ყველაზე დიდი მიწისძვრები, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა - რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა? - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი მიწისძვრები, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა - რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

7 ივნისს 22:25 საათზე საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თავდაპირველი ინფორმაციით მისი ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში იყო, თუმცა მოგვიანებით დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი შეცვალა.

როგორც ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით - 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებიდან 18კმ-ში დაფიქსირდა. მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი (განსაკუთრებით მთიანი) ნაწილი მიწისძვრების ზოლშია მოქცეული. ძალიან დაძაბულია მყინვარწვერის კვანძი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ახალგაზრდა, ე.წ. ვულკანების ზონა, შედეგად კი ბოლო 20-25 წლის განმავლობაში კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც გააქტიურებულია სეისმური ბიძგები.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზურა ჯავახიშვილის თქმით, ჩვენი ზონა ითვლება საშუალო სეისმურობის ზონად, ანუ ისეთი ძლიერი და დიდი მიწისძვრები, როგორიც იაპონიაში ან ინდონეზიაში ხდება, ჩვენთან მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები ხდება, თუმცა ეს მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

ზურა ჯავახიშვილი:

- ეს დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების მოძრაობასთან. კონკრეტულად კი იმასთან, რომ არაბეთის ფილა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ზუსტად ამ შეჯახების ზოლში ვიმყოფებით. თანამედროვე ტექნოლოგია დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა და სწორედ ამ მოძრაობის გამო ხდება დედამიწის ქერქის დეფორმაცია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ,

ხის ტოტი რომ მოხაროთ, ბოლო-ბოლო გადატყდება, დედამიწის ქერქიც ასეა, დეფორმაციას განიცდის, გარკვეულ დონემდე უძლებს, შემდეგ გატყდება და ეს არის მიწისძვრა. (ambebi.ge)

ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოში

დედამიწის სეისმური მოვლენებიდან ყველაზე დიდი უბედურება მიწისძვრას მოაქვს. ვარაუდობენ, რომ ცივილიზაციის დაწყებიდან დღემდე დედამიწაზე მიწისძვრებით 150 მილიონი ადამიანია დაღუპული. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი ბოლო საუკუნეებში საქართველოში მომხდარ ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრებზე მოგვითხრობს.

1899 წლის 31 დეკემბერი, ახალქალაქი

მიწისძვრა 0:50 სთ-ზე მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6,3 ერთეული, ინტენსივობა - 8-9 ბალი. დაიღუპა 240 კაცი.

1920 წლის 20 თებერვალი, გორი

პირველი ძლიერი ბიძგი 02:55 სთ-ზე იგრძნეს. განმეორებით - 14:45 სთ-ზე. ამის შემდეგ გორის მაზრა თითქმის აღარ არსებობ

და. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6,2 ერთეული, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა 8-9 ბალი. ყველაზე ძლიერი 9-ბალიანი ბიძგი გორიდან 3 კილომეტრში, სოფელ ხიდისთავში აღინიშნა, ქალაქ გორში კი 8 ბალი. დაიღუპა 114 კაცი.

1940 წლის 7 მაისი, ტაბაწყური

მიწისძვრა 22:23 სთ-ზე აღირიცხა. ეპიცენტრი ტაბაწყურის ტბასთან მდებარეობდა. მაგნიტუდის სიმძლავრე იყო 6, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა, დაიღუპა დაახლოებით 40 კაცი.

მარტვილის მიწისძვრები

1957 წლის 26 იანვარს 16:30 საათზე 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, 29 იანვარი - 15:17 და 15:21 საათზე 8 ბალი. ამ მიწისძვრებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი, დაინგრა შენობები. მსხვერპლი არ ყოფილა.

1963 წელი, 16 ივლისი, აფხაზეთი, კოდორის ხეობა, სოფელი ჩხალთა

მიწისძვრა აღინიშნა 18:27 სთ-ზე, მაგნიტუდა 6,4, მიწისძვრის ინტენსივობამ ეპიცენტრში 9 ბალს მიაღწია. რადგან ტერიტორია მეჩხრად დასახლებულია, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩხალთის მიმდებარე სოფლებში დაზიანდა სახლები, მიწისძვრის თანამდევი იყო მეწყრები და კლდეების ჩამოშლა.

1978 წლის 2 იანვარი, დმანისი

06:31 საათი, მაგნიტუდა შეადგენდა 5,3-ს, ხოლო ეპიცენტრში ინტენსივობა 7-8 ბალს გაუტოლდა. უმნიშვნელო ზარალსა და ნგრევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1986 წლის 13 მაისი, ფარავნის ტბა

მიწისძვრა 8:44 სთ-ზე მოხდა. მაგნიტუდა 5,6-ს შეადგენდა, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ზეგანზე, 8 ბალი იყო. მიწისძვრის შედეგად 2 კაცი დაიღუპა. მიმდებარე სოფლებში დაინგრა სახლები.

1991 წელი, 29 აპრილი, რაჭა

მიწისძვრა 9:12 სთ-ზე აღირიცხა. ეს XX საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მისი მაგნიტუდა 7, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტში - 9 ბალი იყო. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი, დაიღუპა - 200. მიწისძვრით მიყენებული ზარალი, 1991 წლის კურსით, 10 მილიარდ მანეთად შეფასდა. რყევა 4-5 ბალის ინტენსივობით თბილისშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით. მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300მ სიგრძის სიღრმის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით.

რაჭის მიწისძვრას 18 აფტერშოკი მოჰყვა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1991 წლის 15 ივნისს, 0:05 საათზე. მისი მაგნიტუდა იყო 6,1, ეპიცენტრში ინტენსივობა - 8 ბალი. მას მოჰყვა მსხვერპლი და ნგრევა (გაგრძელება).

იხილეთ ასევე: შეიძლება თუ არა მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა ბირთვული აფეთქებით?