აქ უცხოელი მომხმარებლები, ქართ­ვ­ელი გოგონები და ვაჭრობაა - რა ხდება ღამის თბილისში?! - კვირის პალიტრა

აქ უცხოელი მომხმარებლები, ქართ­ვ­ელი გოგონები და ვაჭრობაა - რა ხდება ღამის თბილისში?!

არასრულწლოვნები კი წიგნების ნაცვლად შთამბეჭდავ მენიუებს კითხულობენ. გაკვეთილების მაგივრად, პირად თავგადასავლებს ამზადებენ. სახლების ნაცვლად საროსკიპოებში ათევენ ღამეებს.

გვიან ღამით რუსთაველის გამზირს მივუყვებოდი. გზა "ვარდების მოედნის" ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელით გავაგრძელე. თვალს მოგჭრით აღმოსავლური ბარების სიმრავლე, ირანული და თურქული სარეკლამო აბრები, ქართველი გოგონები და უცხოელი ტურისტები, მოწყალების მაძიებელი ადამიანები, ტაქსების ქარავანი... აქ გულწრფელ გრძნობებს ადგილი არ აქვს, აქ ერთი ღამის სიყვარული ჩალის ფასად იყიდება. ბაზარია - ქართველები ყიდიან, უცხოელები ყიდულობენ. ფასი მხოლოდ ალკოჰოლს აქვს, სხეული იაფია და ჩვენი თანამემამულეები ცდილობენ, ტურისტებს, ანუ მათ ამღამინდელ პარტნიორებს ყველაზე ძვირად ღირებული სასმელი აყიდვინონ. კონკურენცია დიდია. მოკლეკაბებიან-მყვირალა მაკიაჟიანნი და "მრავალსართულიან" ფეხსაცმელებზე შემდგარნი ცდილობენ ბარში დაწესებული ძვირად ღირებული პროდუქციის გასაღებას, ბარის უცხოელი მეპატრონეები მათ გაწეული შრომისათვის ალბათ, დამატებით შემოსავალს ჰპირდებიან...

"პატარა აღმოსავლეთი"

"პატარა აღმოსავლეთში" შესვლამდე, თაბუკაშვილის ქუჩისკენ ჩქარი ნაბიჯების ხმამ მიმახედა. სამი, სავარაუდოდ არასრულწლოვანი გოგონა მხიარულად ჩამორბოდა კიბეზე - ბარისკენ მიიჩქაროდნენ. უკან გავყევი. ბარების წინ მდგარი პირღიმილიანი აღმოსავლელი მამაკაცები ქართველ გოგონებს ქათინაურებს აყრიდნენ ქართულად, თავიანთი მშობლიური ენის აქცენტით. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მუშტარი გამოჩნდა... ღამის ცხოვრებაში გაუჩინარებამდე მათი არაბავშვური საუბრიდან კიდევ ერთი დეტალი გავიგონე, - ერთ-ერთის დედას შვილი მეგობართან ჰგონია... არადა, გოგონები იმ ასაკისანი არიან, როცა ამ დროს უნდა ეძინოთ... დარბაზში შევედი. მუსიკის ხმა უფრო ძლიერდებოდა... მოულოდნელად ფერადკანიანი ყმაწვილი მომიახლოვდა და დამტვრეული ქართულით მეუბნება: - თუ მაგარი ღამის გატარება გინდა, "ჰანგ ოვერში" უნდა შემოხვიდე, კარგი მუსიკა და გოგონები. არ ინანებ, წამოდი...

თავი დავუქნიე და გავყევი. კლუბში მისვლამდე, კიბის ბოლო საფეხურზე 70 წელს მიღწეული ქალი მოწყალებას ითხოვს. მის მოპირდაპირედ ათიოდე წლის ბიჭუნას სძინავს... გზად ახალგაზრდა ქალი გვხვდება, უნუგეშო, გაყინული მზერით, მჭახე ფერის მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, გრძელი ყვითელი თმა უფრიალებს.

კლუბში შევდივარ. ფერადი განათება მაბრმავებს, მხოლოდ სილუეტებს ვხედავ.

