13 ივნისის სტიქიას გადარჩენილები, დაკარგულები... - ტკივილიანი ისტორიები - კვირის პალიტრა

13 ივნისის სტიქიას გადარჩენილები, დაკარგულები... - ტკივილიანი ისტორიები

დღეს 13 ივნისია, შემზარავი ტრაგედიის დღე. 2 წელი გავიდა მას მერე, რაც მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიის შედეგი უმძიმესი იყო.

უამრავი ადამიანი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები, რაც ყველაზე მძიმეა, საშინელმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ. სტიქიიდან 3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი.

"ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე!"

ელიზბარი მოსკოვში ცხოვრობდა, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისში. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმა. სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. სიკვდილამდე მეგობართან დარეკვა შეძლო: პაატა მიშველე, ბიჭო ვიღუპები, წყალში ვიხრჩობიო. საშველად მაშინვე გავარდა მეგობარი. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვეღარ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში აღმოჩნდა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა დიდ ხეს ჩაებღაუჭა, ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, მისი ბოლო სიტყვები იყო - ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე! მერე ტელეფონიც გაითიშა...

დებ ზარანდიების ლამაზი სიცოცხლე და ტრაგიკული დასასრული

ახალი გზით ბრუნდებოდნენ სახლში დები, ინდირა და ლიზა ზარანდიებიც. მალე მოვალთ, უთხრეს დედას, მაგრამ სამწუხაროდ, სახლამდე ვერ მიაღწიეს.

"თითქმის ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა, მაკლია, მეწვის... თითქმის ორი წელია ტკივილის ბურთს სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩერებას ვაიძულებ. ხშირად არ გამომდის, ივნისში განსაკუთრებით ასეა და განსაკუთრებით მძიმეა ეს დღე ჩემთვის. აუტანელი მონატრება, დიდი სევდა, მათ გარეშე დიდი სიცარიელეა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ამ ემოციებს და განცდას ",- ამბობს გოგონების ბიძაშვილი თამთა ზარანდია.

იხილეთ: "ვერ ვეგუები, რომ ჩემი ინდირასა და ლიზას გაღიმებულ სახეებს ვეღარ ვნახავთ"

ივლიტა და მარიამი

12 ივნისს, მამა გიორგიმ (ჯიბუტი) ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ქუჩის კვეთაზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა, იქ შეიკრიბნენ დაღუპულების ახლობლები, სამწუხაროდ, მამაოს ქალიშვილი ივლიტა ჯიბუტიც გახდა ამ სტიქიის მსხვერპლი...

ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია ივლიტას მეუღლესთან ერთად 40 წუთის განმავლობაში, სახურავზე ასულები, ელოდნენ მაშველებს. მეუღლე ხელს არ უშვებდა საყვარელ გოგონას და მის მეგობარს, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა ისინი სახურავიდან გადაყარა. მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს, გოგონები დაიღუპნენ.

იხილეთ: "2010 წელს ივლიტამ და დათომ ჯვარი დაიწერეს. მათი ქორწილის დღესაც თავსხმა წვიმა იყო..."

ქართველების უპრეცედენტო ერთობა

მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. ზოოპარკის თანამშრომლების სიცოცხლეც შეიწირა სტიქიამ, სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილიც. იმ დღეებში ქართველი საზოგადოების ერთმანეთის მხარში დგომა მართლაც სამაგალითო იყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მოხალისე მონაწილეობდა. ყველა ქართველს სტკიოდა მომხდარი და ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა დაზარალებულებს. უამრავი გმირობის მაგალითი ვნახეთ, ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. იმ მძიმე დღეებში, დიდ ტკივილთან ერთად, ბევრი პოზიტივი იყო, რადგან მართლა მთელი საქართველო გაერთიანდა და ეს ფაქტი გულს უთბობდა ადამიანებს. აღსანიშნავია მაშველთა თავგანწირვა და ამის ფასად ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. სტიქიამ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ მუზაშვილი იმსხვერპლა, რომელმაც დაღუპვამდე 8 ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს.

იხილეთ: "ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი - 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი"

თბილისის მერიის ინფორმაციით, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. მოქალაქეებს სახლებიდან გამოჰქონდათ დაზარალებულებისთვის საჭირო პირველადი ნივთები, ტანსაცმელი, საკვები და მათ აწვდიდნენ. თანხებს რიცხავდნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეისათვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილია და დაზარალებულთა უმრავლესობა დაკმაყოფილდა. თუმცა არიან შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილო ოჯახები, რომლებმაც მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა სასამართლოს გზით ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას.

