ნანკა ჩარჩოს გარეშე!..
"ისიც თქვეს, როცა პრეზიდენტი კაფე "მარჯანოვში" იჯდა და ოპოზიცია მიუვარდა, ნანკა კალატოზიშვილი მასთან იყო და ისე შეეშინდა, მაგიდის ქვეშ შეძვრაო"

"მამას სიკვდილის მერეც სულ ველოდებოდი, მეგონა, კარს შემოაღებდა და ისევ წამიყვანდა კინოში"


ლამაზ, ნიჭიერ და ნებიერა თბილისელ გოგოს თბილისში ყველა უბრალოდ ნანკას ეძახის. ნანკა კალატოზიშვილისთვის უცხოა რაიმე ჩარჩო, ამიტომაც ცხოვრობს ისე, როგორც მოსწონს. ამის გამო არაერთხელ გაუჭორავთ, ნანკა კი ამას აინუნშიც არ აგდებს. მისთვის მთავარია, მაქსიმალურად დაიხარჯოს თავის საქმეში და
ყველა, ვინც ძალიან უყვარს, კარგად ჰყავდეს.

დედასთან ერთად ცხოვრობს. შინ ჩაკიც ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს. ჩაკი წაბლისფერი კოკერსპანიელია, ერთი თვის იყო, როცა მიუყვანეს და მას შემდეგ ბავშვივით უვლის.

KvirisPalitra.Ge- პატარაობიდან სულ მახველებდა. დედა ამის გამო შეშფოთებული იყო, სად არ მიმიყვანეს გამოკვლევაზე... ბოლოს, დადგინდა, რომ ეს
ალერგიის ბრალი ყოფილა. ალერგია კი ძაღლისგან მქონია. მიუხედავად ამისა, ძაღლები ისე მიყვარს, ვერაფრით შეველიე... დოი (დათო დოიაშვილი, რეჟისორი) მეუბნება, - ბრიჟიტ ბარდოს სინდრომი გჭირს, ძაღლების მოყვარული და მათი "უფლებების" დამცველი ხარო.

- ნანკა, ჰგავხარ შენს ტყუპისცალ ძმას?
- კი, ვგავარ, მაგრამ გიორგი ჩემზე გაცილებით  ჭკვიანი და თბილია, ამით ძალიან ვამაყობ. საერთოდ, ოჯახში ყველა საოცრად მოწესრიგებული და დინჯია, ერთი მე ვარ "დაულაგებელი". ჩემი ძმა დღემდე "ბალამუტს" მეძახის, ხან "ნანკა-ბანკას", მე კი მას "ჩაპა" დავარქვი. მე და გიორგი ერთ კლასში, ერთ მერხზე ვისხედით. ჯერ 161-ე სკოლაში ვსწავლობდით, მერე მეექვსეში გადაგვიყვანეს. ერთხელ კინაღამ გაგვრიცხეს და ბოლოს, საღამოს სკოლა დავამთავრეთ. დიდი ხანი არაა, რაც გიორგიმ ცოლი შეირთო. ისინი ცალკე ცხოვრობენ.

მე ვიძალე, თორემ კიდევ არ აპირებდა დაოჯახებას, არადა, 5 წელია უყვართ ერთმანეთი და როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ასე? მყავს 6 წლით უფროსი და, თიკა რუხაძე, დედას იგი პირველი ქორწინებიდან შეეძინა. უსაზღვროდ ნიჭიერი და საქმიანი ქალია, ჩემს დისშვილებთან ვმეგობრობ. დედაჩემი ფსიქიატრია, ჩემი და - ფსიქოლოგი. ასე რომ, თუ ფსიქიკაში რამე "დამერღვა", იმედი მაქვს, დედა და და მომხედავენ.  

