რომ მის წინაშე მუხლის მოდრეკა მოგინდება. გული მტკივა და მეშინია, რომ ყველაფერ ამას მიწაში ჩანთქმა ემუქრება. არ ვიცი, როგორ გავაგებინო კულტურის სამინისტროს, რომ ტაძარი გადაარჩინოს, - თხრობა დაასრულა ყვიბისელმა მასწავლებელმა და გაჩუმდა.... ასეთ კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ, არ არსებობს... თუმც კი მიგვაჩნია, რომ უპასუხოდ დატოვება დანაშაულია.

ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გვითხრა, კვირიკეწმინდის ტაძრის ფლიგელში შემორჩენილი ფრესკა ანგელოზი ან წმინდა დედა უნდა იყოსო - თურმე ჩვენს ტაძრებში წმინდა დედების ფრესკებსაც ხატავდნენ. ვევედროთ მის ძალას, გრიგოლ ხანძთელის დროინდელი ტაძრის აღდგენაში შემწეობას.

ეთერ ერაძე