წვეთი ზურაბ წერეთლის ყოველდღიურობიდან - კვირის პალიტრა

წვეთი ზურაბ წერეთლის ყოველდღიურობიდან

"თავად ვნახე, როგორ წამოსცვივდა კათოლიკოს-პატრიარქს ცრემლები, როცა ეს ქანდაკება ნახა..."

"გუბიდან ამოღებულ წყლის წვეთში ცოცხალ არსებათა მთელი სამყარო ფუთფუთებს. დღე-ღამე წვეთია, ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოღებული და მთელი სამყაროს მშვენიერებათა და პოეზიით სავსე სურათებს შეიცავს. ოღონდ თვალი გაახილე და შეხედე!.."

ანდერსენი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე - საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე, თავის მეგობარზე, ზურაბ წერეთელზე გვესაუბრება:

- მე და ზურა წერეთელი რკინიგზის მე-7 საშუალოში ვსწავლობდით. ზურა დედის მხრიდან მენათესავება, მაგრამ სკოლაში სიახლოვე არ გვქონია... ჩვენ 70-იან წლებში დავახლოვდით ბიჭვინთაში, როცა ზურა ბიჭვინთას აფორმებდა და მე იქ დასასვენებლად ჩავედი... პირველი წარმატება ბიჭვინთის გაფორმებამ მოუტანა. შემდეგ იყო ადლერის საბავშვო სანატორიუმის გაფორმება, რის გამოც სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

რამდენიმე წლის წინ საკავშირო კულტურის მინისტრმა საქართველოს კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანს დაურეკა და აცნობა, ლონდონიდან ჯგუფი ჩამოდის და ფერდინანდ ლორთქიფანიძე დახვდესო. სტუმრები "ძველ მეტეხში" დავაბინავეთ. 9 აპრილის ავბედითი დილა თენდებოდა. ჩვენი სტუმრები თურმე მეტეხიდან ხედავდნენ, როგორ მოემართებოდნენ ტანკები თბილისის ცენტრისკენ. სტუმრების თბილისში ყოფნა მოსახლეობამაც შეიტყო და მთხოვეს, ვიდეოფირი, რომელზეც 9 აპრილის ამსახველი კადრები იყო, მათთვის გადამეცა.

KvirisPalitra.Geვიდეოფირი რომ გადავეცით, ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, როგორც კი ჩავალ, ყველაფერს მარგარეტ ტეტჩერს ვაჩვენებო. რატომღაც დავეჭვდი და ამ ქალბატონის ვინაობა ვიკითხე. ინგლისის ლორდთა პალატის ვიცე-სპიკერის მეუღლეაო, მიპასუხეს.

ქალბატონმა პირობა შეასრულა, ჩასვლისთანავე ფოტოები და ვიდეოფირი გადასცა მარგარეტ ტეტჩერს. გვახსოვს, თუ რა მკაცრად გამოეხმაურა იგი 9 აპრილის მოვლენებს, რაც შემდეგ მსოფლიო მედიამ აიტაცა.

ზურა და მე ლონდონში იმ ქალბატონის მიწვევით ჩავედით. იქ, სასტუმროში ისეთი რამ მოხდა, რომ ზურა ამას ყველა თავყრილობაზე ჰყვებოდა... სასტუმროში პასპორტები რომ გავუწოდეთ, მე ჩემი გვარის გამო ლორდად ჩამთვალეს და ჩემთვის აპარტამენტი გამოყვეს პატარა აუზით, ზურას კი ერთი ნომერი მისცეს. როცა ზურასთან ჩავედი, ცხადია, უხერხულობა ვიგრძენი და შევთავაზე ნომრების გაცვლა. არ დამთანხმდა. იქ ორი კვირა ვიყავით.

ზურა იცინოდა, ფერდინანდს სამეფო აპარტამენტები მისცეს, მე კი "ლეჟანკაზე" მეძინაო. "ლონდონ თაიმმა" ზურას ორგვერდიანი სტატია უძღვნა და ჩემ შესახებ იქ ასე ეწერა, ზურა წერეთელს ფინანსური განმკარგულებელი ახლავს - ლორდი ქიფანიძეო...

