"ამღერებულ ბიჭებს აფხაზებმა ტყვია არ გვესროლეს" - კვირის პალიტრა

"ამღერებულ ბიჭებს აფხაზებმა ტყვია არ გვესროლეს"

მომღერალი, რეჟისორი, მსახიობი და ამჟამად, სპორტის სასახლის დირექტორი  გიო ხუციშვილი თავისი ცხოვრების ეპიზოდებს ჟურნალ "გზასთან" იხსენებს. გთავაზობთ ორ ამბავს სტატიიდან:

სასექტემბროდ შენახული ჯინსის შარვალი

- ჩემი მეგობარი დათო გოგიაშვილი, იგივე თავგასა და მე ბათუმში ვისვენებთ. ის გემით კრუიზში მიდიოდა ორი კვირით. ახალი ნაყიდი ჯინსი მქონდა, რომელიც თბილისში დავტოვე. სტუდენტი ვიყავი და სექტემბერში სწავლის დაწყების დროისთვის ვინახავდი. მაშინ ჯინსი თბილისში მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა. თავგასამ მკითხა, - შენი ჯინსი სად არისო? ვუთხარი, არ წამომიღია-მეთქი. ეს კაცი ორი დღით სადღაც გაქრა, მერე ერთმა გოგომ წერილი მომიტანა. გამიკვირდა, ვისგან უნდა ყოფილიყო? დედაჩემის წერილი აღმოჩნდა. მსაყვედურობდა, რატომ არ მირეკავო და კიდევ, ეწერა: "დათო იყო ჩემთან, გამოვატანე ჯინსი და თანხა". ერთი სიტყვით, ჯინსიც და თანხაც თავგასამ გემზე წაიღო. ისე ვიყავი გადარეული, ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდა. ჩამოსვლის დღეს პორტში მივედი. მინდა, ვეჩხუბო, ამიტომ დავლიე კიდეც. ყველა მგზავრი ჩამოვიდა, თავგასა არ ჩანს. ილუმინატორიდან თავი გამოყო და მეძახის: სულ ორჯერ მეცვაო! ხელზე გადაკიდებული დაუთოებული ჯინსით მომიახლოვდა. გამეცინა და აღარაფერი მითქვამს.

მუსიკის ენა

- აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში, დამწვარ, დანგრეულ სახლში შევედით, სადაც როიალის გარდა, არაფერი დაგვხვდა. ჩემმა მეგობარმა, მიშა ჭაბუკიანმა დაუკრა, მე ვიმღერე, ბიჭებიც ამყვნენ და სიმღერა სამ ხმაში გავშალეთ. პატარა მიხომ იცეკვა (ასე ვეძახდით ერთ ბიჭს, რომლის გვარი არ მახსოვს). ყველა გავმხიარულდით და რაღაც მომენტში, ომი გადაგვავიწყდა. ჩვენ ვმღეროდით და მეორე სახლში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული. მუსიკის ხმა და ჩვენი სიმღერა რომ გაიგონეს, გაჩუმდნენ და... ერთი ტყვიაც არ გვესროლეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ეს ერთგვარად, სიმბოლური ფაქტი იყო. ასე ხდება, მუსიკის ენა ყველას ესმის. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 15 ივნისის ნომერში.