"დღეს გვყავს ხალხი, ვინც კოსმოსში ცხოვრობს" - რა მისიით ჩამოვიდა NASA-ს ინჟინერი საქართველოში?
30-06-2017
"დღეს გვყავს ხალხი, ვინც კოსმოსში ცხოვრობს" - რა მისიით ჩამოვიდა NASA-ს ინჟინერი საქართველოში?
ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ესტუმრა. ფულერის ვიზიტი მოიცავდა ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისთვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს. ამჟამად ფულერი მუშაობს კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორად ევრაზიის მასშტაბით და პასუხისმგებელია ეკიპაჟის წვრთნაზე... საქართველოში მისი ვიზიტის მიზნებზე "კვირის პალიტრა" შონ ფულერს ესაუბრა.

- ბატონო შონ, ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართველოში. მინდა, უამბოთ ჩვენს მკითხველებს, რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?

- პირველად ვარ საქართველოში
და შესაძლებლობა მაქვს, შევხვდე სტუდენტებს. მაგალითად, საქართველოს ავიაციის ინსტიტუტში მათ ვესაუბრე მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მნიშვნელობაზე. იმ პროექტებმა, რითიც ისინი დაკავებული არიან, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მათ ნათელი მომავალი და ცოდნის კარგი საფუძველი აქვთ. ჩვენ უამრავი ეროვნული პროგრამა გვაქვს მთელ მსოფლიოში. მე კოსმოსური პროგრამა
წარმოვადგინე.

- საქართველოში ბევრი გვსმენია NASA-ზე. გვაინტერესებს, არსებობს თუ არა პროგრამები NASA-სა და საქართველოს შორის?

- საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამა 16-მა ქვეყანამ შეიმუშავა. ამ პროგრამაში მსოფლიოს 95 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის, საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და საქართველოს მთავრობას არა აქვთ პირდაპირი ურთიერთობა, პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

- ქართველმა მოსწავლეებმა NASA-ს პროექტის ფარგლებში კონკურსში გაიმარჯვეს. რას ეტყოდით ქართველ მოს­წავლეებს, რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიები მათი მომავლისთვის?

- სტუდენტებთან შეხვედრისას მათ შევახსენე, რომ სულ რაღაც 14 წლის წინ პირველი გაფრენა ელექტროენერგიის გამოყენებით მოხდა, დღეს კი ჩვენ გვყავს ხალხი, ვინც კოსმოსში ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რას მოგვიტანს შემდეგი საუკუნე. დღევანდელი სტუდენტები ხვალინდელ კარს შეაღებენ. ტექნოპარკში ვიყავი, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგია ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის, რომლებიც თავიანთი კონცეფციების ტესტირებას ახდენენ. ზუსტად ამაშია მომავალი.
რამდენიმე ათწლეულში მარსისკენ გამგზავრების პროექტში დღევანდელი მოსწავლეები იქნებიან ინჟინრები, კოსმონავტები, რომლებიც ამას განახორციელებენ.

- თქვენი თქმით, ეკონომიკის ზრდისთვის­ საჭიროა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება. ამ კუთხით რა რეკომენდაციას მისცემდით საქართველოს მთავრობას?

- მეცნიერებები განაპირობებს ეკონომიკის ზრდას. პირველ რიგში ეს ტექნოლოგიების განვითარებაა, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ საფუძველს, ხელშესახებ შედეგებს. ქვეყნის ტექნოლოგიური ბაზისის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მომავალს, არამედ აწმყოსაც. ტექნოლოგიებში ინვესტირება საქართველოს დაეხმარება განვითარებაში.

- კოსმოსურ ინდუსტრიაში კიდევ ერთი მოთამაშე შემოვიდა, ილონ მასკის SpaceX-ი. რა განსხვავებაა SpaceX-სა და NASA-ს შორის?

- ჩვენ და რუსები ვიყავით, ასე ვთქ­ვათ,­ კოსმოსური ერები. თუმცა ბოლო დროს სხვა ქვეყნებიც მიიწევენ წინ: ინდ­ოეთი, ჩინეთი, ევროპის ქვეყნები, შემდეგი­ ნაბიჯი კი კომერციული ინდუსტრიაა. SpaceX -ი ერთ-ერთი მათგანია. თუმცა ჩვენსა­ და მათ შორის განსხვავებაა. ჩვენ კომერციულ ინდუსტრიას კარს ვუღებთ ქვედა ორბიტებზე. ეს კომპანიები განავითარებენ და ქმნიან­ საფუძველს ქვედა ორბიტებში. NASA კი დაკავებულია გამოკვლევებით, რათა გასცდეს ქვედა ორბიტებს. კომერციული კომპანიები უზრუნველყოფენ წვდომას, ტრანსპორტირებას ქვედა ორბიტებზე. ილონ მასკი და სხვა კომპანიები შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ, ავითარებენ ტექნოლოგიებს და ქმნ­იან ბიზნესმოდელებს, რათა მომხმარებლები კოსმოსში გაიყვანონ.

- როგორია დღეს რუსეთსა და აშშ-ს­ შორის კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობა, ახდენს თუ არა მასზე გავლენას ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა?

- ჩვენი ურთიერთობა კოსმოსის სფეროში ჯერ კიდევ "ცივი ომის" დროს, 1975 წელს "აპოლო-სოიუზის" პროგრამით დაიწყო. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ძლიერი პროექტია, რომელშიც ჩართულია NASA, ჩვენი რუსი, ევროპელი, კანადელი, იაპონელი კოლეგები. ჩვენ შორის მტკიცე პარტნიორობაა. ამიტომაც კოსმოსურ სფეროში იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული პოლიტიკური ურთიერთობების ხარისხისადმი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ზევიდან საზღვრებს არ ვხედავთ.

- ქართველ ახალგაზრდებს რას ურჩევდ­ით?­

- არასოდეს დაკარგონ მიზანი. ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობების რწმენა. არასოდეს შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს და ვარსკვლავებს მიაღწევენ.

კახა დგებუაძე
ლუკა
04 ივლისი 2017 02:15
ამერიკა ჯერ კიდევ არის ლიდერი კოსმოსის კვლევის მიმართულებით. ძალიან სასიამოვნო არის ფულერის სტუმრობა საქართველოში. ვისურვებდი რომ ქართველი სტუდენტები უფრო მეტად იყვნენ ჩართული კოსმოსური პროგრამების განვითარებაში. კარგი იქნება თუ ჩვენი მთავრობა შექმნის კოსმოსის კვლევის სააგენტოს, რომელიც საერთო პროექტებს განახორციელებს ნასასთან, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან, ჩინელებთან, ინდოელებთან, იაპონელებთან ერთად. ჩვენს მეცნიერებს მიეცემათ საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანონ ზოგადსაკაცობრიო წარმატებებში.
მსქროლავი ტროლი
01 ივლისი 2017 14:23
ახლა იმას უცადე, კოსმოსში როდის მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას... დაგვანებეთ რა თავი, ჩვენი გაგვჭირვებია....
ანა ნიკოლაიშვილი
30 ივნისი 2017 22:54
მე მჯერა მოვა დრო და კოსმოსში ადამიანები დასახლდებიან. მე სურვილი მაქვს მარსზე ვიცხოვრო.ეს ჩემი ოცნებაა. კოსმოსი მიყვარს და მაინტერესებს მასთან დაკავშირებული ყველა სიახლე!

რედაქტორის რჩევით