"კამერა ადამიანის სულს იპყრობს, ჰპარავს და ამჟღავნებს დაფარულ გრძნობებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ ფოტოხელოვანთან
12-06-2017
"კამერა ადამიანის სულს იპყრობს, ჰპარავს და ამჟღავნებს დაფარულ გრძნობებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ ფოტოხელოვანთან
"კოკო არ მენდობოდა, რადგან არ მიცნობდა. თავიდან თარჯიმნის დახმარებით ვისაუბრეთ, მთხოვა, რამდენიმე ფოტო გადამეღო სატესტოდ მისი ახალშექმნილი სამოსისთვის. როცა გადავუღე, დახედა ფოტოებს და ინგლისურად ალაპარაკდა... სამი კვირა გავატარეთ ერთად, მეუბნებოდა, ფრანგული უნდა ისწავლოო"

"ახლახან სოფი ლორენს ვაჩუქე ფოტო, რომელიც 1972 წელს გადავუღე. დახედა და ღიმილით მითხრა: "ეს ფოტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ალბათ, ამიტომ გამოვიყურები ასე ვნებიანად..."


თვალებს ვერ დავუჯერე, როდესაც ჩემმა მეგ­ო­­ბარმა ნიუ-იორკიდან
დუგლას კირკლენდის გამოფენისა და წიგნის პრეზენტაციის Freeze Frame: Second Cut-ის პრესრელიზი გამომიგზავნა საკონტაქტო ინფორმაციითა­ და წარწერით, შეგიძლია ინტერვიუზე შეუთანხმდეო. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ფოტოხელოვანი, რომლის ობიექტივში მოხვდნენ ელიზაბეტ ტეილორი, მერილინ მონრო, მარლენ დიტრიხი, ჯონ კენედი, კოკო შანელი, ჯეკ ნიკოლსონი, მაიკლ ჯექსონი, ოდრი ჰეპბერნი, ჩარლი ჩაპლინი...
მაშინვე­ ოფიციალური წერილის წერას შევუდექი, თან წარმოვიდგინე, როგორ ვეკითხები ჩემს საოცარ რესპონდენტს ბრიჟიტ ბარდოზე, ოდრიზე ან მარჩელო მასტროიანიზე... ასე შედგა პირველად ქართულ მედიაში ინტერვიუ სახელგანთქმულ ფოტოხელოვანსა და მის მშვენიერ მეუღლე­ ფრანსუაზ კირკლენდთან.

დუგლას კირკლენდი:


- "დიდი ხნის წინ ხელში ჩამივარდა 1852 წლით დათარიღებული­ ფოტო, რომე­ლზეც ნაპოლეონის უმც­რ­ოსი­­ ძმა, ჟერომ ბონაპარტი იყო გამოსახული. აღფრთოვ­ანებ­ული­ ვუყურებდი იმ თვალებს, რომლებსაც თავად დიდი იმპერატორი უნახავს... ზოგჯერ სურვილი მიჩნდებოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს აღფ­რთოვანება, მაგრამ არავის აინტერესებდა­ ან არ ესმოდა ჩემი, არადა, ცხოვრება­ ხომ ამ პატარა­ შეგრძნებებისგან შედგება", - ასე იწყება ცნობილი ფრანგი­ ფილოსოფოსის, როლან ბარტის წიგნი Camera Lucida... მინდა ჩვენი საუბარიც ამ სიტყ­ვ­ებით დავიწყო, რადგან იგივე განცდა მეუფლება, როდესაც თქვენს ნამუშევრებს­ ვუცქერ. როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა ფოტოხელოვნებაში?

- მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით კანადის­ პატარა ქალაქ ფორტ-ერიში, რომელიც ამერიკის საზღვართან, ნიაგარის ჩანჩქე­რთან მდებარეობს და მოსახლეობა 7000 კაცს შეადგენს. შობის ერთ ცივ დილას, მშობლებმა დამავალეს, ჩვენი სახლის წინ Brawn-ის ფოტ­ოაპარატით სამახსოვრო ფოტო გადამეღო მათთვის და ჩემი პატ­არა ძმისთვის. მაშინ 10 ან 11 წლის ვიქნებოდი. ფირის გამჟღავნება ძალ­იან ძვირი­ ჯდებოდა, ამიტომაც შევინახეთ, რომ სხვა დროს დაგვებეჭდა. მაშინ ძალიან სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმიანობას. მახსოვს, როგორ მივიდე მუცელთან ახლოს კამერა, ფრთხილად ჩავიხედე ვიწრო ჭრილში გამოსახულების დასანახად და... ღილაკი ჩავაჩხაკუნე - ამ ხმამ მთელი არსებით მიმიზიდა... დღემდე შენახული მაქვს ეს კამერა, რელიკვიაა.

- როდესაც ფოტოს მიღებენ, ჩემდა­ უნებურად უხერხულობას ვგრძნობ და პოზიორობას ვიწყებ. თქვენს ფოტოებზე კი ადამიანები ძალიან ბუნებრივები არიან. რა საიდუმლოს ფლობს დუგლას კირკლენდი, რომ მათ თავისუფლად იგრძნონ თავი?

