ჩემი "ვეფხისტყაოსანი" - კვირის პალიტრა

ჩემი "ვეფხისტყაოსანი"

შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი მეზობელი თურქეთის ოთხ - დუზჯეს, რიზეს, არტაანისა და ყარსის უნივერსიტეტში აღნიშნეს

"ქალი მყავდა მშვენიერი, შავთვალწარბა, კაოსანი/, გავათხოვე, გაყოლე მზითვად "ვეფხისტყაოსანი"!/ წაეკითხათ, ვერ გაეგოთ/, თურმე იყვნენ ვიროსანი/, ისევ უკან წამოვიღე ჩემი "ვეფხისტყაოსანი"!… ეს ლექსი, რომელიც ჩვენმა წინაპარმა იმიტომ შემოგვინახა - ვაი მას, ვისაც "ვეფხისტყაოსანი" ვერ გაუგიაო, დღეს უფრო მეტ გაფრთხილებად ჟღერს.

რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი მეზობელი თურქეთის ოთხ - დუზჯეს, რიზეს, არტაანისა და ყარსის უნივერსიტეტში აღნიშნეს. ამ იუბილეზე რუსთველოლოგი, ივანე ჯავახიშვილისა და ახალციხის უნივერსიტეტების პროფესორი ნესტან სულავაც იყო მიწვეული.

ნესტან სულავა: - თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან სწავლობდა ერთი კარგი ყმაწვილი ქალაქ დუზჯედან, ფევზე ჩელები. დუზჯე ჩვენებურების ქალაქია. ამ ხალხს ახსოვს, რომ ოდესღაც ქართველები იყვნენ... როგორც ჩანს, ფევზეს ოჯახში ქართული ცნობიერება ცოცხლობს და ამიტომაც ბიჭი თბილისში გამოემგზავრა სასწავლებლად. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში თურქეთის ჩვენებურების მოამაგე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძეც ასწავლიდა. ქართული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფევზე დუზჯეს უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ, იქაური რექტორი დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გახსნილიყო. კათედრაზე საქართველოდან ასევე ახალგაზრდა პედაგოგები მიიწვიეს. ახლა მხოლოდ დუზჯეში 70 სტუდენტი სწავლობს ქართულს.

- ეს მცირე რიცხვი არ არის.

- გეთანხმებით, ამას თურქეთის კიდევ სამი უნივერსიტეტის ქართველოლოგი სტუდენტების რაოდენობასაც თუ დავუმატებთ, მართლაც გასახარელი ფაქტია. ამ იუბილეზე "ვეფხისტყაოსნის" შესახებ 45 მოხსენება წარმოადგინეს, აქედან 20 - თურქული მხარისა იყო.

წინასწარ გამაფრთხილეს, აქ ჯერჯერობით "ვეფხიტყაოსნის" შესახებ მცირე ცოდნაა (თურქეთში "ვეფხისტყაოსნის" მხოლოდ ოთხი თარგმანია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანულიდან არის ნათარგმნი), ამიტომ ისე ისაუბრეთ, რომ გასაგები იყოსო. ტექსტი წინასწარ მოავამზადე, მაგრამ დავიწყე თუ არა, მივხვდი, სულ სხვანაირად უნდა მელაპარაკა. საბოლოოდ, "ვეფხისტყაოსანზე" ისე ვილაპარაკე, რომ დაახლოებით ასეთი შეფასება გამომივიდა: თუ ჰომეროსი კაცობრიობის ბავშვობაზე გვესაუბრება, შექსპირი - მიწიერ გრძნობებზე, სერვანტესი - იდეალურ სამყაროზე, გოეთე - სულზე, რუსთაველი ამ ყველაფერს ერთად აღწერს, მან იცის, რა არის ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო, სხეულის მშვენიერება და სულის უკვდავება, ამიტომ…ის უფრო ღრმაა, ვიდრე რომელიმე კლასიკოსი ცალ-ცალკე-მეთქი.

საუბარი რომ დავასრულე, მითხრეს: ახლა ყველაფერი დალაგდა, მივხვდით, რატომ არის "ვეფხისტყაოსანი" ქართველების სავიზიტო ბარათიო.

- ყველაზე კარგი ის არის, რომ ამას ადგილობრივი სტუდენტობაც ისმენდა. მათ შორის ბევრს შეიძლება სადღაც მიმალული ქართული ცნობიერებაც გაეღვიძოს.

- ეს მომავლის საქმეა. თუმცა, დუზჯეს ჩვენებურებით პირადად მოხიბლული და შეძრულიც კი დავრჩი, - ამ ხალხს თავიანთი შრომით აყვავებული აქვს იქაურობა. სულ ჩვენ გვერდით იყო უნივერსიტეტის ახალგაზრდა რექტორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი, რომელმაც იუბილეზე თავისი გამოსვლა ასე დაიწყო, - მეც ქართველი ვარო.

- ისიც ჩვენებურია?

- დიახ. ეს იერზეც ეტყობა. ამ მართლაც ლამაზ ქალბატონს შესაშურად ღრმა და თანამიმდევრული ევროპული განათლება აქვს მიღებული. საოცარ სითბოსა და სიყვარულს გვიწილადებდა. მისმა სიტყვებმა, - მეც ქართველი ვარო, გული სითბოთი აგვივსო; სევდით კი, - თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის გამოსვლამ, რომელმაც თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა: "ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!/ ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებერ ტირსა/, სადაურსა სად წაიყვან, სად აღუფხვრი სადით ძირსა,…მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა."

ეთერ ერაძე