"შეიძლება გიჟი ვარ" - კვირის პალიტრა

"შეიძლება გიჟი ვარ"

"ჩემი ფიგურები უფრო ადამიანები არიან, შეიძლება ანგელოზობა უნდათ, მაგრამ ვერ სცდებიან მიწიერ სამყაროს"

"რისი გაკეთებაც უნდა დავიწყო, მაინც ანგელოზებზე გადავდივარ"

გასულ კვირას თბილისში მხატვარ ბესო კობახიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ის ამბროლაურში ცხოვრობს, ქმნის როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ფიგურებსა და მარიონეტებს. პარალელურად, ამბროლაურის ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობს. ამბობს, სათქმელს ჩემი ნამუშევრებით გადმოვცემო... ეს მართლაც ასეა - ბესო კობახიძე ფერებითა და ფიგურებით ლაპარაკობს.

- მშობლებს რომ გავენდე, მხატვრობა მინდა-მეთქი, ერთმანეთს გადახედეს... მაშინ მე-8 კლასში ვიყავი. დედა ხშირად ყიდულობდა წიგნებს. ერთხელ "მარად ცოცხალი ხელოვნება" მოიტანა, მაშინ "გავიცანი" მიქელანჯელო, ლეონარდო, ტიციანი, ბოტიჩელი. მერე ავიღე ხელში ფანქარი და...

აბიტურიენტი რომ გავხდი, დედამ, აბა, შვილო, მათემატიკაში მოვემზადოთო. რატომღაც რაჭველების უმრავლესობა მაშინ პოლიტექნიკურში აბარებდა. უნდა ვხატო-მეთქი, გამოვაცხადე. ამბროლაურში მოხუცი მხატვარი ცხოვრობდა. დედას ჩემი ნახატები უჩვენებია. მას უთქვამს, ნიჭიერი ბიჭი ჩანს, თუ ხატვა სურს, არ დაუშალოთო.

ჯერ თოიძეში ჩავაბარე, მოგვიანებით აკადემიაში. ერთხელ ბიძაშვილმა მომიკითხა, როგორ არის, მუშაობსო? არაო, უთქვამს მამაჩემს. როგორ, არ ხატავსო?! ხატვა მუშაობააო? - გაცხარებულა მამაჩემი.

2004 წელს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. 1 თვეში 8 ოპერაცია გამიკეთეს თავზე. ამის შემდეგ ჩავედი რაჭაში და კულტურის სახლში დავიწყე მუშაობა, მერე ცენტრის დირექტორად დამნიშნეს.

- ანგელოზების შექმნა როდის დაიწყეთ?

- ჯანმრთელობის პრობლემა... პლუს ზამთარი რაჭაში, თვეობით რომ ხარ ჩაკეტილი - მაშინ გავაკეთე პირველი ანგელოზი. მანამდე მარიონეტებს ვაკეთებდი... მეგობარი მყავს რეჟისორი, ალეკო ესვანჯია. ერთხელ მითხრა, მეც ვხატავდი ადრე და ჩემს ნამუშევრებს განახებო. მათ შორის ერთი მარიონეტიც იყო. დავინახე და ბავშვობა გამიცოცხლდა... ამის შემდეგ 16 მარიონეტი გავაკეთე. მერე ვიფიქრე, ქანდაკებას გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ რისი გაკეთებაც უნდა დავიწყო, მაინც ანგელოზებზე გადავდივარ.

- რატომ აქვთ თქვენს ანგელოზებს ცალი ფრთა?

- ჩემი ფიგურები უფრო ადამიანები არიან, შეიძლება ანგელოზობა უნდათ, მაგრამ ვერ სცდებიან მიწიერ სამყაროს.

იცით, გიჟური სიზმრები მაქვს, ფერადი, ჩემს ფიქრებში დავფრინავ. შეიძლება დღეები ისე გავიდეს, სიტყვა არ ვთქვა. ჩემს სათქმელს ჩემი ნამუშევრები ამბობენ. როგორც კი სამსახურიდან ვბრუნდები, ერთი სული მაქვს, როდის ავალ სახელოსნოში. ძნელია რაიონში ცხოვრება, მაგრამ ერთი მხრივ კარგიც არის. გოგენი ხომ პარიზიდან გაიქცა და ტაიტიზე დასახლდა. მეც გამოქცეული ვარ-მეთქი, ვხუმრობ ხოლმე.

ერთი მეგობარი დიდხანს მეხვეწებოდა, მაჩუქე შენი ნამუშევარიო. ბოლოს ვუთხარი, მოდი და წაიღე, რომელიც მოგეწონება-მეთქი. მოვიდა, უყურა, უყურა - რა თქმა უნდა, გედები, ტბა და პალმები არ დახვედრია - საათზე დაიხედა, მეჩქარება, მალე გამოგივლიო. არც მოსულა მას შემდეგ. როცა აბსტრაქციაში მუშაობ, უნდა შეეგუო, რომ ეს მასებისთვის არ არის.

- პოპულარობა აუცილებელია?

- თუ გაყიდვაზე მიდგა საქმე, შესაძლოა, მაშინ დაგჭირდეს. ერთ კოლექციონერს ვკითხე, როგორ აფასებთ ნამუშევარს, დაახლოებით რომ დავადო ფასი ჩემს ნახატებს-მეთქი. მითხრა, უკვე ცნობილი მხატვარი უნდა იყო, უკეთესია, გარდაცვლილი, ნამუშევარი გაცილებით ძვირი ეღირებაო.

ბიძაშვილი იყო ჩამოსული ამერიკელ მეუღლესთან ერთად. ერთი პორტრეტი მოეწონა, გადამეკიდა, ჩუქება არ მინდა, ვიყიდიო. როგორც იქნა, გავატანე, ბიძაშვილს როგორ მივყიდდი?! ჰოდა, რომ ჩაფრინდნენ ამერიკაში, აეროპორტში მოგვპარესო, დამირეკეს. ვიცინოდი, რა მაგარი ვარ, ჩემს ნამუშევრებს ნიუ-იორკის აეროპორტში იპარავენ-მეთქი.

დათო ტურაშვილმა ჩემი სახელოსნო რომ დაათვალიერა, მისმა შეფასებებმა გამახარა. მითხრა, სპეციალურად დავწერ პიესას ამ მარიონეტებისთვის და სპექტაკლი დავდგათ რაჭაშიო. უკვე ვმუშაობთ... გვინდა მთელი რეგიონის სკოლები მოვიაროთ ამ სპექტაკლით, რომ ბავშვებს ხელოვნების ინტერესი და სიყვარული გავუღვივოთ.

ნათქვამია, კაცს უნდა ჰყავდეს შვილი, დარგოს ხე და სახლი ააშენოსო, ჩემთვის კი შვილებიც, ხეც და სახლიც მხატვრობაა. ამის იქით ვერ ვიყურები, რა ვქნა, შეიძლება გიჟი ვარ.

ეკა სალაღაია