ოკამის ახალაღმოჩენილი სამარხი 3000 წელს ითვლის... - რა საერთო აქვს მას გრაკლიანის უნიკალურ წარწერასთან?! - კვირის პალიტრა

ოკამის ახალაღმოჩენილი სამარხი 3000 წელს ითვლის... - რა საერთო აქვს მას გრაკლიანის უნიკალურ წარწერასთან?!

ოკამელებმა აქ საფლავის არსებობაზე არაფერი იცოდნენ და როცა საქონლის ძოვებისას შემთხვევით საფლავი აღმოაჩინეს, გაუჩნდათ ეჭვი, რომ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე და საპატრულო პოლიციას აცნობეს. სამართალდამცველებმა საქმე 115-ე მუხლით აღძრეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს(?!), ხოლო მას შემდეგ, რაც საქმეში არქეოლოგები ჩაერთვნენ, ნაშთის ხანდაზმულობა შეისწავლეს... დადგინდა, რომ ნაპოვნი ძვლები არქეოლოგიური ნიმუშია...

კასპის რაიონის სოფელი ოკამი მალე ყურადღების ცენტრში მოექცევა - ივლისში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, ამის მიზეზი კი შეიქნა რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი უძველესი სამარხი, რომელსაც ოკამელები გადააწყდნენ. ოკამის ახალაღმოჩენილ სამარხსა და გრაკლიანის უნიკალურ წარწერას ჯერ მხოლოდ ერთი საერთო აქვს - ორივე 3000 წელს ითვლის!

ოკამელებმა აქ საფლავის არსებობაზე არაფერი იცოდნენ და როცა საქონლის ძოვებისას შემთხვევით საფლავი აღმოაჩინეს, გაუჩნდათ ეჭვი, რომ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე და საპატრულო პოლიციას აცნობეს. სამართალდამცველებმა საქმე 115-ე მუხლით აღძრეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ხოლო მას შემდეგ, რაც საქმეში არქეოლოგები ჩაერთვნენ, ნაშთის ხანდაზმულობა შეისწავლეს... დადგინდა, რომ ნაპოვნი ძვლები არქეოლოგიური ნიმუშია. გამოძიება შეწყდა, თუმცა არქეოლოგებისთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი საინტერესო ტერიტორიის შესახებ, რომელსაც მალე შეისწავლიან...

"კვირის პალიტრა" სოფელს ესტუმრა. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მოძიება ოკამელებთან ვცადეთ, თუმცა, არაფერი იცოდნენ.

"ჩვენი ვარაუდით, საფლავი მამაკაცის უნდა იყოს"

ზაქრო მეგრელიშვილი, ოკამის მკვიდრი: - ამ სამარხზე დღემდე არაფერი მსმენია. იქ საქონელიც ბევრჯერ ამიყვანია საბალახოდ. რამდენჯერმე დიდი წვიმის შემდეგ, როცა ფერდობიდან ნიაღვარი წამოვიდა, მიწიდან ქვევრები გამოჩნდა."

სამარხში აღმოჩენილი ძვლოვანი სისტემის შესახებ თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ ლიჩელი გვესაუბრა:

- არქეოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ სოფლის ფერდობზე ნაპოვნი ძვლოვანი ნაშთები წარმოადგენს არქეოლოგიური განამარხების ნაშთს და განთავსებულია სტერილური, მცენარეული საფრის ქვეშ. თავის ქალა, რომელიც მარჯვენა მხარეს არის გადაწეული, იმის მიმანიშნებელია, რომ ეს წინაქრისტიანული ხანის, ანუ 1500 წელზე მეტი ხნის უნდა იყოს. ძვლოვანი მასის შეფერილობაც იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ნაშთებია. ნაშთებს გარშემო შემოწყობილი აქვს ქვის წრე, რაც ასევე მის სიძველეზე მიუთითებს. იქვე, ორი მეტრის რადიუსში, ასეთივე ქვაყრილია, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი სამარხი უნდა იყოს. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს 2-3 ათასი წლის წინანდელ სამარხთან. როგორც ჩანს, ეს მამაკაცის სამარხია, ზუსტ თარიღს გათხრების შემდეგ დავადგენთ.

- მიწის ქვეშ, შესაძლოა, სხვა არტეფაქტებიც იმალებოდეს?

- რადგან ქრისტიანობამდელი საფლავია, იქ რაღაც ნივთებიც უნდა იყოს.

ოკამში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ამ დრომდე არ ჩატარებულა, თუმცა ამ სოფლის მიმდებარე ტერიტორია დატვირთულია არქეოლოგიური ნაშთებით. იქვე მდებარეობს გრაკლიანის გორა, რომელიც უხვი არქეოლოგიური ნაშთებით გამოირჩევა. შესაძლოა, ოკამში სამარხებთან ერთად ნამოსახლარის კვალიც აღმოჩნდეს.

- თუ იგეგმება ოკამში არქეოლოგიური სამუშაოს დაწყება?

- შესაძლოა, ივლისში დავიწყოთ, ვეცდებით, გავწმინდოთ და შევისწავლოთ.

P.S. ახალაღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშით, შესაძლოა, გრაკლიანის მთის აღმოჩენების მასშტაბი უფრო და უფრო გაიზარდოს. გრაკლიანის უძველესი და უნიკალური წარწერისა და ოკამის სამარხის თარიღები ემთხვევა. აქვს თუ არა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს სოფლებს კავშირი გრაკლიანთან, მეცნიერული კვლევები სულ მალე გასცემს პასუხს.

შსს-ს განცხადება

მიმდინარე წლის 7 ივნისს შს სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილებაში, სოფელ ოკამის მცხოვრებლების შეტყობინების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ოკამში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა. ნაშთის სავარაუდო ხანდაზმულობის დასადგენად პოლიციამ საქმეში არქეოლოგები ჩართო, რომლებმაც ძვლის ნიმუშები შეისწავლეს. შესწავლის შემდეგ არქეოლოგიის სპეციალისტებმა პოლიციაში წარადგინეს წერილი, რომლის თანახმად, ნაპოვნი ძვლები არქეოლოგიურ ნიმუშს წარმოადგენს.

იხილეთ ასევე: "მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ცივილიზაციის ახალი, აქამდე უცნობი კერა და ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია"

თორნიკე ყაჯრიშვილი