ბარმენ გოგონას ლუდს ვუკვეთ. თვალი თანდათან ეჩვევა და არაბულ მუსიკაზე აცეკვებული სილუეტებიც იკვეთება. არაბულს ინგლისური, რუსული და ფანდურზე აჟღერებული ქართული მელოდიები ენაცვლება. უცხოელ მუშტრებს შორის რამდენიმე ქართველი ყმაწვილია, ყველა გოგონა - ქართველი. ერთ-ერთს აშკარად ეტყობა, რომ 15-16 წლისაა... ალკოჰოლით გაბრუებული ხან ერთ მამაკაცთან მიდის და ხანაც მეორესთან. მერე ისევ მარტო აგრძელებს ცეკვას, კიდევ ორი გოგონა ლუდის ქილებით, აბოლებული სიგარეტებითა და ტანის რხევით მაგიდასთან მოკალათებულ ორ ფერადკანიანს"ეჩალიჩება. ამასობაში ის პატარა და გამომწვევად ჩაცმული მიახლოვდება - სიგარეტზე მომიკიდეო. სახელი და ასაკი ვკითხე. სხარტად მიპასუხა - მარიამი მქვია და 18-ის ვარო. აშკარად ტყუის... შემცბარმა მალე დამტოვა...

ბარიდან გამოსულს ჩოჩქოლი შემომესმა - ქართველი კუნთმაგარი დაცვის ბიჭები ირანელ ბიჭს ჭკუას ასწავლიდნენ - თურმე ბარიდან უფულოდ გაპარვას აპირებდა.

...კიდევ ერთ ბარს ვესტუმრე. პატარა, აშკარად არასრულწლოვანმა გოგონამ გამიარა, გამომწვევი მზერითა და მიხრა-მოხრით. დარბაზის შუაგულში სტრიპტიზის ბოძი მოცეკვავეს ელოდება, მაყურებელი ცოტაა. იქაურობას ვტოვებ და გვერდზე კლუბში ვინაცვლებ. აქ ხალხმრავლობაა და სიძვირე. გაფართოებული თვალებით ყველაზე იაფფასიან სასმელს ვეძებ, ვიპოვე კიდეც - ერთი კათხა ლუდი, რომლის საბაზრო ღირებულება 4 ლარია. შეკვეთილ ლუდში ლიმონის ჩაგდება ვითხოვე. ამ ყველაფერში 10 ლარი გადავიხადე... ბარის უცხოელი მეპატრონისგან გაწეწილს გუნება პირველივე ყლუპმა უფრო გამიფუჭა. აშკარად კოქტეილის ტკბილი გემო ვიგრძენი... ბარმენის სამუშაო მაგიდას გავხედე - მონარჩენი კოქტეილის ჭიქებიდან იღებდა ლიმონის ნაჭრებს და ახალშეკვეთილ ბოკლებში ათავსებდა...

აქაც უცხოელი მომხმარებლები, ქართველი გოგონები და ვაჭრობაა. ამ ყველაფერს შელამაზებულად ბარს ან კლუბს უწოდებენ. თუმცა, მსგავს დაწესებულებებს წარსულშიც და ახლაც საროსკიპოები ჰქვია.

ფიქრმა შორს წამიყვანა, გამიმძაფრდა კითხვა: რა უნდა აქ ამდენ პატარა გოგოს? ბიუჯეტში შემოდის ტურისტების მიერ დახარჯული თანხა, ტურისტებს ხიბლავს მრავალფეროვანი გართობა, გასართობ ადგილებში ჭამა და სექსი წარმატებული ბიზნესის საწინდარია, ადგილობრივებს უნდათ იოლი ფული, თუნდაც მაგრად დახუჭული თვალების ფასად...

სამწუხაროდ, ქართული კანონი ამ "პატარა აღმოსავლეთში" არ ვრცელდება...

არასრულწლოვნები კი წიგნების ნაცვლად შთამბეჭდავ მენიუებს კითხულობენ. გაკვეთილების მაგივრად, პირად თავგადასავლებს ამზადებენ. სახლების ნაცვლად საროსკიპოებში ათევენ ღამეებს.

ხვალინდელი დღე გათენდება... თუმცა, დაღამდება კიდეც... დაღამდება და კვლავ აივსება "ვარდების მოედნის" ქვეშ ქართველი გოგონებით მთელი სივრცე...

თორნიკე ყაჯრიშვილი