დაკარგულები

დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა სერგი კაპანაძე, რომელიც დებ ზარანდიებთან ერთად იყო და ასევ ბექა ბუთურიშვილი.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

- მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს... უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5 ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ... იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.

იხილეთ: "სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"

გადარჩენილები

ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო ის დღეები. ქეთი ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. ის სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ზურაბ მუშკუდიანი აფხაზეთიდან დევნილია. 12 წლის იყო საკუთარი სახლ-კარი რომ დატოვა და გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ცხოვრება თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, ბევრი შრომის შედეგად ოჯახმა თბილისში ბინა იყიდა. ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ წუთში შეიძლებოდა დანგრეულიყო ყველაფერი. საბედნიეროდ ზურამ სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან მეუღლე და 2 წლის შვილი, ლუკა. სახლში წამებში მიუსწრო მათ და დიდი წვალებით სამშვიდობოს გამოიყვანა. სვანიძის 11 ნომერში მათი მეზობლები, 4 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ამ სახლიდან სვეტა, ლიანა, ჟანა და ნინა ეგიაზაროვების ცხედრები გამოასვენეს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ...

ქეთევან ბეგიაშვილი:

- ორი წელი გავიდა, მაგრამ ეს დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ეს ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობს ეს ამბავი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, 13 ივნისზე ფიქრი არ მშორდება, ყოველთვის თან მდევს. ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ახლა არ მიყვარს და ვცდილობ არც გავიარო იმ გზაზე. თუმცა ერთი წლის წინ სულ იქ მინდოდა ყოფნა და ხშირად მივდიოდი. ახლა რაც დრო გადის, იქ გავლა აღარ მსურს.

- ქეთი, ბავშვები ხომ არ იხსენებენ იმ დღეს?

- ყოველთვის იხსენებენ. განსაკუთრებით ლუკა, რომელიც მართლა სიკვდილს გამოვტაცეთ. ახლა ახალ სახლში ვცხოვრობთ და ამბობენ, აქ კარგიაო.

- თქვენს ეზოში ცხოვრობდა 4 დაღუპული ქალბატონი, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

- მათი გარდაცვალება ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილია. ყოველდღე ვიხსენებთ მათ და გული გვტკივა, რომ წარსულში გვიწევს საუბარი. სახლის პირველ სართულზე ორი და ცხოვრობდა, ხოლო მეორე სართულზე მათი ბიძაშვილები. მათ ვეხმარებოდით წყლის ამოტუმბვაში. ისინი ცდილობდნენ საძინებლებში არ შესვლოდათ წყალი და იმაზე იყვნენ გადართულები. ამ დროს წყალი ისევ შემოვარდა. მე კიბეზე ავდიოდი, ამ დროს გავიგე ერთ-ერთი დაღუპულის შვილი როგორ გადმოხტა ფანჯრიდან და დაიყვირა, მიშველეთ დედა მეხრჩობაო. ბავშვი ამბობს, დედაჩემი დახრილი წყალს წურავდა, ამ დროს დიდი ნაკადი შემოვარდა სახლში და დედას თავზე მაცივარი დაეცა და კედელზე მიახეთქა წყლის ნაკადმაო. ჩემსავით ცურვა არ იცოდნენ, თორემ მეორე სართულზე მყოფები მაინც გამოაღწევდნენ იქიდან. იმ საშინელ ღამეს სასწაული იყო ვინმეს გადარჩენა.

ძალიან მძიმეა ამის გახსენება. დღეს ჩემი ლუკა 4 წლის არის, ნინი 6 და ზაკო 7 წლის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის და გვერდში დგომისთვის და მინდა 13 ივნისის მსგავსი უბედურება აღარასდროს გვენახოს. რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდებით რომ მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩით. ეს ხომ არ იყო უბრალოდ წყალი, ეს იყო ღვარცოფი, ტალახი, რომელსაც მოგლეჯილი ხეები და ყველაფერი მოჰქონდა. ალბათ არ ვიყავით განწირულები, მადლობა უფალს.

იხილეთ: "ზურას ვეხვეწებოდი სამივე აქედან ვერ გავალთ, ლუკა წაიყვანე, ის გადაარჩინე - მეთქი"

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)