"ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი - 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი" - კვირის პალიტრა

"ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი - 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი"

"ჩვენი დროის გმირი - შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი. გმირებად, ალბათ, იბადებიან..."-  დაწერა "ფეისბუკგვერდზე" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა თეა პერტაიამ.

ამბობენ, რომ ზურა მუზაშვილმა პირველად ადამიანი 10 წლისამ გადაარჩინა, როდესაც მდინარეში ჩავარდნილი თანატოლი გამოსტაცა სიკვდილს. უკანასკნელად კი სხვათა სიცოცხლისთვის 2015 წლის 13 ივნისის ღამეს იბრძოლა და 8 ადამიანი იხსნა სტიქიისგან, როდესაც მორიგი ადამიანის გადასარჩენად მიდიოდა, თვითონაც დაიღუპა. ზურა 37 წლის იყო ...

ზურა მუზაშვილი მოჭიდავე იყო. ტრავმის გამო სპორტისთვის თავი დაუნებებია. სამაშველო სამსახურში რვა წელი იმუშავა. ის კასპის რაიონის სოფელ აღაიანიდან იყო. ზურას დედ-მამა და და დარჩა.

მიხეილ აბესაძე, მაშველი: - თავსხმა წვიმა მოდიოდა, დენი გაითიშა, წვიმაში ფარნებიც გაგვიფუჭდა, ირგვლივ სიბნელე იდგა, ხმების მიხედვით ვხვდებოდით, დახმარებას ვინ ითხოვდა. ზოგი ძალით გამოვიყვანეთ, სახლებს არ ტოვებდნენ. ზურა ჩემგან ათ მეტრში იდგა, ვხედავდი, როგორ ეხმარებოდა ხალხს. ოთხი კაცი გადაარჩინა. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, კიდევ ერთის გადარჩენა მოასწრო - მამაკაცი ბორდიურზე აიყვანა და თვითონაც ის-ის იყო ასვლას აპირებდა, რომ უცებ წყალმა დიდი სიჩქარით უშველებელი ხე წამოიღო, ზურას ფეხებში მოხვდა და გულაღმა გადააგდო...

- მითხრეს, რომ ზურა იმ ადამიანის გადარჩენას შეეწირა, რომელიც მანქანას არ ტოვებდა..

დავით ობგაიძე, მაშველი:

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. მამაკაცები მანქანას არ ტოვებდნენ, არ ეგონათ, რომ ასეთი დიდი წყალი მოვარდებოდა. ეს არც ჩვენ გვეგონა... ზოგი მანქანასთან მიდიოდა, შიგ საფულე ან მობილური ეგულებოდა. ასეთი შემთხვევები დროს გვაკარგვინებდა, რადგან მათი ძალით გამოყვანა გვიხდებოდა...

ზურას 7 წელია, ვიცნობ. მოჭიდავე იყო, ნაკრებში ერთად ვიყავით. შემდეგ აქ დავიწყეთ მუშაობა. ოღონდაც ვინმეს დახმარება ეთხოვა, იმ წუთში მასთან გაჩნდებოდა. ჩუმი, უთქმელი თავის სათქმელს საქმით ამბობდა... ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი - 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი.

თეა ხურცილავა