"ნიკამ თქვა, რომ თუ რაღაცები ვერ შესრულდა, ის დატოვებდა თანამდებობას" - რას ამბობს უდუმაშვილი მისი და გვარამიას უკრაინულ ვიზიტზე? - კვირის პალიტრა

"ნიკამ თქვა, რომ თუ რაღაცები ვერ შესრულდა, ის დატოვებდა თანამდებობას" - რას ამბობს უდუმაშვილი მისი და გვარამიას უკრაინულ ვიზიტზე?

მეორე დღეა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. 8 ივნისს, საღამოს გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა თავად გვარამიას ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, გუშინ ტელეკომპანიაში თათბირი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია დაიკავებდა, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, გვარამიას ტელეკომპანიიდან წასვლა მისი და "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის უკრაინაში ვიზიტისას, სააკაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების გასარკვევად, ზაალ უდუმაშვილს დავუკავშირდით, რომელიც დიდი ალბათობით, მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას და თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს.

- რას გვეტყვით, ბატონო ზაალ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში?

- არაფერიც არ ხდება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მუდმივად გვაქვს თათბირები, რადგან მოგეხსენებათ, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემებია, რაც უნდა გადაილახოს.

- ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რა არის?

- ჯერჯერობით, ნიკა გვარამია თანამდებობიდან არ წასულა.

- ანუ განცხადება წასვლაზე ჯერ არ დაუწერია?

- დიახ, არ დაუწერია. ჯერჯერობით ის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორია. ნიკამ თათბირზე თქვა, რომ თუ რაღაცები ვერ შესრულდა და ვერ შეასრულა ეს ფინანსური ვალდებულებები, რომელიც გენერალური დირექტორის ფუნქციაში შედის, ამ შემთხვევაში ის დატოვებდა თანამდებობას, წავიდოდა, თუმცა ეს ნიკას ადრეც არაერთხელ განუცხადებია.

- ამბობენ, ნიკა გვარამია პოლიტიკაში აპირებს წასვლასო, რა იცით ამის შესახებ?

-  მისი სამომავლო გეგმების თაობაზე არაფერი ვიცი.

- თუ გისაუბრიათ ნიკა გვარამიასთან გუშინდელის მერე, აპირებს განცხადების გაკეთებას?

- გუშინ იყო სამსახურში, ერთად ვიყავით, მერე წავიდა სახლში, მეც წამოვედი და არ მინახავს მას შემდეგ.

- ვინ განიხილება გენდირექტორობის კანდიდატად?

- როგორ გითხრათ სავარაუდო კანდიდატი, როდესაც ჯერ მოქმედი გენერალური დირექტორი გვყავს...

- ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუკში" გაავრცელა პოსტი, სადაც ნიკა გვარამიას ემშვიდობება...

- არ ვიცი, ნანუკა რა ინფორმაციას ფლობს, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვაცილებ ნიკა გვარამიას.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ უკრაინაში იყავით, რასთან დაკავშირებით?

- უკრაინაში ვიყავი ზუსტად იმიტომ, რომ მივიღე შეთავაზება ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის არჩევნებზე, ეს იყო და ეს. მე უბრალოდ მოვისმინე წინადადება და წამოვედი თბილისში, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

- პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეთ შეთავაზება?

- დიახ, პარტიის ლიდერებსაც შევხდი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც...

- ნიკა გვარამია უკრაინაში თქვენთან ერთად იყო?

- კი ნიკა გვარამია იყო ჩემთან ერთად, მაგრამ მას ფინანსურ საკითხებზე ჰქონდა შეხვედრა არხის დამფუძნებლებთან, იყო უკრაინაში, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე ერთად არ ვყოფილვართ.

იხილეთ ასევე: "ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის" - ნაყოფია უარყოფს, მაშ, ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)