"გოგონები დანომრილები მყავდა, რომ ამ ამრეოდნენ"
01-07-2017
"გოგონები დანომრილები მყავდა, რომ ამ ამრეოდნენ"
ამას წინათ სოციალურ ქსელში ერთ ქალბატონს სამი ტყუპის დაბადებას ულოცავდნენ... ამბობენ, სამი ტყუპი იშვიათობააო, თუმცა­ მათ მოძიებას რომ შევუდექი, აზრი შევიცვალე...

"48 წლისას სამი ტყუპი გოგო შემეძინა"


თინათინ სიხარულიძე, სოფიო, მარიამ და თამარ ცინცაბაძეების დედა, ბათუმი: -
გვიან გავთხოვდი, ხუთი წელი შვილი არ მყავდა. ექიმი მეუბნებოდა, სანამ დროა, ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ამ სამზადისში ვიყავი, რომ დავფეხმძიმდი. 48 წლისას სამი ტყუპი გოგო შემეძინა. გოგონები თავიდან დანომრილები მყავდა, რომ არ ამრეოდნენ, ახლა
უკვე განსხვავებული არიან. სოფიოს სახით დიდი ონავარი გვყავს ოჯახში - ისეთი ცელქია, ყველა აკიმს ეძახის. სახლში თუ რამე ფუჭდება, ინიციატორი თამარია. ჩაცმა, ჭამა, ყველაფერში დამოუკიდებელი არიან. მგონი, უდაბნოში რომ დასხათ, არაფერი გაუჭირდებათ. თამარი უფრო ფეხბურთითა და თოფებითაა გატაცებული, სოფიოსა და მარიამს სიმღერა ეხერხებათ. პირველ-მეორე ხმას
რომ დაიწყებენ, თამარი ისე ჩაურთავს თავის როხროხა ხმას, შენ გაჩერდიო, დები ეუბნებიან.

"რომელიმეს თუ გავუწყრები, დანარჩენი ორი მაშინვე მის გამართლებას იწყებს"


შორენა კუხიანიძე, ლანა, ლაშა, გიორგი ქვაჩაკიძეების დედა, ქუთაისი: -
12-წლისანი­ არიან. ლაშა და გიორგი ძალ­იან ჰგვანან ერთმანეთს, ლანა კი განსხვავებულია. გოგოს ხატვა უყვარს, ბიჭები კი რაგბიზე დადიან. ათვისების უნარი ერთნ­აირი აქვთ, მაგრამ სწავლაში­ ლანა უფრო მარჯვეა. ლანა ლიდერია. რომელიმეს თუ გავუწყრები, დანარჩენი ორი მაშინვე მის გამართლებას იწყებს. ტყუპი დიდი სიხარულია.

"ჩემი მეუღლე ნანატრ ვაჟს ელოდებოდა, მაგრამ..."


ინგა მოროზი, თეონა, ნანა და ანა ნემსწვერიძეების დედა, ამბროლაური: -
თათია­ მყავდა, მერე სამი ტყუპი შემეძინა. ნემსწვერიძეებს გენში ბევრი ტყუპი ჰყავთ, მაგრამ სამი - არც ერთს. ექოსკოპიაზე ორი გოგონა ჩანდა, მესამე ყოველთვის ზურგით იყო და სქესს ვერ არჩევდნენ. ჩემი მეუღლე ნანატრ ვაჟს ელოდებოდა, მაგრამ ახლა ოთხი ქალიშვილის მამაა. გოგონები უკვე 26 წლისანი არიან. გარეგნობით განსხვავდებიან, მაგრამ ერთნაირად გრძნობენ ერთმანეთის ტკივილსა თუ სიხარულს. პირველ კლასამდე ერთნაირად ვაცმევდით, მერე"გააპროტესტეს. თეონა ნახევარი საათითაა ერთ დაზე უფროსი, მეორეზე 15 წუთით და ბავშვობაში სულ იმას გაიძახოდა, მე უფროსი ვარ, მე უნდა დამიჯეროთო. ბევრი შვილი ბედნიერებაა, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭია თუ გოგო!

"თეკლა ძმებს თავის ჭკუაზე ატარებს"


თეონა მამალაძე, მათე, ლუკა და თეკლა გოგინაშვილების დედა, თბილისი: -
ყოველთვის ვამბობდი, 5 შვილი უნდა მყავდეს-მეთქი, მაგრამ ტყუპს არ ველოდი. 15 ოქტომბერს დაგეგმილი საკეისრო 10 ოქტომბერს გამიკეთეს და ყველაზე ორიგინალური საჩუქარი გავუკეთე ჩემს უფროს დას - ყოველ 10 ოქტომბერს ერთდროულად ოთხ იუბილეს აღვნიშნავთ. ბავშვები მალე 8 წლის გახდებიან. დომინანტი თეკლაა. ყველაზე პატარა დაიბადა, ყველაზე ბოლოს, მაგრამ ძმებს თავის ჭკუაზე ატარებს. პირველი სამი თვე ოჯახში არავის გვეძინა, ოთხი დამხმარე გამოვიცვალეთ, მაგრამ ვერავინ გაუძლო ჩვენს ტემპს. მხოლოდ გმირმა ბებიამ იტვირთა. ბავშვები გრძნობენ ერთმანეთს, ლუკას ოპერაციას რომ ვუკეთებდი, მათე მთელი დღე მოწყენილი იყო და ოპერაციის დროს კუთხეში მობუზული კვნესოდა. ძალიან აქტიურები არიან, ტყუპს შორის ხომ არის ერთ-ერთი უფრო მშვიდი და მეორე გამორჩეულად აქტიური, ჩვენთან ამ როლებს ინაწილებენ - ერთი თუ პასიურობს და მშვიდად არის, დანარჩენი ორი არ აძლევს მოდუნების საშუალებას, მოიფიქრებენ რამეს და მოიყვანენ ხასიათზე.

ეკა სალაღაია
nona
06 ივლისი 2017 22:31
Mec sami tkupis cali var ukkve 52 clisebi vart magram saerto titkmis araperi gvakvs arc pisikurat arc xasiatebit ise mixaria roca sami tkupi ibadeba ase mgonia kvela chemi axlobelia vusurveb kvela tkupebs jamrtelobas da bednierebas
ლიზიკო
02 ივლისი 2017 21:51
გაიხარეთ და გამრავლდით სიხარულებო. ძლივს პოზიტივი არ წავიკითხე. ხასიათი გამომიკეთდა
ზაზა
02 ივლისი 2017 15:42
თქვენ გენაცვალეთ, ყველას!!!

რედაქტორის რჩევით