- გაგებული მაქვს, ნანკა გოგონებთან ნაკლებად მეგობრობდა, საერთო ენას ბიჭებთან უფრო პოულობდაო...
- კი, ასე იყო, რადგან სულ ჩემს ძმასთან ვიყავი და მის სამეგობროში ვტრიალებდი. ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, მშვენივრად გამომდიოდა ბურთის აკენწვლა და სირბილი, ასე რომ, კიკეთში, როცა ზაფხულობით ავდიოდით დასასვენებლად, სულ სტადიონზე ვიყავი, ოღონდ ბიჭები კარში არ მაყენებდნენ, იცოდნენ, ძნელი იყო ჩემთვის ერთ ადგილზე გაჩერება. ხშირად ვამბობდი, - ჩვენ, ბიჭები, აქა და აქ მივდივართ სათამაშოდ-მეთქი. ისეთი მოუსვენარი ვიყავი, ექვსჯერ მაქვს ტვინის შერყევა გადატანილი. ბავშვობაში ტყუილები მიყვარდა. იმდენ ტყუილს ვიგონებდი, ჩემები განცვიფრებული იყვნენ ჩემი გამოგონილი ამბებით. 

მიყვარდა ხეზე აძრომა. ერთხელ ძალიან მაღლა ავცოცდი, ტოტი მომიტყდა და ძირს დავეხეთქე. არ ვიცი, როგორ გადავრჩი. სანამ სახლში შევიდოდი, სამჯერ დავვარდი. გული რომ წამივიდა, დედამ მერეღა დამიჯერა. ეგონა, ისევ ვცრუობდი. ერთხელ მეტროს ვაგონის კარში მომყვა თავი. ტანი გარეთ დამრჩა. დედაჩემი კინაღამ გადაირია, ვაგონშიც ერთი წივილ-კივილი ატყდა, მე კი ვიცინოდი.

გამახსენდა მულტფილმ "აბა, დამაცადეს" მგელი და იმასღა ვფიქრობდი, როგორ მერბინა გვირაბში. ჩემი ოჯახი საოცრად დემოკრატიული იყო და არაფერში მზღუდავდნენ. ყურები რამდენიმე ადგილას გავიხვრიტე, ცხვირში რგოლი გავირჭე, მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდნენ, დედა ფსიქიატრია და იცის, გარდატეხის ასაკში მოზარდებს ახასიათებთ ასეთი უცნაურობები.

KvirisPalitra.Ge- მშობლებზე რას მეტყვი?
- დედაჩემს, თამარ გოჩიტაშვილს და მამას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მამამ ის შემთხვევით ნახა მეტროპოლიტენში და დანახვისთანავე მოეწონა. მეორედ რომ ნახა, გამოელაპარაკა. მოგვიანებით უკვე რუსთაველზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მამას "ლაღიძის წყლების" წინ უყვარდა დგომა. დედაც მეგობრებთან ერთად ჩაისეირნებდა ხოლმე რუსთაველზე და მერე ყველა ერთად მიუყვებოდა გამზირს. მე მამასთან ისე გაშინაურებული ვიყავი, ჩემს მეგობრად მიმაჩნდა და ვოვას ვეძახდი. ერთხელ, კიკეთში ხმამაღლა ვთქვი, - ყველას მამა რომ მოდის აქ, მეც მინდა მამაჩემმა მომაკითხოს-მეთქი. გაოცებულებმა პირი დააღეს. დედაჩემი სად წასულიყო, აღარ იცოდა. აბა, ვოვა ვინააო? - მკითხეს. ვოვა ვოვაა-მეთქი! მამას დედა ისე უყვარდა, რომ ყოველდღე სამსახურამდე ფეხით მიაცილებდა.

დამშვიდობებისასაც კოცნიდა და შეხვედრისასაც. დედას თანამშრომლებს ერთხანს ის მისი საყვარელიც კი ეგონათ. მამა კინომცოდნე იყო, ძველ კინოსტუდიაში მუშაობდა. სულ კინოში დაგვატარებდა ხოლმე. უმძიმესი აღმოჩნდა ჩემთვის მისი სიკვდილი. 41 წლის იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა და სამ დღეში მოკლეს. მახსოვს, მამა რომ ჩამოასვენეს, დედა სამსახურში იყო, არც არაფერი იცოდა. მე მაშინ 14 წლის ვიყავი. საშინლად ვნერვიულობდი, ოთახში ვიმალებოდი, არ მინდოდა, დედის პირველი რეაქცია დამენახა და მისი ხმა გამეგო. არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. სულაც არ არის ასე.

მერე უფრო გრძნობ უახლოესი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს.  სიკვდილის მერეც სულ ველოდებოდი, მეგონა, კარს შემოაღებდა და ისევ წამიყვანდა კინოში. ერთხელ ვიღაცამ დარეკა ჩვენთან. ყურმილი მე ავიღე. ისე ჰგავდა მამაჩემის ხმას, რომ ცუდად გავხდი. მამაჩემისთვის სულერთი იყო, რას წარმოადგენდა ადამიანი, მეეზოვე იყო იგი, ექიმი თუ დამლაგებელი. შეეძლო, საერთო ყველასთან გამოეძებნა. მეც ასეთი ვარ. ჩემთვის უცხოა სნობიზმი. მამასავით მეც მაქსიმალისტი ვარ. ბოლომდე გადავეშვები ხოლმე გრძნობაშიც და საქმეშიც, ზოგჯერ უკიდურესობაშიც ვვარდები...

- ასეთი მაქსიმალიზმი ხშირად გულს ძალიან სტკენს ხოლმე ადამიანს. როცა იმედი გაგცრუებია, როგორ გადაგილახავს ეს ბარიერი?
- იმედიც გამცრუებია და ტკივილიც მიგემია, მაგრამ დეპრესია არასოდეს მომრევია. დარდის დაძლევაში კი ჩემი საქმე მეხმარება. როლის თამაშისას იმდენად ვიხარჯები, ფიქრის დროც აღარ მრჩება. ერთხელ სიცხიანმა ვითამაშე. სპექტაკლი დამთავრდა, ფარდაც დაიხურა და მოცელილი დავეცი.

- როდის მოვიდა მაქსიმალისტ ნანკას ცხოვრებაში პირველი სიყვარული?
- სტუდენტობისას. მიყვარდა ჩემი ჯგუფელი დათუნა გოცირიძე, თუმცა ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. არ მჩვევია, რომ დავინახო ვინმე და ეგრევე დამეძგეროს სიყვარული. ჩვენ ხუთი წელი გვქონდა რომანი, კარგი დრო იყო. ახლა დათუნას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, ულამაზესი ორი შვილი ჰყავს და ძალიან მიხარია.

- მერეც ხომ იყო რამდენიმე რომანი, ყველა ცუდად დამთავრდა?
- ცუდად დამთავრდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ალბათ ასე უნდა დამთავრებულიყო... როცა მეკითხებიან, რატომ არ თხოვდები, შვილი არ გინდაო? კი მინდა, მაგრამ იმისთვის არა, რომ ეს ცხოვრების წესია და აუცილებელია. გათხოვებაც მაშინ იქნება გამართლებული, როცა დიდი სიყვარული მოვა და შვილსაც იმისგან გავაჩენ, ვინც ძალიან შემიყვარდება. მცირეხნიანი რომანი იშვიათად მქონია. როცა ვინმეს ვუყვარდები, ხომ ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ. ვერ გამიგია, მერე რატომ ცდილობენ ჩემს "გადაკეთებას". მე ვერ შევიცვლები, ჩემთვის ჩარჩო მიუღებელია.

- "სიმართლის დროში" მიიღებდი მონაწილეობას და ჩაჯდებოდი წითელ სავარძელში?
- რატომაც არა, მაგრამ მერე ხალხს რომ აღარ ექნებოდა საჭორაო? ამიტომ სჯობს, გავჩერდე და მათ არ მოვაკლო ეს "დიდი სიამოვნება".

ისეთი რაღაცები გამოუგონიათ, სიმართლეს რომ არ გაკარებია, მაგრამ რა ვქნა, პირს ვერ ამოვუკერავ ამდენ ადამიანს. ყველას, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და განიცდის ჩემზე შეთითხნილ საზიზღარ ამბებს, უმორჩილესად ვთხოვ: ნუ დაუგდებს ყურს უცხოს, დამირეკოს და მკითხოს... არ ურჩევნიათ, ჩემგან გაიგონ სიმართლე? ადრე პრეზიდენტსა და ჩემზე იმისთანა ჭორი გაავრცელეს, რომ გაოგნებული დავრჩი.

ერთი თქვენი კოლეგა მოდის და მეუბნება, ვიცი, რომ ბოდრუმში ერთად იყავით და მიშა სააკაშვილი იქ დაგპირდა კარგ სამსახურსო. თურმე ის "კარგი სამსახური" "სიმართლის დრო" ყოფილა. ეს გადაცემა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოდრუმში საერთოდ არ ვყოფილვარ, არც მიშა მინახავს, თუ არ ჩავთვლით ერთ ოფიციალურ შეხვედრას, როცა ხელოვანებს შეხვდა და მეც იქ აღმოვჩნდი. იმ გაზეთმა მაინც დაწერა ეს ჭორი და მოსეირეებს მეტი რა უნდოდათ? მერე ისიც თქვეს, როცა პრეზიდენტი კაფე "მარჯანოვში" იჯდა და ოპოზიცია მიუვარდა, ნანკა კალატოზიშვილი მასთან იყო და ისე შეეშინდა, მაგიდის ქვეშ შეძვრაო.

- თუმცა, მთლად ხალხსაც ვერ გაამტყუნებ, რადგან თავად მოვისმინე პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ამბობდა, ლამაზი მერი თუ გინდათ, ნანკა აირჩიეთო.
- მეც მითხრეს, ასე თქვა პრეზიდენტმაო. გამეცინა, აბა, რა გიპასუხო? მერწმუნე, არ ვიცნობ, ახლოს არც მინახავს. ერთხელ გამოვთქვი აზრი პოლიტიკაზე და ძალიან ვინანე. მაშინ აღვნიშნე, - ზოგი რამ ოპოზიციისა არ მომწონს, ზოგიც ხელისუფლების-მეთქი და გადაირია ორივე მხარე. არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ჩემი აზრის გამოთქმა თუ ასე გააღიზიანებს ხალხს, აღარაფერს ვიტყვი. არ შეიძლება, მტრედები მიყვარდეს და კატა ლეოპოლდი ვიყო? "გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიცხოვროთ მშვიდად", - აი, ესაა ჩემი დევიზი.

- დღეს ნანკა არაა შეყვარებული?
- არა, დღეს "თავისუფალი მოქალაქე" ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ "ის დიდი და ძალიან ლამაზი" გრძნობა არ მსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ მალე 31 წლის გავხდები, თუმცა ვიცი,  აუცილებლად მოვა.

- როგორია ნანკას ჩაცმის სტილი?
- ჩვეულებრივი. არასოდეს მხიბლავდა გადაპრანჭული ჩაცმა-დახურვა. ვგიჟდები ჯინსზე, კეპზე და კედებზე. მიყვარს თავისუფალი და სპორტული სტილი. ეს ალბათ ისევ და ისევ ბავშვობის გამოძახილია. მე ხომ არასოდეს მითამაშია თოჯინებით. ახლა კი, მსახიობი ვარ და ზოგჯერ პროდიუსერები მაფრთხილებენ, -  სპორტულად ჩაცმული არ მოხვიდე ფართიზე ან გადაღებაზე, სირცხვილიაო. მეც ვუსრულებ თხოვნას და ვცდილობ, მაღალი ქუსლები მოვირგო...   

- შენი ოცნების ქვეყანა? სიამოვნებით იცხოვრებდი სადმე სხვაგან?
- არა, მე ჩემს ქვეყანაში ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ ცოტა ხნით ესპანეთში დიდი სიამოვნებით დავისვენებდი. ისე, არც იმ ყბადაღებულ ბოდრუმში გასეირნებაზე ვიტყოდი უარს.
nino
02 სექტემბერი 2010 16:18
ნანკა კარგი გოგოა, ძალიან საყვარელია.
A.K.F.
22 მაისი 2010 13:29
მიშას ვერ დავუწუნებთ გემოვნებას :))) მართლა მაგარი გოგოა ვიზუალურად
ik
21 მაისი 2010 22:11
ასეა, თუ ისეა, ნანკა ჩვენი დროის საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოა! ეტყობა, მისჰკასაც მაგრად ევასება :8)

რუბრიკის სხვა სიახლეები