"სულ მარტო დავრჩი ჩემს ანგელოზებთან"
24-06-2017
"სულ მარტო დავრჩი ჩემს ანგელოზებთან"
აფხაზეთის ომგამოვლილ გურამ კვირაიას ახლა ყველაზე მეტად ხელისუფლების შესაბამისი უწყებიდან თავშესაფარი და მატერიალური დახმარება სჭირდება

შავიზღვისპირეთის ერთ დროს კოპწია ქალაქი ოჩამჩირე დღეს ყველაზე უკაცრიელია აფხაზეთის ქალაქებს შორის. ომამდე აქ ერთმანეთის გვერდ­ი­­გვერდ­ ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები, ბერძნები და რუსები. ოჩამჩირეს სხვა ქალაქებისგან ერთი რამ გამოარჩევდა: ორი ხალხის ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები ისე იყო ერთმანეთში შერწყმული, რომ ლამის წაშლილი იყო ზღვარი. ილორის, მოქვის, ბედიის უძველეს სალოცავებში ლოცულობდნენ აფხაზი და ქართველი, ბერძენი და რუსი.

გურამ კვირაია ოჩამჩირის ახლომდებარე სოფლის, ბესლახუბის მკვიდრია. 20 წლისას კარგად ახსოვს 1989 წელს სოხუმში დატრიალებული 15-16 ივლისის ტრაგედია, ახსოვს ღალიძგასთან შეჩერებული ქართველები. მაშინ რომ ერთი მუჭა სეპარატისტების იზოლაცია მომხდარიყო, ომს თავიდან ავიცილებდითო...

გურამ კვირაია: "როგორც კი იარაღი დაგვირიგეს, ჩემი უფროსი ძმა რეზო და მე ომში
ჩავებით. საბრძოლო შენაერთებში ჩაეწერნენ ჩემი ორი დის მეუღლეებიც. თავიდან 24-ე ბატალიონის მე-7 შენაერთის მეზარბაზნე ვიყავი, შემდეგ ქვეითი. ვმონაწილეობდი­ საბრძოლო ­ოპერაციებში, მათგან უკანა­სკნელი ტყვარჩელის მისადგომები იყო. თურმე სოხუმი დაცემული იყო, ჩვენ რომ სოფელ კაციჰაბლასთან ვიბრძოდით­ (ტყვარჩელს გადაჰყურებს). როდესაც ოჩამჩირე სამმხრივ ალყაში მოექცა და შემოტევები ზღვიდან, ტრასიდან, ჰაერიდან გაძლიერდა, ქალაქი დავტოვეთ.

სენაკის სამხედრო ბაზაში მე და დედა პატარა ოთახში შეგვასახლეს. ომის ქარცეცხლმა მდევარივით გვდია - სამეგრელოში ატეხილმა სროლამ ჩვენი პაწია ოთახი დაგვინგრია. ბომბი ჩვენს თავშესაფარს მოხვდა. აფხაზეთში სეპარატისტები და გადამთიელი ბოევიკები გვესროდნენ, სენაკში კი... ქართველი ქართველის სისხლს უშინაურდებოდა!.. ომს რა მოგვაგებინებდა?! დროსა და სივრცეში დაკარგულს ვგავდი... ბოგანო და მიუსაფარი! თბილისის ზღვასთან მდებარე პანსიონატში ჩვენთვის პატარა ფართობიც გამოინახა. ასე დავიწყეთ სულისგამაწვრილებელი ხიზნობა.

მაშინ ვერავინ დაგვაჯერებდა, რომ ასე დიდხანს დავრჩებოდით ენგურსგამოღმა. მოგვიანებით ბაგებში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გადავინაცვლეთ და მე-13 სართულზე პაწია ოთახში დავი­დეთ ბინა. მას შემდეგ 17 წელი გავიდა! აქ დავქორწინდი ლანა გაგუაზე. ბექა რომ მოევლინა ქვეყანას, თითქოს განათდა ჩემი ცხოვრება! ორ წელიწადში მეორე ვაჟი გაგვიჩნდა, ლიკას გაჩენამ სიხარული გაგვიათკეცა. დევნილობის გაუსაძლისი ყოფის მიუხედავად, ვცხოვრობდით, ვუძლებდით ცივ კედლებში ხიზნურ ყოფას.