- მე მიყვარს ადამიანები, მიმაჩნია, რომ ფოტოგადაღებისთვის აუცილებელია­ მათთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია. თუ ადამიანი თავს არ გრძნობს ბედნიერად ან კომფორტულად, ეს აუცილებ­ლად­­ გამომჟღავნდება. ფოტოსესია ცეკვას ჰგავს და არა აქვს მნიშვნელობა, სუბიექტი ახალგაზრდაა თუ ასაკოვანი, ქალია, კაცი თუ ბავშვი. ფოტოგრაფმა სხვადასხვა შეგრძნება უნდა მოირგო, ფოტოსესია ყოველ ჯერზე სასიყვარულო ინტრიგას ჰგავს.

- ფრანგული ჟურნალის, Le Nouvel Observateur-ის 1978 წლის გამოცემაში ფოტოხელოვანები განიხილავდნენ საკითხს: ვის ეკუთვნის ფოტო და ვისი დამსახურებით ხდება ცნობილი? - ფოტოხელოვანის, სუბიექტის, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, თუ შემფასებლის?

- ამაზე პასუხი სუბიექტურია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კამერა მათ სულს იპყრობს, ჰპარავს და ამჟღავნებს დაფარულ გრძნობებს, ამიტომაც გადაღებაზეც უარს ამბობენ... თუ ფოტოს არავინ ნახავს, არ შეაფასებს, ის ვერ იცოცხლებს, ისევე როგორც ვერ შთაბერავ სულს ხელოვნების სხვა დარგებს - მხატვრობას, ქანდაკებას ან მუსიკას, თუ არ ეყოლება დამთვალიერებელი და მსმენელი. ფოტოს შემქმნელი ფოტოხელოვანია, მაგრამ ფოტოზე ასახული ადამიანი ან საგანი და შემფასებელი მას სასიცოცხლო მნიშვნელობას აძლევს.

- ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენეთ, თუ როგორ დაიწყეთ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მუშაობა: "ჟურნალი Look-ი ელიზაბეტ ტეილორთან ინტერვიუს წერდა და რედაქტორმა მთხოვა მისი გადაღება. როდესაც მივედი, მკაცრად გამაფრთხილეს, ფოტოს გადაღება აკრძალულიაო. დაველოდე­ ინტერვიუს დასრულებას,­ მივუახლოვდი ელიზაბეტს, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი": "მე დამწ­ყები ფოტორეპორტიორი ვარ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ჩემი კარიერისთვის, თუ თქვენი გადაღების შანსს მომცემთ?" დაფიქრდა და მითხრა: "ხვალ, 8:30 საათზე მოდი". ამ ფოტოსესიამ მსოფლიო მოიარა"...

პირველად იყო ელიზაბეტ ტეილორი, შემდეგ მერილინ მონრო, ჯუდი გარლენდი, მარლენ დიტრიხი და ა.შ. ბევრი პრესტიჟული მედიასაშუალებისთვის გაქვთ ინტერვიუ მიცემული, ბევრ სახელგანთქმულ ჟუნალისტს დაუსვამს თქვენთვის კითხვები. არსებობს რამე, რაც მედიისთვის ჯერ არ გაგიმხელიათ­ და ახლა მოჰყვებით პირველად?

- ადრეული 70-იანი წლებია და ჩემს ბინაში ფანჯრის რაფაზე სხედან ჩემი ქალიშვილები, კარენი­ და ლიზა. არაჩვეულებრივი განათებაა ფოტოგადაღებისთვის,­ ისინი კი ისეთი­ გასხივოსნებულები არიან... და მე ვუღებ, თან ვამბობ:"ძალიან კარგია, დიდებული, თქვენ ძალიან ლამაზები ხარ - ნამდვილი სრულყოფილება... და უცებ კარენმა თვალი თვალში გამიყარა და მითხრა, - მამიკო, შენ ამას ყველა გოგოს ეუბნები, ვისაც უღებ... ეს სიმართლე იყო, მე ამას ისევ ვამბობ...

- თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ფოტოხელოვნება წლების მანძილზე?

- დღევანდელი ფოტოხელოვნება­ ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც წლების წინ იყო. ტექნიკა წინ წავიდა და განაგრძობს კიდეც წინსვლას, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეა. დიდებული ფოტო ყველა დროში დიდებულია, ის აუცილებლად გაუძლებს ჟამთა სვლას. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ დროებას, ყოველთვის მზად ვარ ცვლილებებისთვის. ვერ ვიქნები ინერტული ან წარსულში დარჩენილი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ფოტოხელოვნება, როგორც ერთი მთლიანობა.

- ახლახან გქონდათ თქვენი ახალი პროექტის - A Poetic Alphabet-ის პრეზენტაცია, მოგვიყვებით მის შესახებ?

- ეს უფრო ფრანსუაზის პროექტია, ამიტომ მან უპასუხოს ამ შეკითხვას.

ფრანსუაზ კირკლენდი: -
ეს სიყ­ვარულის თავისუფლებაზეა. დიდი ხანია, მინდოდა, შემექმნა ადამიანის სხეულის ანბანი, რომელიც შესანიშნავმა ილუსტრატორმა­ ერტემ შთამაგონა. მოვიწვიეთ პანტომიმის თეატრის მსახიობი და 2015 წლის ზაფხულში დავიწყეთ მუშაობა... ეს უნდა ყოფილიყო ჩემი საჩუქარი დუგლასის 81-ე დაბადების დღისთვის. რა თქმა უნდა, დუგლასიც ჩაერთო, მან თითოეულ ფოტოზე ცალ-ცალკე იმუშავა.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით