ქართულ ლურჯ სუფრას იუნესკოს მატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - კვირის პალიტრა

ქართულ ლურჯ სუფრას იუნესკოს მატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ქორბუდა ირემი ჩვენს მითოლოგიაში სიცოცხლის ხესთან ასოცირდება, ჩიტი ამ სიცოცხლის ხის ფრინველია, თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლოა. ტყუილად არაფერი კეთდებოდა, ქართულ ლურჯ სუფრაზე პაწაწინა ჯვრებსაც აბეჭდავდნენ ოსტატები..."

ერთ დროს პოპულარული სიმღერა "ლურჯი ჩიტი" ბავშვობაში ძალიან მომწონდა, განსაკუთრებით ეს ადგილი - "შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება"... ალბათ იმიტომ, რომ ეს საიდანღაც ამოფრენილი ჩიტი მეტად მისტიკური მეჩვენებოდა. როცა მოგვიანებით ქართული ლურჯი სუფრა ვნახე, მივხვდი, ამ სუფრაზე სწორედ ის ჩიტები "იჯდა", რომელსაც სევდიანი მეარღნე გაფრენილი ჯეელობის მოსაგონებლად უმღეროდა.

გინახავთ ქართული ლურჯი სუფრა - საოცარი ჩიტებით, ირმებითა და კიდევ იმ ფიგურებით მოხატული, რომელიც თითქოს რაღაც შორეულს, ტკბილს და იდუმალს გახსენებენ? ასეთი ლურჯი სუფრები ძველად, სამი საუკუნის მანძილზე ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო, მერე კი მივიწყებას მიეცა. ამ დღეებში მას იუნესკოს მატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხუთი წელიწადია, რაც ქართული ლურჯი სუფრა თბილისის ერთ პატარა ქუჩაზე, პატარა სახელოსნოში მზადდება და ისეთივე საუკეთესო ოსტატების ხელით, როგორებიც იყვნენ იმ დროს, როცა მთელი საქართველო გაშლილ ლურჯ სუფრაზე ილხენდა. ეს ადამიანები მოგვიყვებიან, თუ რამდენი შრომა დაიხარჯა ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგიის აღსადგენად.

თინათინ კლდიაშვილი, პროფესორი: - ლურჯი სუფრის შესახებ ცნობები, შესაძლოა, ადრეც არსებობდა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ XVII საუკუნეში კახეთის მეფის, ალექსანდრე II-ის სასახლეში გაშლილი ლურჯი სუფრის ამბავმა მოაღწია - აღმოსავლეთ საქართველოს მეფეთა ეტიკეტი მოითხოვდა ლხინისას ასეთი სუფრების გაშლას; მოგვიანებით გლეხობის ოჯახებშიც გაჩნდა მისტიკური ორნამენტებით.

აღმოსავლური ორნამენტებით მოხატული სუფრები ჩვენთან ინდოეთიდან და ირანიდან შემოდიოდა. ქართველებმა ეს სუფრები ისე მოიწონეს, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია შეისწავლეს. სუფრის აღმოსავლური ორნამენტებიდან ზოგი დატოვეს, ზოგსაც ჩვენი დაამატეს - ქორბუდა ირმები, ჩიტები თუ თევზები.

- ლურჯ სუფრაზე ეს სამყარო ისეა განლაგებული, თითქოს გელაპარაკება, სხვა სამყაროში მიჰყავხარ და თუ ამას ქართული ღვინის ეშხიც დაემატება, ამ სუფრის შემხედვარე მთლად მისტიკაში იძირები.

- ზოგიერთი ორნამენტი მართლაც მისტიკურია: მაგალითად, ქორბუდა ირემი ჩვენს მითოლოგიაში სიცოცხლის ხესთან ასოცირდება, ჩიტი ამ სიცოცხლის ხის ფრინველია, თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლოა. ტყუილად არაფერი კეთდებოდა, ქართულ ლურჯ სუფრაზე პაწაწინა ჯვრებსაც აბეჭდავდნენ საუკეთესო ოსტატები... ფიგურები ამ საბეჭდავების ქვედა, ბრტყელ მხარეზე იყო ამოჭრილი. მათ მდუღარე ცვილში ამოავლებდნენ და მერე თეთრ ქსოვილზე დაბეჭდავდნენ. ბოლოს, დაბეჭდილ ქსოვილს ინდიგოს ცივ, ლურჯ საღებავში ჩადებდნენ. სუფრის ცვილიან ადგილებს საღებავი ვერ ეკიდებოდა, დანარჩენი სუფრა კი ლურჯდებოდა. ბოლოს, სუფრას ცვილის ამოსაყვანად ცხელ წყალში რეცხავდნენ, თუმცა ინდიგოს საღებავს ლურჯი ელვარება არ აკლდებოდა, საუკუნეების მანძილზეც არ ეცვლებოდა ფერი.

- როგორ მოიფიქრეთ ქართული ლურჯი სუფრის აღდგენა?

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოიფიქრა 2011 წელს. აღდგენის ტექნოლოგიაზე მე და მხატვარი ქეთევან ქავთარაძე ვმუშაობდით, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის.…ძალიან ძნელი იყო ეს პროცესი. არ ვიცოდით, რა და როგორ უნდა გვეკეთებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ აზერბაიჯანში წავედით, ტექსტილის ქარხანას ვესტუმრეთ. ტექსტილის წარმოება, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენში სრულიად განადგურებულია, იქ ყვავის. აზერბაიჯანელებმა კარის ზღურბლიდან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) შეგვახედეს საამქროში, სადაც აზერბაიჯანული ქალაღაიები (თავსაფრები) დღესაც ხელით მზადდება. მაინც დავინახეთ, როგორი უნდა იყოს საბეჭდავები. მერე ამ საბეჭდავების დამზადება ჩვენს ხეზე მომუშავე მხატვრებს ვთხოვეთ. არანაკლებ ძნელი გამოდგა ღებვის ცივი წესის საიდუმლოს ამოხსნა. ამისთვის მე და ქეთევანი ლაბორატორიაში რამდენიმე თვე ფეხმოუცვლელად ვმუშაობდით, სულ ლურჯ საღებავში ვიყავით ამოვლებულები. ბოლოს საიდუმლო მაინც ამოვხსენით.

როცა ჩვენი შექმნილი პირველი ლურჯი სუფრები გავრეცხეთ და სამხატვრო აკადემიის ეზოში გამოვფინეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

დღეს ამ საქმეზე ხუთი მხატვარი ვმუშაობთ. სუფრებს დღესაც ხელით ვამზადებთ. თითოეული საბეჭდავით დამზადებული სუფრა ორიგინალია, არც ერთ მათგანზე ფიგურები არ მეორდება.

- ქართული ლურჯი სუფრა იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

- ძალიან მოსწონთ ჩვენი ლურჯი სუფრები უცხოეთში. სხვადასხვა ქვეყნის გამოფენაზე გაგვაქვს და ყველა იყიდება. არაერთხელ უთქვამთ, უცხოეთში ამ სუფრების მაღაზიებს რატომ არ ხსნითო. ნამდვილი ხელოვნება არასოდეს კვდება.

ეთერ ერაძე