ბავშვები სკოლაში წავიდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო... მაგრამ გასული წლის სექტემბერში ჩვენს ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს, ლანა ინსულტით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 30 წლის იყო!.. ბექა 11 წლისაა, რეზო 9-ის, ლიკა 7-ის. ორმოციც არ იყო გასული, ძლიერი თავის ტკივილი რომ დამეწყო და ორჯერ ოპერაცია დამჭირდა. მკურნალობისთვის საჭირო თანხის უქონლობის გამო სესხი ავიღეთ, ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და გადაუხდელობის გამო კერძო პირის კუთვნილებაში გადავიდა... დავრჩი უბინაოდ, მძიმე ავადმყოფი სამი დაობლებული შვილით.
სიკვდილისთვის ბევრჯერ თვალებში ჩამიხედავს, მაგრამ გადავრჩი, ხიზნურ ცხოვრებას კი ვერც სულიერად და ვერც ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ, სულ მარტო დავრჩი ჩემს ანგელოზებთან და ზოგჯერ შიში მიპყრობს, რომ არ გავტყდე!"

ბავშვების მამიდებმა, ზაირამ და მზევინარმა, დერეფანში მითხრეს, ბავშვები რომ სკოლიდან შინ ბრუნდებიან, ოთახში შემოსულნი მამას ჩაეკვრებიან. დედის ხსენება აიკრძალეს, მხოლოდ იმიტომ, რომ... მამამ არ ინერვიულოს და თავის ტკივილი არ გაუძლიერდესო! დათრგუნვილმა დავტოვე კვირაიების დროებითი საცხოვრებელი, მეოთხე კორპუსის მეცამეტე სართულის #1308 ბინა, რომელიც უკვე სხვისია. ეზოში ჩამოსულმა დიდხანს ნაბიჯი ვერ წავდგი. გახევებულს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციოზი მედგა თვალწინ: ასეთი გაპარტახებული ბინების დევნილებისთვის დაკანონებას ამაყად რომ ამცნობენ საზოგადოებას. ასეთ მძიმე სოციალურ პირობებში 21-ე საუკუნის ადამიანი არ უნდა აცხოვრო. ის ადამიანი, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავდა, ქვეყანამ უნდა დააფასოს.

აფხაზეთის ომგამოვლილ ოთარ კვირაიას ახლა ყველაზე მეტად ხელისუფლების შესაბამისი უწყებიდან თავშესაფარი და მატერიალური დახმარება სჭირდება.

პ.ს. ოჯახის დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ გურამ კვირაიას საკონტაქტო ნომერს - 599-30-76-84

სვეტლანა კვიკვინია
ნენე
27 ივნისი 2017 13:42
იქნებ ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოს ჟურნალისტმა, რომ თანხის ჩარიცხვა შევძლოთ
ბებერო
26 ივნისი 2017 12:00
მადლობა საქართველოს სიკეთისათვის შეწირულ ამ და კიდევ ბევრ მსგავს პიროვნებებს და ოჯახებს. მადლობა ჯურნალისტს ამ პრობლემის გაშუქებისათვის. ვთხოვ ყველა ჟურნალისტს, რომ მსგავსი ოჯახების პრობლემების გაშუქებას არ დაანებონ თავი, სანამ ვისაც ამ ხალხის დახმარება ევალება, არ შეუვათ იმ გასქელებულ ყურებში და გაქვავბულ გულებში, რომლითაც ასე ამაყად დააბიჯებენ ამ ქვეყანაში. თქვე მამაცხონებულებო სხვა რა გევალებათ. ღამე როგორ იძინებთ, ან თქვენს შვილებს როგორ უყურებთ თვალებში, როცა ასეთი გაუბედურებული ოჯახები და ბავშვები გყავთ ამ პატარა ქვეყანაში და გევალებათ მათზე ზრუნვა. ხალხის თანადგომის იმედზე რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები(საზოგადოება ისედაც მიხედავს ამ ხალხს), მაგრამ თქვენ სადა ხართ.
ჯავახელი
26 ივნისი 2017 10:22
მედეა ხუმრობ ხო? :)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები