როგორ განვასხვაოთ ნატურალური წვენი შეღებილისგან - კვირის პალიტრა

როგორ განვასხვაოთ ნატურალური წვენი შეღებილისგან

დარწმუნებული ხართ, რომ ნატურალურ წვენს მიირთმევთ? ხშირად პაკეტსა თუ ბოთლზე დატანილი ინფორმაცია იუწყება, რომ ხილის წვენი 100%-ით ნატურალურია. ამის შემოწმება იოლია. თავი მოტყუებულად რომ არ ვიგრძნოთ, ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი.

ორი განსხვავებული ფორთოხლის წვენი ჩავასხათ სხვადასხვა ჭურჭელში და ქურაზე შემოვდგათ, შესადარებლად ცოტაოდენი წვენი დავიტოვოთ ჭიქაში. 200-250 გ წყალს დავამატოთ 4 ჩაის კოვზი სოდა, კარგად მოვურიოთ და დავასხათ ქურაზე შემოდგმულ ფორთოხლის წვენებს. გაცხელების შემდეგ ნატურალური წვენი გაღიავდება, საღებავიანი კი ფერს არ შეიცვლის. ეს ტესტი შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერ ყვითელ ან ნარინჯისფერ ხილის წვენზე.

არომატიზატორი

დავიწვეთოთ ხელისგულზე ერთი წვეთი, თუ ცხიმიან კვალს დატოვებს, მასში არომატიზატორებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: მჟავე წვენი ადვილად აზიანებს კბილის ემალს და თუ ასეთ წვენს ხშირად სვამთ, უმჯობესია, საწრუპით დალიოთ.

თქვენ გატყუებენ!

ბროწეულის წვენს ვაშლით ამზადებენ

კონცენტრირებული ნიშნავს წვენს, რომელსაც ქარხანაში წურავენ, შემდეგ მცირე დროით მაღალ ტემპერატურაზე აჩერებენ და სითხეს აორთქლებენ. კონცენტრატის ტრანსპორტირება ადვილია და შემდეგ ადგილობრივ ქარხნებში ამატებენ წყალს. ასეთი წვენი ითვლება ნატურალურად.

ნექტარში წვენი მხოლოდ 25-დან 50%-მდეა. წვენის დამზადების ტექნოლოგია კი შემდეგნაირია: გამოწურული ხილის ნარჩენებს ამატებენ წყალს და აჩერებენ, რომ წყალმა მიიღოს ხილის არომატი და გემო. ასევე ამატებენ შაქარს, რაც ნაკლებად სასარგებლოა, თუმცა ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული წვენი არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში, თუ არ ჩავთვლით დიაბეტიან პაციენტებს... ფალსიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა კი ერთი წვენის მეორით ჩანაცვლებაა. მაგალითად, ბროწეულისა და ვაშლის შერეული წვენი შედარებით ძვირი ღირს, ამიტომ ბროწეულის წვენს ხშირად ვაშლის წვენით ამზადებენ.(!) ერთი შეხედვით თითქოს საშიში არაფერია, უბრალოდ, მწარმოებელი გატყუებთ... თუმცა, ვაშლის წვენი ფერითა და გემოთი ბროწეულს რომ მიამსგავსონ, საღებავებსა და არომატიზატორებს ამატებენ.

სხვა წვენების დასამზადებლადაც გამოიყენება ქიმიური არომატიზატორები, კონსერვანტები და საღებავები, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა!