"მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, არც - "მოდნი" ბიჭი" - მოკრივე, ვისი დაცვის გარღვევა შეუძლებელი იყო - კვირის პალიტრა

"მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, არც - "მოდნი" ბიჭი" - მოკრივე, ვისი დაცვის გარღვევა შეუძლებელი იყო

(ფოტოგალერეა)

"რუსები ყოველთვის გვზღუდავდნენ სხვა ერის, განსაკუთრებით კი - საქართველოს წარმომადგენლებს. მაგალითად, ჩემი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მონრიალის ოლიმპიადაზე ნაკრების შემადგენლობიდან ბოლო მომენტში ამომაგდეს..."

ორთაჭალაში, დედასთან და ძმასთან ერთად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. თურმე, მისი უფროსი ძმა - როლანდი დადიოდა კრივზე და დედა ძალიან განიცდიდა, შვილი ხშირად დალურჯებული რომ ბრუნდებოდა შინ. ამიტომაც ფეხბურთზე მიიყვანა. ამბობს, იქ სულ ორ კვირას გავძელიო.

მერე ჩუმად კრივის სექციაში ჩაწერილა. შინიდან ძველი დახეული ბურთით გადიოდა, ვითომ ფეხბურთის სათამაშოდ, სინამდვილეში კი კრივში სავარჯიშოდ მიდიოდა. ორი თვის შემდეგ ოჯახს ყველაფერი შეუტყვია, მაგრამ რაღას იზამდნენ და მის მოკრივეობასაც შეჰგუებიან.

წლების წინ, კრივში საბჭოთა კავშირის სამგზის და ევროპის პირველ ქართველ ჩემპიონ დავით კვაჭაძესთან პირველი შეხვედრისას, ჯეკ ლონდონის "მძვინვარე მხეცის" გმირი პატ გლენდონი გამახსენდა: უძლიერესი ქართველი მოკრივე ამ გმირივით მშვიდი და პოეტური ჩანდა და წარმოიდგინეთ, შექებისას... წითლდებოდა კიდეც. სხვათა შორის, წელს, 23 აგვისტოს, დავით კვაჭაძის ევროპის ჩემპიონობიდან 40 წელიწადი სრულდება.

დავით კვაჭაძე:

- კრივი ძალიან აზარტული, რთული და ზოგჯერ - უხეში სპორტის სახეობაა, ერთი შეხედვით, მართლაც საშინელებად სჩანს, მაგრამ თუ ადამიანი მის წესებს იცნობს, კრივის სილამაზეს აუცილებლად დაინახავს. მე უფრო ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვაგებდი ბრძოლას, თავს ვიცავდი და შემდეგ გადავდიოდი შეტევაზე. აზარტიც იყო - რამდენ ხანს გავძლებდი: აგრესიული მეტოქე გამუდმებით მიტევდა, მე კი ხანდახან ორი რაუნდი ისე მომიგერიებია, ერთი დარტყმაც ვერ მოუყენებიათ. ჩემთვის ეს გასართობი და საინტერესო მომენტი იყო. საბჭოთა კავშირის კრივის ენციკლოპედიაში ასე მომიხსენიეს: "მოკრივე, რომლის დაცვის გარღვევა თითქმის შეუძლებელი იყო!"

- ბატონო დავით, რომელი ბრძოლაა თქვენთვის დაუვუწყარი?

- ბავშვობიდან ერთი მოწმობა შემოვინახე - პატარა ფურცელი, ფოტოსურათივით, და ჩემთვის ძალიან ძვირფასი - ეს არის 1967 წლის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე ჩემი პირველი წარმატების მაუწყებელი. მერე კი... წარმოიდგინეთ, ამხელა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი გავხდი ქვემძიმე ანუ 81 კგ-მდე კატეგორიაში.

1977 წელს გერმანიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანელი მოკრივე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ოტომარ ზაქსე დავამარცხე - ანუ უძლიერესი გერმანელი და თანაც - თავის სამშობლოში. თურმე, ასპარეზობის ნაწილი ტელევიზიით თბილისშიც უჩვენებიათ. მერე მიყვებოდნენ, მგონი, მთელმა საქართველომ შვებით ამოისუნთქა, ეკრანზე, ახლო კადრში გამოჩენილმა მსაჯებმა 5:0 რომ დაწერესო. დიდი სიხარული ყოფილა თბილისში. მოსკოვის ოლიმპიადაზეც ვიასპარეზე და მართალია, მეოთხედფინალში დავმარცხდი, საქართველოს კრივის ისტორიაში მაინც პირველი ოლიმპიელი ვარ.

- ამბობენ, ევროპის ჩემპიონი რომ გახდით, ისეთი ზეიმი იყო საქართველოში, მოგვიანებით, დიუსელდორფში "დინამოს" გამარჯვებისას რომ მოაწყვეს ქართველებმაო?

- გამარჯვებული "დინამო" გერმანიიდან რომ ჩამოდიოდა, ბიჭების დასახვედრად მეც წავედი აეროპორტში, მაგრამ მე რომ ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დავბრუნდი, არავინ დამხვედრია, ოჯახის წევრებიც კი, რადგან არც არავინ გამიფრთხილებია, ჩამოვდივარ-მეთქი. მერე მისაყვედურეს კიდეც... ალბათ, მარტო ის არ არის ბედნიერება, ხელში ატაცებული გატარონ, მე ჩემმა ხალხმა ისედაც დიდი სიხარული მომანიჭა: ყველგან უხაროდათ ჩემი დანახვა, ყველა ფეხზე ადგომით მესალმებოდა. სხვათა შორის, ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს დღემდე ვგრძნობ.

"აპერკოტი" - მამა-შვილი კვაჭაძეები. ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

- მაშინ ჩემპიონობისთვის დიდ თანხას გიხდიდნენ?

- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გავხდი, საკავშირო კომიტეტმა მომცა თანხა, იქიდან უშვილობის (მაშინ დაუოჯახებელი ვიყავი) დამიკავეს და, საბოლოოდ, 160 მანეთი გამომივიდა, ისიც სანახევროდ მოსკოვშივე დამეხარჯა. მერე საქართველოში კიდევ მომცეს პრიზად ცოტა თანხა და იმით ტელევიზორი ვიყიდე... ისიც მახსოვს, ევროპის ჩემპიონობისთვის საქართველოს მთავრობამ 2-ოთახიანი ბინა რომ მომცა გლდანში. მაინც გამიხარდა. მერე დავოჯახდი და, ფაქტობრივად, იქ არც მიცხოვრია.

- ცოლად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, შოთა გორგოძის ქალიშვილი შეირთეთ. იმხანად მინისტრი იყო?

- არა, ჩემს ხელში გახდა მინისტრი (იცინის), თუმცა ზოგიერთი ბრიყვი ჩემს წარმატებებს შოთა გორგოძეს მიაწერდა. ისე, ჯერ ბატონი შოთა გავიცანი და მერე კი - მისი ქალიშვილი მანანა. ერთხელ მათ ოჯახში სადილად მიმიწვიეს. მოგვიანებით მანანა იხსენებდა: ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყავი, ოღონდ რომ შემოხვედი, ზედაც არ შემომხედე და ძალიან გავბრაზდიო. ნელ-ნელა დავმეგობრდით. მუსიკა და ლიტერატურა ორივეს ძალიან გვიყვარდა, ბევრს ვსაუბრობდით, სხვათა შორის, კრივზეც, ამასობაში კი... სიყვარულიც მოვიდა...

ისე, მაშინ ბევრს ვუყვარდი, საიდან აღარ ვღებულობდი წერილებს! მახსოვს, ერთ წერილში ვიღაც გოგონა სიყვარულს "ვეფხისტყაოსნის" სტროფების გამოყენებით მიხსნიდა. მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, არც - "მოდნი" ბიჭი. მე და მანანას შეგვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ.

შვილიშვილთნ ერთდ

- ორჯერ იყავით კრივის ფედერაციის პრეზიდენტი - საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და უახლოეს წარსულშიც - 2012-2015 წლებშიც. რას იტყვით საქართველოში კრივის განვითარებაზე?

- ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ და, ჩემი პირველი პრეზიდენტობისას, 9 წლის განმავლობაში სწორედ ჩემი დამსახურებით ტარდებოდა თბილისში უდიდესი საერთაშორისო ტურნირი გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" პრიზზე. იმ პერიოდში ჩემი პატივისცემით ბევრი ქართველი მოკრივე ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ეს კი თითოეულს დაოსტატების საშუალებას აძლევდა. მათგან განსხვავებით, მე ნულიდან დავიწყე. მაგრამ მე მეტი დაბრკოლებაც მქონდა - რუსები ყოველთვის გვზღუდავდნენ სხვა ერის, განსაკუთრებით კი - საქართველოს წარმომადგენლებს. მაგალითად, ჩემი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მონრიალის ოლიმპიადაზე ნაკრების შემადგენლობიდან ბოლო მომენტში ამომაგდეს...

ადრე თბილისში კრივის ორი სკოლა ჩამოვაყალიბე, მათგან ერთი ჩემი სახელობისა იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მისი სავარჯიშო დარბაზი გაყიდეს. კრივის კლუბი ჩამოვაყალიბეთ დიდუბის მძლეოსნობის კომპლექსის შენობაში, მაგრამ შემდეგ ის შენობაც გაყიდეს.

დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, კრივის სკოლა არ არსებობს და ბავშვები სხვადასხვა დარბაზში ვარჯიშობენ. არადა, კარგი ნაკრების შესაქმნელად ყოველთვის უნდა გყავდეს ცვლა. ერთი თაობის იმედად ვერ იქნები. სპორტი მარტო ჩემპიონობისთვის ხომ არ არის მნიშვნელოვანი? მას აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს: ადამიანი დისციპლინას, შრომას, ურთიერთობას ეჩვევა. თუ არასწორად აღვზრდით, ადამიანებსაც არასწორს მივიღებთ...

ჩემი მეორე პრეზიდენტობისას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძალიან მძიმე ვითარება იყო და საკმაოდ რთული სამუშაო პერიოდი მქონდა. ეკონომიკურად დიდად არც ახლა გამოსწორებულა სიტუაცია, მაგრამ მორალური მდგომარეობა ნამდვილად უკეთესია. ფედერაციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა მხოლოდ ჩვენივე სპორტი იყო და, თუნდაც, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ბევრი მწვრთნელის შერიგებაც შევძელით. 4 წლის შემდეგ უარი ვთქვი პრეზიდენტობაზე... ჩემს პერიოდშიც და ახლაც კრივში მსოფლიოს პირველობის ფინალისტიც გვყავს, პრიზიორებიც. სპორტული ქვეყანა ვართ და რეზულტატიც ყოველთვის გვექნება, მთავარია, საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდა მოკრივეების აღზრდას დიდი ყურადღება დაუთმოს. გულდასაწყვეტია, რომ სპეციალიზირებული სასწავლებლები აღარ არსებობს. ახალგაზრდა მოკრივეებსაც ძალიან უჭირთ. ძირითადად, გაჭირვებული ოჯახებიდან არიან.

- დღეს რომ დამწყები მოკრივე იყოთ, უწინდელ წარმატებას მიაღწევდით?

- საქართველოს ნაკრების წევრი, დაახლოებით, 300-400 ლარს ღებულობს, დღეს ამით ოჯახს ვერ არჩენ, არადა, სპორტს ბევრი დრო, ენერგია და ჯანმრთელობა მიაქვს. ჩემი შრომისმოყვარეობით და ნიჭით, კრივის უდიდესი სიყვარულით წარმატების მიღწევას ახლაც შევძლებდი, მაგრამ... ასეთი პირობებიდან გამომდინარე, წესით, სპორტისთვის თავი უნდა დამენებებინა.

ანანური, დავით კვაჭაძის ფოტო

- თქვენს დიდ გატაცებაზე, მხატვრულ ფოტოგრაფიაზეც გვითხარით - ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ და უკვე რამდენიმე გამოფენა მოაწყვეთ...

- გამოფენები კი მქონდა, მაგრამ ცოტა ხალხი დადის გამოფენებზე. ვამბობ ხოლმე, მხოლოდ "ფეისბუკისთვის" ვიღებ ფოტოებს-მეთქი. იქაც არ ნახულობენ, რადგან ხალხი ხელოვნებით ნაკლებად ინტერესდება. ადამიანები გამოიცვალნენ, საკუთარი პრობლემებით ცხოვრობენ. დავაკვირდი, ჩემი ან სხვა ცნობილი პიროვნებების პირადი ფოტოსურათს რომ ვდებ, ის გაცილებით ბევრ "მოწონებას" იღებს ხოლმე, ვიდრე მხატვრული სურათები. იოლი არც გამოფენის მოწყობაა. ალბომის გაკეთებაც ძალიან მინდა, მაგრამ ვინმეს შეწუხება ნამდვილად არ შემიძლია.

იხილეთ ფოტოგალერეა: დავით კვაჭაძე - მოკრივე ფოტოგრაფი

იხილეთ ასევე: ვარძიის ამობრუნებული "პორტრეტი" და აღმოჩენილი სამშობლოს რეალობა...

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)