"ღიმილის ბიჭები" ბოლოს 2008 წელს შევიკრიბეთ"
15-06-2017
"ღიმილის ბიჭები" ბოლოს 2008 წელს შევიკრიბეთ"
"თაზო თოლორაია, ისევე როგორც ფილმში, ცხოვრებაშიც ნაადრევად, პირველი გამოგვაკლდა"

"მინდა გაისად ჩემი შემოქმედების გამოფენა მოვაწყო, ამასაც იმიტომ გეუბნებით, რომ არ გადავიფიქრო. ამის მომზადებას მეორე კახა ქორიძე სჭირდება, ვეცდები, აღვსდგე ფენიქსებრ..."


თმა თოვლისფერი გაუხდა, წლებ­მაც კვალი დაამჩნია, მაგრამ დღემდე ისევ 18-19 წლის ასაკში განსახიერებულ თემოს ეძებენ­ მასში. ფილმის გამოსვლიდან 48 წლის შემდეგ "ღიმილის ბიჭი" კახა ქორიძე "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- 1962 წელს კინორეჟისორი რეზო ესაძე გივი კვერენჩხილაძის სცენარის მიხ­ედვით იღებდა სადიპლომო
ფილმს "ერთ­ხელ", რომელშიც მთავარი გმირის, საბას როლი ვითამაშე. გადაღებები ძირითადად საგარეჯოსა და ფოთში მიმდინარეობდა. მაშინ მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი... საგარეჯოში მამამ წამიყვანა. გაიცნო ფილმის დამდგმელი კოლექტივი, დაათვალიერა სასტუმრო, სადაც უნდა გვეცხოვრა. სასტუმრო ერქვა - ისე ორსართულიანი ხის სახლი იყო, ეზოში ტუალეტით. მამამ დახლიდარ ჟორას ჩააბარა­
ჩემი თავი. შემდეგ წავედით რაიკომის მდივანთან. მან რაიონის განათლების განყოფილების გამგე გამოიძახა და - ეს ყმაწვილი ორშაბ­ათიდან პირველი საშუალო სკოლის მე-8 კლასში ისწავლისო. ასე დამაბინავა მამამ და თბილისში დაბრუნდა. დამშვიდობებისას სამგზავრო გასაშლელი დანა დამიტოვა, რომელსაც ჩანგალი, კოვზი და კონსერვის გასახსნელი ჰქონდა მიმაგრებული...

სკოლაში პედაგოგ­ები­ და მოსწავლეები ზარ-ზეიმით შემხ­ვ­დნენ და ფრიადოსნის გვერდით­, პირველ მერხზე დამსვეს. შუა გაკვეთილზე უცებ მასწავლებელმა ცარცი­ ესროლა უკანა მერხზე მჯდომ ვანოს - გაეთრიე კლასიდანო. რა დაა­შავა, ვერ დავ­ინახე. ვანო მძიმედ ადგა, ჩანთა იღლიაში­ ამოიდო, გასვლისას კარში კახურად გაეხიდა, მოტრიალდა და მასწავლებელს უთხრა: -"ეს ქალაქელი სულ აქ ხომ არ იქნება?! წავა და დედას გიტირებო!"

ფილმში ჩემი პარტნიორი, რუსიკო კიკნაძე, რუსული სკოლის მეცხრე კლასის­ მოსწავლე იყო. რაკი იმხანად საგარეჯოში რუსული სკოლა არ არსებობდა, ამიტ­ომ რუსიკოც მე მომყვებოდა სკოლ­აში, მერე კი ბავშვებს რთველში მივყავდით. საგარეჯოდან გამომგზავრების წინ მამაჩემის მოცემული­ დანა ვანუას ვაჩუქე - საღამოობით, როცა მე და რუსიკო კინოში­ მივდიოდით, ვანუა ბირჟას დარაჯობდა, რომ ვინმეს ჩვენთვის ზედმეტი არაფერი­ ეთქვა. დახლიდარმა ჟორამ როცა თბილისში, რესტორან "დარიალში" ოფიციანტად დაიწყო მუშაობა, მეგობრებთან ერთად ხშირად ვსტუმრობდი და ვიხსენებდით საგარეჯოში გატარებულ დღეებს.

- ეს ფილმი არ მინახავს...

- მეც არ მინახავს... ერთ დღეს მამამ­ ამბავი მოიტანა - რეჟისორს ფილმის დაცვა გაუჭირდა და თაროზე შემოდესო.

- "ღიმილის ბიჭებში" როგორ მოხვდით?

- ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, ეზოში კალათბურთის თამაშის დროს, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა და მითხრა, - კინოსტუდიაში უნდა მოხვიდე სინჯებზეო. თურმე ფილმი "ერთხელ" რეზო ჩხეიძეს უნახავს... მე ამ დროს არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაბარებდი. მაინც მივედი კინოსტუდიაში. როცა როლზე დამამტკიცეს, უკვე არქიტექტურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი.

- მშობლები არ ჩარეულან თქვენს პროფესიულ არჩევანში?

- მამა ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე იყო. როდესაც თავის წიგნს გამოსაცემად ამზად­ებდა - მე მის ხელნაწერს ხმამაღლა ვკითხულობდი, ის კი ნაბეჭდს ასწორებდა და ცდილობდა, მეტყველებაში ვევარჯიშებინე. როდესაც ორივე შვილმა გადავწყვიტეთ არქიტექტორობა, არ შეგვწინააღმდეგებია, თუმცა ჩვენს გასაგონად ხშირად უთქვამს, ამ ბიბლიოთეკას სახელმწიფოს ჩავაბარებო, რაზეც მე და ჩემს ძმას გვეღიმებოდა...

- აგრძელებთ ფილმის გმირებთან მეგობრობას?

- ყოველ მეათე წელს ტრადიციულად ჩემს სახლში აღვნიშნავდით ხოლმე. ბოლოს 2008 წელს შევიკრიბეთ. დავპატიჟეთ რეზო ჩხეიძეც. სამწუხაროდ, თაზო თოლორაია, ისევე როგორც ფილმში, ცხოვრებაშიც ნაადრევად, პირველი გამოგვაკლდა.

- ოჯახზეც მიამბეთ.

- მე და თამარი კლასელები ვიყავით. წლები გავიდა, მაგრამ დღემდე მიჭირს მის გარდაცვალებასთან შეგუება. დიპლომი რომ დავიცავი, მალევე ვიქორწინეთ. 6 შვილი შეგვეძინა. დღეს ბედნიერი მამა და ბაბუა ვარ.

- ძალიან პოპულარულები იყავით. პროფესიული არჩევანის შეცვლა არ გიფიქრიათ?

- მსახიობობა არ იყო ჩემი მოწოდება, ამიტომ ამ ორი როლით დავამთავრე სამსახიობო კარიერა. ვსარგებლობ შემთხვევით და
მადლობას ვუხდი თქვენს გაზეთს, შარშან "საქართველოს არაპროფესიონალ მსახიობთა ათეულში რომ შემიყვანა. იმ პერიოდში ბევრ მიწვევაზე ვთქვი უარი. თუმცა განგებამ მაინც დამაკავშირა კინოსტუდიასთან, ვიყავი დამდგმელი მხატვარი 3 ფილმისა და 25 წელი კინომსახიობთა თეატრის"მთავარი მხატვარი - შეთავსებით - ძირითადი სამსახურის პარალელურად, 3-4 ადგილას ვმუშაობდი ხოლმე, რასაც ჩემი მეგობრები "კახას პარალელურ ფრენას" ეძახდნენ.

მოდით, აქ შევწყვიტოთ ინტერვიუ, თორემ ვერც თქვენი გაზეთის ფურცლები დაიტევს ჩემს ბიოგრაფიას და ვერც მე შევ­ძლებ მასზე საუბარს, ვინაიდან დანარჩენ საქმიანობაზე სამი ინფარქტი მაქვს გადატანილი და ახლა მასზე საუბარი ჩემთვის დიდი ტვირთია.
ისე გაგიმხელთ, სურვილი მაქვს, გაისად ჩემი შემოქმედების გამოფენა მოვაწყო, ამასაც იმიტომ გეუბნებით, რომ არ გადავიფიქრო. ამის მომზადებას მეორე კახა ქორიძე სჭირდება, ვეცდები, აღვსდგე ფენიქსებრ...

იხილეთ ფოტოგალერეა:  გამორჩეული გარეგნობის ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი მამაკაცები

ეკა სალაღაია
hmmm
16 ივნისი 2017 08:22
მეც ერტხელ მასწავლეებელა ცარცი მესროლა ამცდა მაგრამრომ არ ამცდენოდა ან ტვალს ამომტხრიდა ამ ლოყას გამიჭრიდა ნასროლი ცარცი .ისე მომივიდა გული წიგნის ტხლისჰვა მომინდა მისტვის.
juli
16 ივნისი 2017 03:45
საყვარელი ფილმია. გაიხარეთ.
hihi
15 ივნისი 2017 16:51
ცუდად ვაარ,, ეს ქალაქელი სულ აქ ხომ არ იქნება წავა და დედას გიტირებოო

არა არაა, კახელები რომ ხარტ ტყუილია რაა, ანგდოტები ხარტ

რედაქტორის რჩევით