"ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა გაუგებრობა..." - რას აცხადებს ქართველი მოკრივე აშშ-ში დაკავების თაობაზე - კვირის პალიტრა

"ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა გაუგებრობა..." - რას აცხადებს ქართველი მოკრივე აშშ-ში დაკავების თაობაზე

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა. როგორც ხურციძე აღნიშნავს, ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა დიდი გაუგებრობა. ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას", - აცხადებს ხურციძე.

იხილეთ ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან, რომლიც გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ერთი თვის წინ გამოაქვეყნა: "მინიტაისონი": "ჩემი მუშტი უფრო მძიმეა!"

"ინტერპრესნიუსი"