"უკვე კარგა ხანია ვიგინებით, საზიზღრობებს ვწერთ და გვიხარია" - კვირის პალიტრა

"უკვე კარგა ხანია ვიგინებით, საზიზღრობებს ვწერთ და გვიხარია"

"როდესაც  ერთი მხარე ჯვარს აცვამს  19 წლის ბიჭს, მეორე მხარე კი ამბობს, რომ ასეთი უნიკალური მეტატექსტი ჯერ ქართულ სივრცეში არ შექმნილა, ეს სხვა არაფერია, თუ არა პროვინციალიზმი"

"ცუდია, რომ გამომცემლებს ურჩევნიათ შოკის მომგვრელი ტექსტები გაყიდონ და მოგება ნახონ, ვიდრე ჭეშმარიტი ლიტერატურა დაბეჭდონ

და მის პოპულარიზაციაზე იზრუნონ"

საზოგადოების განხილვის თემად კვლავ რჩება 19 წლის ბიჭის მიერ დაწერილი ნაწარმოების გარშემო ატეხილი სკანდალი. ვითარება განსაკუთრებით გაართულა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარმა დაპირისპირებამ, რომელიც პროვოკაციად მოინათლა. აჟიოტაჟის მიზეზებზე გვესაუბრება პოეტი რატი ამაღლობელი.

- რატი, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ეს ნაწარმოები არ იმსახურებდა საზოგადოების ასეთ ყურადღებას, თუმცა მაინც მიიქცია,  როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ამის მიზეზი მრავალასპექტიანი მგონია, თუმცა მომიტევეთ, მთავარი მიზეზი, ალბათ, მაინც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების უმწიფრობაა. როგორც ჩანს, არ ვართ მნიშვნელოვანი ამბებით დაკავებული. 19 წლის ბიჭის პოპულარობის მოპოვების მცდელობაზე საზოგადოების ერთ ნაწილს ჰქონდა საშინელი რეაქცია, რაც ნამდვილად არაადეკვატური იყო. როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანი მიუღებელ და უცნაურ რამეს სჩადის და ასეთი დიდი აგრესია დაატყდება თავს, ჩემი აზრით, ეს არ არის ნორმალური პასუხი.

მით უფრო,  თუ საქმე ლიტერატურას და წიგნს ეხება. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად წყდება, როცა არ მოგწონს წიგნი და ის შენთვის მიუღებელია, უბრალოდ, გვერდზე გადადებ და არ წაიკითხავ. რაც შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს - ქრისტიანულ მორალსა და ეთიკას, რომელთა დაკნინება ზოგს რატომღაც ძალიან მოსწონს, მიმაჩნია, რომ ეს ღირებულებები ისეა ფესვგამდგარი ჩვენში, რომ მას 19 წლის ბიჭის ნააზრევი, რაც  უნდა მიუღებელი იყოს, ვერაფერს დააკლებს. ის კი, ვინც ამ ღირებულებების დაკნინებას ცდილობს, მხოლოდ საკუთარ უმეცრებას ამჟღავნებს. უარესი მტრებიც ჰყოლია ქრისტიანულ ეთიკასა და მორალს, მაგრამ უშედეგოდ გარჯილან. სიმართლე გითხრათ, მაკვირვებს იმ ადამიანების ფობიები, რომლებიც თითქოს მართლმადიდებლობის სადარაჯოზე დგანან. ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩვენში რწმენის სიმყიფეც არის. თურმე რაოდენ არამყარია ეს ხალხი თავის რწმენაში, რომ ასეთი არაღირებული ტექსტი აფრთხობს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული ანტიმართლმადიდებლური კამპანიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში ისეთი გამომცემლობა, როგორიც არის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, არ დაბეჭდავდა ამ წიგნს და არც ილიას უნივერსიტეტში გაიმართებოდა წიგნის პრეზენტაციაო...

