"ის პატარა თბილისი დაიკარგა, სად არის ძველი ვერა" - კვირის პალიტრა

"ის პატარა თბილისი დაიკარგა, სად არის ძველი ვერა"

ერეკლე ბადურაშვილს კინოსტუდიაში დათქმულ დროს მივაკითხე. სანამ ინტერვიუს ჩაწერას შევუდგებოდით, ცნობილმა კინოოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა შემოუარა - მასაც ჩემსავით შეუტყვია, რომ ბატონი ერეკლე ახალ ფილმზე მუშაობას იწყებდა და კოლეგას წარმატება უსურვა. წლებმა ვერ გაახუნა ბატონი ლომერის ნათელი ღიმილი, სიცოცხლით სავსეა-მეთქი, გავიფიქრე. ლომერ, შენ არ იცვლები, - უთხრა ერეკლემაც. ბატონმა ლომერმა გაიცინა და გვიამბო: - ამას წინათ კახი კავსაძემ იხუმრა - მე და ლომერი თანატოლები ვართ, მაგრამ რატომღაც ჩვენ ყველა მოვხუცდით, ეგ კი მშვენივრადააო. ვუპასუხე, - მთელი სიცოცხლე ვმუშაობდი და დრო არ დამრჩა დასაბერებლად-მეთქი... კოლეგები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ჩვენ ინტერვიუს ჩაწერას შევუდექით.

ერეკლე ბადურაშვილი: - ფილმი მძაფრსიუჟეტიანი ისტორიული დრამა იქნება და ერქმევა "ხიდი". ეს არის პირველი ქართულ-თურქული კორპროდუქცია. გადავიღებთ სტამბოლში, თბილისსა და ბათუმში. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია, დავით დვალიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, ნინი ბადურაშვილი, მიმდინარეობს მოლაპარაკება მურათ ილდირიმთან. ეს მსახიობი ძალიან მოსწონს ქართველ მაყურებელს. ჩვენმა შეთავაზებამ ძალიან გაახარა. შესათანხმებელია რამდენიმე დელიკატური საკითხი.

სიუჟეტს რეალური საფუძველი აქვს. ეს ამბავი იქაურმა ქართველებმა კარგად იციან, ჩვენთან - ნაკლებად და უმეტესობა ფილმის ნახვის შემდეგად შეიტყობს. "ხიდი" ორი ქვეყნის მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

მსოფლიოს არაჩვეულებრივი კინო, რომელიც მართლა ხელოვნების ნიმუში იყო, ერთჯერადმა სურათებმა ჩაანაცვლა, რომელსაც მნახველი მეორე დღეს ვერც გაიხსენებს. იმიტომ, რომ არაფერს ტოვებს... საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცოცხალი არიან კოპოლა, ტარანტინო, ქართულ კინოშიც არიან ჩვენი თაობიდან ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან გლურჯიძე... მოდიან ახალგაზრდებიც, რომლებსაც უნდათ ქართული კინოტრადიციის გაგრძელება.

- ნინისთან მუშაობთ, როგორც მსახიობთან, მამა-შვილის ურთიერთობაზეც მიამბეთ.

- უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს... მომწონს მისი შეუპოვრობა, მიზანდასახულობა.

- პაპა ხართ თუ ბაბუა?

- კახელი კი ვარ, მაგრამ ბაბუა ვარ. ელენეს, ჩემი შვილიშვილის, მამიკოს მხარე მოსკოვში ცხოვრობს, ხან იქ, ხანაც დუბაიში ჩაჰყავთ ბავშვი, ძალიან უყვართ. ელენე ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია. კირჩხიბები ძალიან თბილები არიან. სულ გეფერება, გეხუტება. ჯერ 4 წლისაა. ძალიან მიყვარს. დედა თუ გაუბრაზდება რამეზე - გაუბრაზდეს, მე ტკბილი ბაბუა მინდა ვიყო.

უკვე ამღერდა და სწორად მღერის. ვნახოთ, როგორ განვითარდება. მე, მაგალითად, უკეთესი მსმენელი ვარ... თუმცა, ამბობდნენ, ბადურაშვილების ძაღლიც მღერისო. პაპაჩემი გოგია და მისი ძმები, ყველა მღეროდა. მამიდაჩემი "რეროში" მღეროდა, მაგრამ დაქვრივების შემდეგ ეკლესიაში წავიდა, მგალობელია. კახიანები ხომ მღერიან და მღერიან. დედაჩემის, ლალის დიდი ბაბუის, კორნელი მაღრაძის დაწერილია "საეკლესიო მრავალჟამიერი".

- ტრადიციების ერთგული ხართ?

- ნაწილობრივ. კილომეტრიანი სადღეგრძელოები არ მომწონს. მიმაჩნია, რომ სუფრას თამადა სჭირდება, ოღონდ გააჩნია, როგორი იქნება.

მეც ბევრ სუფრაზე მითამადია. მამაჩემიც კარგი სიტყვის მთქმელი იყო. ძველებური ლხინი აღარ იმართება, ან - მცირე დოზებით, წავიდა, ბარის და კლუბურმა მიმდევრობამ შთანთქა კარგი სუფრა და კარგი თამადა... დიდებული თამადა იყო თემიკო ჩირგაძე. ჩემს ნიშნობაში ისე ითამადა, დღემდე იხსენებენ.

- ჩვენს ქალაქზეც ვისაუბროთ...

- მაშინ თბილისი იყო პატარა, კოხტა, ლამაზი. კი, იყო ცენზურა - კომუნისტური ფარდები, მაგრამ ჩემს ბავშვობაში უკვე დიდი წნეხი აღარ იგრძნობოდა. ადამიანებს საშუალება ჰქონდათ წელიწადში ერთხელ დასასვენებლად წასულიყვნენ, ზღვაზე, მთაში, დღეს ყველამ თბილისში მოიყარა თავი. ეს მილიონიანი თბილისი გახდა 3-მილიონიანი მეგა, სადაც 2 მილიონ-ნახევარი ღმერთმა უწყის, რა მარკის და როგორი ხარისხის საწვავით მოძრავი მანქანა დადის, ქუჩაში შეიძლება გამონაბოლქვმა დაგახრჩოს. მძიმეა, ამდენ დაუსაქმებელ ადამიანს, მოწყალების მთხოვნელსა და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს უყურო. ის პატარა თბილისი დაიკარგა, დიდი ქალაქის ხვედრი გვხვდა წილად.

მომწონს ძველი თბილისი, გამართული საბაგირო. არ მომწონს ე.წ. დოქები. არასწორ ადგილას დგას. არც მაღალსართულიანი კორპუსები მომწონს, თან ახლო-ახლოს აშენებენ, დავიხრჩვეთ მეზობლები. აივნიდან აივანზე ხელს ართმევენ ერთმანეთს, შეიძლება?! სად არის ძველი ლამაზი ვერა, თავისი ვიწრო ქუჩებით... ახალი ბათუმი მომწონს. მშვენიერი ქალაქია მტრების ჯინაზე. იმ მტრებისა, რომელთაც დაგვტაცეს აფხაზეთი და ვერ გამოიყენეს... ახლა აქეთ მორბიან დასასვენებლად. ეგეთი ხალხია - მიწა უნდოდათ. მიწა ჭამოს, ვისაც ჩვენი მიწა უნდა...

ეკა სალაღაია