წკადისის საფლავის ქვების საიდუმლო
19-06-2017
წკადისის საფლავის ქვების საიდუმლო
"20-იან წლებში ბოლშევიკებმა ეკლესია ააფეთქეს, ქვები ვინც შინ წაიღო, ვერ გაიხარა..."

ამ ადგილზე იდგა XIX საუკუნის დიდი, გუმბათოვანი ეკლესია, იყო სასაფლაოც, რომელიც ბოლშევიკებმა ააფეთქეს. ქვები მიწამ დაფარა. რამდენიმე წლის წინ იმავე ადგილას ექიმმა ზურაბ ენუქიძემ მომცრო ეკლესია ააგო და მაშინ გამოჩნდა ეს საოცრებაც... მანამდე ამ ადგილს ყველა გვერდს უვლიდა, არ დაიჯერებთ და, იქ საქონელიც კი არ ძოვდა...


სოციალურ ქსელში ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისის საფლავის ქვების ფოტოები გავრცელდა, რამაც საზოგადოების ინტერესი
გამოიწვია. ასეთი რამ მხოლოდ იტალიაში გვინახავსო, წერდნენ. წკადისის საოცარ ქვებზე წკადისელი ქალბატონი ნატა ენუქიძე გვესაუბრა...

- ამ ადგილზე იდგა XIX საუკუნის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, ეზოში იყო სასაფლაო. ტაძარი ბოლშევიკებმა ააფ­ეთქეს. გავიდა ხანი. საფლავის ქვები მიწამ დაფარა. რამდენიმე წლის წინ იმავე ადგილას ექიმმა ზურაბ ენუქიძემ მომცრო
ეკლესია ააგო და მაშინ გამოჩნდა ეს საოცრება... მანამდე ამ ადგილს ყველა გვერდს უვლიდა, იქ საქონელიც კი არ ძოვდა...

- ყველაზე პომპეზური ენუქიძეების საფლავია. წარჩინებული ოჯახი იყო?

- ენუქიძეების გვარი მოიხ­სენიება,­ როგორც ეკლესიის ყმები, გვარის ფუძემდე­ბელი ყოფილა ბიბლიური წინას­წარმეტყვე­ლის, ენუქის სეხნია, ვინმე ენუქი. ამ საფლ­ავის ქვების უცნაურობა კი უფრო ჭირისუფლის გემოვნებასა და შესაძლებლობაზე მეტყველებს. 20-იან წლებში, ბოლშე­ვიკებმა ეკლესია რომ ააფეთქეს, ქვები ვინც შინ წაიღო, ვერ გაიხარა; უმრავლესობა კი ამ ადგილს არც ეკარებოდა, შემდეგ სხვ­აგან გაკეთდა სასაფლაო, ძველი კი მიწამ დაფარა...

- ყველაზე საინტერესო ის ქვაა, რომელზეც სამნი არიან გამოსახული...

- სავარაუდოდ, ოჯახია: წვერულვაშიანი მამაკაცი, ქალი და ყმაწვილი. თითოეულს ხელში გაშლილი წიგნი უჭირავს, რომლის ფურცლებზე წერია ეპიტაფია.
ამ ულამაზეს სოფელს, სადაც დღეს აღარავინ ცხოვრობს, გარს ენდემური ვერცხლისფერი ნაძვნარი აკრავს. სწორედ აქედან ჩაიტანეს მოსკოვში ვერცხლისფერი ნაძვი კრემლის წინ დასარგავად. ამჟამად დაუზოგავად გააქვთ მისი თესლი ევროპაში. ავსტრიაში მისგან ამზადებენ ღვიძლის სამკურნალო ძვირად ღირებულ პრეპარატს, გერმანია კი საშობაოდ ლამის მთელ ევროპას ამარაგებს სპეციალურ ნაძვსაშენებში გაზრდილი რაჭული ნაძვის ხეებით...

ეთერ თათარაიძე, პოეტი: -
მე და ჩემმა მეუღლემ, ამირან არაბულმა, გამოვეცით წიგნი საფლავის ქვებზე - "შენდობით­ მომიხსენიეთ", რომელსაც უწმინდესმა­ საუკუნის წიგნი უწოდა. ამჯერად მეორე წიგნზე ვმუშაობთ. წკადისის საფლავის ქვები აუცილებლად მოხვდება მასში - ამ ფორმის საფლავის ქვა სრულიად გამორჩეულია. შესაძლოა, წიგნი, რომელიც ხელში უჭირავთ, სახარებაცაა...

მანანა გაბრიჭიძე
მაკო
11 აგვისტო 2017 10:12
რაჭა ყველაზე ლამაზი კუთხეა.
FOXS
27 ივნისი 2017 16:41
მიყვარს რაჭა და რაჭაში წკადისი, ის ჩემი ბაბუის სოფელია, სამწუხაროდ, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ცხონებული, რომ წკადისს ვერ მოესიყვარულა როგორც ენუიქიძის დიდი გული შეძლებდა ამას, ამიტომ მისი წილი წკადისიც ჩვენ გვიყვარს მის შვილიშვილებს... წკადისი-მიწიერი სამოთხეა, ვაგლახ, ჩვენ რომ მთავრობა გვყავდეს რაჭა დაიცლებოდა?!

რედაქტორის რჩევით