- არ ვარ შეთქმულების თეორიების დიდი მომხრე. ბევრი პრეტენზია მაქვს გამომცემლებთან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათი საქმეა, ვის ნაწარმოებს დაბეჭდავენ. ცუდია, რომ გამომცემლებს ურჩევნიათ შოკის მომგვრელი ტექსტები გაყიდონ და მოგება ნახონ, ვიდრე ჭეშმარიტი ლიტერატურა დაბეჭდონ და მის პოპულარიზაციაზე იზრუნონ. სამწუხაროდ, საზოგადოებაც იღებს და ისრუტავს ყოველივეს. ეს ერთგვარ ტენდენციად იქცა. ამაზეა აგებული მედიის მუშაობა და ლამის სახელმწიფო პოლიტიკაც, მთავარია, სკანდალური ინფორმაცია, მაგალითად, მოდელირებული "ქრონიკა" და არა მისი შინაარსი და ხარისხი...

ეს ისევ ჩვენს დაბალ კულტურაზე მიუთითებს, რაც ნამდვილად მაწუხებს. გამომცემლების დაინტერესება მდარე ხარისხის პროდუქტით მოგებაზეა ორიენტირებული და არა მგონია, სხვა რამ იმალებოდეს იმავე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოქმედებაში. რაც მოხდა, ეს პირდაპირ ამჟღავნებს ჩვენს პროვინციალიზმს.

როდესაც  ერთი მხარე ჯვარს აცვამს  19 წლის ბიჭს, მეორე მხარე კი ამბობს, რომ ასეთი უნიკალური ტექსტი ჯერ ქართულ სივრცეში არ შექმნილა, ეს სხვა არაფერია, თუ არა პროვინციალიზმი  და საზოგადოების განვითარების უმასშტაბობა.

- ავტორი 19 წლისაა. ის იმ ოცწლიან კოშმარში გაიზარდა, რომელიც ქვეყანამ გამოიარა. ხომ არ შეიძლება მისი ნაწარმოების აგრესიულობა და ჰომოფობიურობა ამითაც აიხსნას?

- მგონია, რომ ეს უფრო თამაშია. ავტორმა კარგად იცის ის თემები, რომლებითაც შეიძლება მანიპულირება და პროვოცირება. მას ჰყავს სამიზნე ჯგუფი, რომლის ყურადღების მისაქცევადაც წერს ამას და მიაღწია კიდეც მიზანს... ამიტომაც არა მგონია, რომ აქ ყველაფერი მხოლოდ ფსიქოანალიზით აიხსნას. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ერთია პიროვნული გამოცდილება, მეორე - ტექსტი, რომელიც უკვე სოციალური პროდუქტია. ასეთი ტიპის ტექსტი რომ დაწერილიყო გერმანიაში ან საფრანგეთში, ანუ ევროპის ძველ ქვეყნებში, ყურადღებას არავინ მიაქცევდა, არავინ გაოგნდებოდა, რადგან მათ ჰყავთ მარკიზ დე სადი, ჟან ჟენე და სხვანი. მათი ნაწარმოებები სხვა პლასტში და საინტერესოდ არის გადაწყვეტილი და იმისთვის არ შეუქმნიათ, რომ თამადობის მოყვარული ქართველები გაეღიზიანებინათ.

სამწუხაროდ, საქართველოში ერთგვარ ტენდენციად იქცა ლიტერატურულ ნაწარმოებში გინება, ცუდი სიტყვა და გენიტალიების წარამარა ხსენება. ეს ყველაფერი იმას ემსგავსება, ბავშვი რომ იგინება გარდატეხის ასაკში და ამით ცდილობს, დაამტკიცოს, გავიზარდეო. ყველას არ ეხება, მაგრამ დიდწილად ქართული ლიტერატურა სწორედ ამ ეტაპზეა. უკვე კარგა ხანია ვიგინებით, საზიზღრობებს ვწერთ და გვიხარია. არა და არ დასრულდა ეს თვითტკბობა. ესეც, ეტყობა, ერთგვარი განვითარების ფაზაა, მაგრამ ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამაზე, ალბათ, ფსიქოლოგების აზრიც მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეზე...

- არა მგონია, ეს საფრთხე რეალურად არსებობდეს. ქართველი საზოგადოებისთვის არასდროს ყოფილა დამახასიათებელი ფუნდამენტალისტური და ექსტრემისტული აზროვნება. ასეთი ექსტრემიზმი მოითხოვს გარკვეულ რისკს,  პრინციპების ერთგულებას, უკომპრომისობას, არაკომფორმიზმს, თავგანწირულობას, სიშლეგეს... ჩვენი საზოგადოება კი კომფორმისტული საზოგადოებაა, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე...

ნათია დოლიძე

"ყველა სიახლე" #19