70-იან წლებში ზურა აფორმებდა საბჭოთა კავშირის საელჩოს იაპონიაში. იმ პერიოდში რუსმა მეზღვაურმა იაპონელი გოგონა გააუპატიურა. ცხადია, ამ ინციდენტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ზურამ შეძლო საბჭოთა კავშირის საელჩოს უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანა. განაცხადა, ნახეთ, რას წერდა იაპონური პრესა 10 წლის წინ, როდესაც საბჭოთა ტურისტმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით იაპონელი გოგონა გადაარჩინაო...

ძველი გაზეთები მოიძიეს და ვნებათაღელვამაც იკლო. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: იაპონიაში გემ "ორჯონიკიძით" მივდიოდით. ღამით ბაქანზე ვიდექი, როცა პოლიციელი მოვიდა და რაღაც მანიშნა. შევხედე, წყალში რაღაც ფართხალებდა და დაუფიქრებლად გადავხტი. ნახევრად გონებადაკარგული გოგონა მხარზე მოვიკიდე და მივცურე ნავსაყუდელთან. იაპონიაში ამის შესახებ ბევრი დაიწერა და ქალაქ ოსაკის საპატიო მოქალაქის წოდებაც მომანიჭეს. იქაურმა პრესამ კი ასე მომიხსენია, - ლორდ ფერდინანდ ქიფანიძე...

ინგლისში ერთმა პიროვნებამ მე და ზურა თავის ოფისში მიგვიწვია და გვთხოვა, სასმელების დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა. რამდენიმე ისეთი შამპანური დავაგემოვნეთ, რომელიც მსოფლიო ათეულშია შესული. შემდეგ რესტორანში დაგვპატიჟა. შემთხვევით მენიუში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ რვაასდოლარიანი შამპანურით გვიმასპინძლდებოდა... შოტლანდიური ვისკი მოვითხოვეთ. დავიწყეთ სმა, მაგრამ ჩვენს მასპინძელს სასმელი ოდნავაც არ ეკიდებოდა.

თვალწარმტაცი გოგონაც მოვიდა და თბილად მოგვესალმა. ჩვენმა მასპინძელმა ბიჭმა გვითხრა, მამამ ანდერძი დაგვიტოვა და მისი გარდაცვალების შემდეგ რომ გავხსენით, ეწერა, რომ ქართველი ყოფილა, კახეთიდან. ამ ბიჭს ქართველობის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ და-ძმა რომ ასე სვამდა, ამაში ჩანდა მათი კახური წარმომავლობა. მამა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, შემდეგ უცხოელ ქალბატონზე დაქორწინებულა და იმის შიშით, რომ შვილებს რეპრესიები არ შეხებოდათ, ქართველობას მალავდა... ზურამ ის ბიჭი არაერთხელ მოიწვია საქართველოში, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ შეძლო...

ზურა მოსკოვში ნამდვილ სასახლეში ცხოვრობს - ყოფილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შენობაში.

ზურამ მალულად გააკეთა ჩვენი პატრიარქის დაახლოებით ხუთმეტრიანი ქანდაკება, რომელიც მის საგამოფენო დარბაზშია, მის გვერდით დგას რუსეთის პატრიარქის ქანდაკებაც. მეც მოსკოვში ვიყავი იმ დროს და თავად ვნახე, როგორ წამოსცვივდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ცრემლები, როცა ეს ქანდაკება ნახა...

დღე-ღამეში ალბათ ხუთი საათი თუ სძინავს. სპორტსაც მისდევს, განსაკუთრებით ჩოგბურთი უყვარს. ეს ლუჟკოვის დამსახურებაა. ისინი მეგობრები არიან და ერთად ხშირად თამაშობენ. ძალიან ხშირად გვაქვს ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი. საწყენია, რომ ასეთი გენიალური პიროვნება დღეს საქართველოში აღარ ჩამოდის. თავისი ქვეყანა ძალიან ენატრება და ბევრი გეგმა აქვს. ელიას მთაზე, მისი თაოსნობით მალე გაიხსნება უნიკალური მუზეუმი საქართველოს ისტორიის შესახებ...

(იბეჭდება შემოკლებით) ჟურნალი "ბომონდი",

მაისის ნომერი

მანანა გაბრიჭიძე